skip to content
ახალი ამბები

თბილისი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ჩაშლას რუსეთს აბრალებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო შეშფოთება გამოხატა. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 6-7 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის უარი დისკუსიებში მონაწილეობაზე „ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით“.

საგარეო უწყებამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, „დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“.

სამინისტრომ ასევე მიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს – ევროკავშირს, გაეროსა და ეუთოს, „ქმედითი ზომები მიიღონ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელშესახები პროგრესის მიღწევის მიზნით“.

თავის მხრივ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან – ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და რუდოლფ მიხალკამ, „სინანულით“ აღნიშნეს, რომ დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვა ვერ მოხერხდა, რადგანაც დასწრების შესაძლებლობა მის ყველა მონაწილეს არ ჰქონდა.

თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ „პირისპირ შეხვედრები უსაფრთხოების ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ძალზედ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რეგიონში არსებული შემაშფოთებელი მოვლენებისა და მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე“.

თანათავმჯდომარეების განცხადებით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 2020 წლის დეკემბრამდე გადაიდო.

ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდი 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა, მორიგი, 51-ე რაუნდი თავდაპირველი გეგმებით 31 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მაშინაც გადაიდო.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 12 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button