skip to content
ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 51–ე რაუნდი, კოვიდ-19-ის პანდემიისა და მოსკოვის უარით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 10-11 დეკემბერს გაიმართა.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა დაამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

თბილისის პოზიცია

ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ განხილვის მთავარ თემას „კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის პირობებში ადგილზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა“.

საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება და აღნიშნა, რომ ის „საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სივრცეში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება“.

ამ კონტექსტში, ქართული მხარე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვას, რაც „ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად“ შეფასდა.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ დასვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი და მოითხოვა ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი, საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. შეხვედრაზე კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. „ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამედიცინო ევაკუაციის ეთნიკურ ნიადაგზე შეზღუდვის ფაქტებზე, რამაც ადგილობრივთა გარდაცვალების არაერთი ფატალური შემთხვევა გამოიწვია“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, საშიშ ტენდენციად შეაფასა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული რუსიფიკაციის პროცესი და კვლავ აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფის აუცილებლობა.

განცხადების თანახმად, ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, ასევე სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე.

ფასილიტატორებმა და საქართველოს დელეგაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი დააყენეს. „თუმცა რუსეთისა ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის პოზიციები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო „კონსტრუქციული მიდგომის“ დემონსტრირება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების განხილვისას.

„ამ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში. მისი აქტუალურობა განსაკუთრებით იზრდება საქართველოსა და რეგიონში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო აქტივობის ზრდის გათვალისწინებით“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

აღნიშნა რა, რომ მონაწილეებმა გამყოფი ხაზების გასწვრივ არსებულ ვითარებას „ზოგადად მშვიდი“ უწოდეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემდგომი სტაბილიზაცია „საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციას“ მოითხოვს.

სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად არსებული სტაბილურობისა, კრიზისის პოტენციალი „კვლავ საკმაოდ მაღალია“ და მოუწოდა ყველა მხარეს, რომ თავშეკავება გამოიჩინონ და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში, მათ შორის, ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში დიალოგის გზით გამონახონ საერთო ენა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ამის „მაგალითად“ გამოდგება და რომ ის „ოპტიმიზმს ნერგავს“ და ორიენტირებს უზრუნველყოფს დიალოგის სხვა ფორმატების მუშაობისთვის.

სოხუმის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მხარეებმა განიხილეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება, როგორც ჟენევის დისკუსიების „დღის წესრიგის ძირითადი და ყველაზე აქტუალური საკითხი“. აფხაზეთის დელეგაციამ ხაზი გაუსვა დანარჩენი საქართველოდან „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ფაქტებს, რასაც „უამრავი დაპატიმრებები“ მოჰყვება.

სოხუმმა დაინტერესება გამოხატა IPRM-ის გალის შეხვედრების აღდგენის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ იქ „საერთო ინტერესის“ მქონე საკითხები იქნება განხილული.

ცხინვალის მონაწილეებმა შეშფოთება გამოხატეს თბილისის ნატოსთან დაახლოების გამო და აღნიშნეს, რომ „საქართველოს მილიტარიზაცია“ და საქართველოს ტერიტორიაზე „ალიანსის სამხედრო ყოფნის გაფართოება“ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

მათ თბილისი ცხინვალის დისკრედიტაციის მიზნით საერთაშორისო მასშტაბით გამოყენებული „პროპაგანდისა“ და თრუსოს ხეობაში ეთნიკური ოსების უფლებების „უხეში დარღვევის“ გამო გააკრიტიკეს.

აშშ-ის პოზიცია 

ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის დელეგაციამ „სინანული გამოხატა 2019 წლის სექტემბრიდან გამშვები პუნქტების ჩაკეტვით გამოწვეული ჰუმანიტარული პრობლემების, ასევე დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებების გამო“.

აშშ-მა „იმედგაცრუება“ გამოხატა კორონავირუსის კრიზისის ფონზე ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლების გასწვრივ ღობეების და სხვა ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით და იმავდროულად მზადყოფნა გამოთქვა, იმუშაოს ჟენევის დისკუსიების მონაწილეებთან „პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესამსუბუქებლად“.

აშშ-ის დელეგაციამ საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონების აქტიური მონაწილეობით მიმდინარე რუსული სამხედრო ქმედებები გააკრიტიკა, რაც „დესტაბილიზაციას“ იწვევს.

რაც შეეხება სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილ ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამას, აშშ-მა ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკური დაპყრობის ხელშეწყობა, რომლის მიზანიც „ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის მმართველობის სტრუქტურებში გაერთიანებაა“.

მიესალმა რა ჟენევის დისკუსიების და ერგნეთის IPRM-ის შეხვედრების განახლებას, აშშ-ის დელეგაციამ არსებული მოლაპარაკებების პლატფორმების სრულად გამოყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი „არსებული უთანხმოებების მოგვარების“ მიზნით. აშშ-მა იმედი გამოთქვა, რომ გალის IPRM-ის შეხვედრებიც „უახლოეს მომავალში“ აღდგება.

განცხადება ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ აშშ მიესალმა „საქართველოს მიერ 2010 წელს აღებულ ცალმხრივ ვალდებულებას, რომ არ გამოიყენოს ძალა საკუთარი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“.

აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატა „სრული მხარდაჭერა“ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, „მის სააერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა კომუნიკე გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, მათმა საერთო ძალისხმევამ „საშუალება მისცა მონაწილეებს, რომ უსაფრთხოებასა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები უკეთ განეხილათ“.

განცხადების თანახმად, მონაწილეებმა უსაფრთხოების კუთხით ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს როგორც „შედარებით მშვიდი და სტაბილური“. მონაწილეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში არსებული სიტუაცია, მოქალაქეების დაკავების შემთხვევები, გაუჩინარებული პირები და ხაზი გაუსვეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მიერ საარსებო წყაროებზე წვდომის მნიშვნელობას.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ დევნილთა და ლტოლვილთა საკითხები ვერ იქნა განხილული, ვინაიდან „ზოგიერთმა მონაწილემ ჯგუფის შეხვედრა დატოვა“.

დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს პირადად შეხვედრების მნიშვნელობას და მხარი დაუჭირეს დიალოგის გაგრძელებას, რომლის მიზანიც კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ასევე დაძაბულობისა და პოტენციური გაუგებრობების განმუხტვაა. მათ მონაწილეებს ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენისკენ მოუწოდეს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის უზრუნველყოფასთან ერთად.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ IPRM-ის ერგნეთის შეხვედრების განახლებას, რომლის ორი შეხვედრაც წელს გაიმართა და გალში ანალოგიური შეხვედრების აღდგენის საჭიროებას გაუსვეს ხაზი.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს დაიგეგმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button