ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 126-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში 21 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 126-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ „მკაცრად“ მოითხოვეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების დასჯა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ყველა მონაწილის უწყვეტ ერთგულებას ფორმატის მიმართ. მათ ხაზი გაუსვეს მის გადამწყვეტ როლს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებაში.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  და ეუთოს წარმომადგენელმა თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი წუხილი დაკავებების განგრძობადი პრაქტიკის გამო. მათ ასევე მხარი დაუჭირეს გადაადგილების თავისუფლების ზრდას, რომელიც ხელს შეუწყობს ოჯახურ შეხვედრებს ზაფხულის განმავლობაში“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, სიტუაცია საოკუპაციო ხაზის მიღმა „სტაბილური, მშვიდი და პროგნოზირებადი“ რჩება. ცხინვალმა კიდევ ერთხელ დააყენა ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი.

IPRM-ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება.

This post is also available in: English

Back to top button