ახალი ამბები

სტრასბურგში საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ ორი სარჩელი შევიდა

Tags

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ ორი სარჩელი შევიდა. ერთი სარჩელის ავტორი იუსტიციის სამინისტრო მეორე სარჩელის ავტორი კი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიაა“.

იუსტიციის სამინისტროს მიერ 22 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოთაშორისი სარჩელი სახელწოდებით – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 21 აგვისტოს შევიდა. უწყება რუსეთის ფედერაციას 2008 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის „მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციული პრაქტიკის“ გახშირებას ედავება.

საქართველო ევროპული სასამართლოსგან რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევის დადგენას ითხოვს. კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები ირღვევა: მე-2 მუხლი – სიცოცხლის უფლება, მე-3 მუხლი – წამების აკრძალვა, მე-5 მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მე-8 მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, მე-13 მუხლი – სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება.

ასევე,  პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და  მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება). იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ დარღვევებს დისკრიმინაციული მოტივი აქვს და მიზნად ეთნიკური ქართველების კიდევ უფრო მეტად შევიწროებასა და დაშინებას ისახავს.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგინა და „საჩივარში მკაფიოდ დააყენა რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უფლებების დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკისთვის“.

უწყებისავე განმარტებით, სხვა საქმეებთან ერთად, საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობების საქმეებს ეთმობა. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ დანაშაულები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა ჩადენილი, თუმცა „საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, სრულად დაადგინოს ყველა გარემოება და პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი“.

ამ დრომდე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი ჰქონდა წარდგენილი. პირველი დავა, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხებოდა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე დავაზე კი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.

22 აგვისტოს, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიის“ სახელით საქართველოდან სტრასბურგში კიდევ ერთი სარჩელი – „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ“ შევიდა. „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, სარჩელს ცენტრის დაკვეთით საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარებული 87 გვერდიანი კომპლექსური ექსპერტიზა ახლავს. მისივე თქმით, ექსპერტიზამ ცალსახად დაადგინა, რომ არჩილ ტატუნაშვილი „წამების სხვადასხვა მეთოდებით აწამეს და სიკვდილის მიზეზი გახდა წამება“, კერძოდ – სასტიკი ცემა.

მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის, თავის და სასქესო ორგანოების არეში, დაზიანებები ხელკეტებით აქვს მიყენებული, რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია „ტრავმული ნეიროგენული შოკი, რომელმაც მიგვიყვანა გულის სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამდე და დადგა ადამიანის სიკვდილი“.

ემპათიის ხელმძღვანელის განცხადებით, სტრასბურგში წარდგენილ სარჩელში, ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების არგადმოცემის საკითხი, სხვა ხელისშემშლელ პირობებთან ერთად, „კვალიფიცირებულია, როგორც არაადამიანური მოპყრობა ოჯახისადმი“.

ცენტრი „ემპათია“ რუსეთის ფედერაციას ევროკონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ედავება. ცენტრში დარწმუნებულები არიან, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ტატუნაშვილის მხარის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს და რუსეთის ფედერაციას კომპენსაციის გადახდისა და აღნიშნული საქმის „ეფექტიანი“ გამოძიების ვალდებულებას დააკისრებს.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს ახალგორში დააკავეს. ის ცხინვალის საგამოძიებო იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართულ მხარეს ერთი თვის შემდეგ გადმოეცა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button