Placeholder canvas
ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდი

10-11 დეკემბერს, გაიმართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 50–ე რაუნდი.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 11 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

თბილისის პოზიცია

ჟენევის დისკუსიების 49-ე რაუნდის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ „განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ „მწვავედ დასვა“ ბოლო დროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით „უკიდურესად გართულებული“ ვითარების საკითხი.

„აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებს, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს – მავთულხლართების აღმართვას, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას და გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს, რის კულმინაციასაც წარმოადგენდა ექიმი გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება“, – განმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, „ბოლო დროს გახშირებული პროვოკაციების ფონზე ხაზგასმით აღინიშნა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით აღდგენის აუცილებლობა“.

„განსაკუთრებულად აღინიშნა გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილი რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე დაწესებული შეზღუდვებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების კონტექსტში“, – განმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ოკუპირებულ გალის რაიონში დაახლოებით 40 ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრებს, რაც პრაქტიკულად რაიონის მთლიან მოსახლეობას შეადგენს.

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში კი 2500 ქართველი ცხოვრობს, რაც რაიონის მოსახლეობის 55.5%-ია.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის მძიმე შედეგებს“.

საგარეო უწყების განცხადებით, მოლაპარაკებების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და შევიწროებაზე. „საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხი, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიზანმიმართული რუსიფიკაციის ნაწილი“, – განმარტეს სამინისტროში.

სამინისტროს განმარტებით, კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.

საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით“. ქართველმა მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა, გააქტიურებული მილიტარიზაცია და მუდმივი სამხედრო წვრთნები წარმოადგენს რუსეთის მიერ ძალის გამოყენებასა და მუქარას საქართველოს წინააღმდეგ“.

რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის პოზიციები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა „საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვართან არსებული დაძაბულობის გამო“, განსაკუთრებით სოფელ წნელისის მიდამოებში.

რუსულმა დელეგაციამ კვლავ მოუწოდა მხარეებს, რომ „გამოიჩინონ თავშეკავება, ეძებონ სადავო საკითხების მოგვარების გზები, პირველ რიგში, ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში“, ასევე – „სწრაფად დაიწყონ მოლაპარაკებები საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის სასაზღვრო თემატიკაზე“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „მოლაპარაკებების ფარგლებში, გაეროს შუამავლობით, რუსეთ-საქართველო-აფხაზეთის სამმხრივ ფორმატში, შედგა მასალების გაცვლა კვარაცხელიას საქმეზე“.

სოხუმის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად მათი მზადყოფნისა, ემუშავათ „ყველა საკვანძო საკითხზე“ და ეპოვათ ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის გზები, აფხაზური მხარის წინადადებებს ქართული მხრიდან  „სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია“.

ცხინვალის წარმომადგენლებმა კი, ძირითადი ყურადღება ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს და მოუწოდეს თბილისს, „გააუქმოს უკანონო საგუშაგო, გაიყვანოს ქართველი სამართალდამცველები საქართველოს ტერიტორიაზე და განიხილოს ჩორჩანასა და წნელისს შორის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონის შექმნის შესაძლებლობა“.

ცხინვალის წარმომადგენლებმა აღნიშნეს არსებულ ვითარებაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების მნიშვნელობა და გამოთქვეს მზადყოფნა, გაარძელონ მუშაობა ამ ფორმატში. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ აუცილებელია დაიწყოს ერთობლივი მუშაობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს „სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაცია.

აშშ-ის პოზიცია

აშშ-ის მისიამ ჟენევაში პრესისთვის განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დელეგაციამ „განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო და გაიმეორა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებები მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე“.

შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოთქვა შეშფოთება „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის გადაკვეთაზე დაწესებული დამატებითი შეზღუდვების“ და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესების გამო, რაც გამშვები პუნქტების ჩაკეტვას მოჰყვა.

„შეერთებული შტატები მოითხოვს ბორდერიზაციის, თვითნებური დაკავებებისა და გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვების დაუყოვნებლივ დასრულებას და მოუწოდებს შესაბამის ხელისუფლებებს, მისცენ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეუზღუდავი წვდომა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის დელეგაცია მიესალმა რუსეთსა და საქართველოს შორის კვარაცხელიას საქმეზე ინფორმაციის გაცვლას და „კვლავ მოუწოდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის გარდაცვალების გარემოებების შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის წარმოდგენისკენ და გამოთქვა სრული მხარდაჭერა უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეების გამოძიების მიმართ“.

შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლებმა „კიდევ ერთხელ თქვეს უარი იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვაზე“ და დატოვეს შეხვედრა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა კომუნიკე გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, „მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სფეროს საკვანძო საკითხები გადაუჭრელი რჩება, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მონაწილეთა ჩართულობამ ხელი შეუწყო შედარებით სტაბილური ვითარების შექმნას“.

„ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ადგილზე ვითარება გაუარესდა და დღის წესრიგის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეთა განსხვავებული პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცდა“, – განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა და აღნიშნეს, რომ 2019 წლის აგვისტოდან ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე „უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევები“ შეიქმნა.

„ადამიანები კვლავაც განიცდიან სირთულეებს. გადაადგილების თავისუფლების კუთხით აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვები რამდენჯერმე დაწესდა. წელს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტები ხუთი თვეა ჩაკეტილია. ეს იწვევს ინციდენტების, მათ შორის, დაკავებების რაოდენობის ზრდას“, – ნათქვამია კომუნიკეში.

თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი საქმიან გარემოში გაიმართა, ის ზემოაღნიშნული გამოწვევების გამო დაიჩრდილა“.  მათივე განცხადებით, ისევე, როგორც წინა რაუნდებზე, „შეუძლებელი გახდა დევნილთა საკითხზე დისკუსიების დასრულება, რადგანაც ზოგიერთმა მონაწილემ ჯგუფის შეხვედრა დატოვა“.

თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მოლაპარაკებების მონაწილეებს, შეამცირონ დაძაბულობა ცხინვალის საოკუპაციო ხაზზე, გახსნან გადასასვლელი პუნქტები, გაათავისუფლონ დაკავებულები და კონსტრუქციულად ჩაერთონ როგორც ჟენევაში მიმდინარე დიალოგში, ისე გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2020 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

10/10/2019 – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდი

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button