ახალი ამბები

ბჟანია პუტინთან შეხვედრაზე, აიბგას გარშემო არსებულ უთანხმოებასა და ყარაბაღის გაკვეთილებზე

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ 17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან 12 ნოემბერს გამართული შეხვედრის, სასაზღვრო სოფელ აიბგას გარშემო არსებული უთანხმოებისა და მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ბჟანიას თქმით, პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ დახურული სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენის თაობაზე.

„იგი [პუტინი] იზიარებს ჩვენს მიდგომას და უკვე გასცა შესაბამისი მითითებები“, – განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ 17 ნოემბერს აფხაზეთში მოლაპარაკებისთვის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ოლეგ სტორჩევი ჩავიდა.

აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრაზე მათ ოკუპირებული რეგიონის გაზიფიკაციის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა შესაბამის ორგანოებს ამ საკითხის შესწავლა დაავალა.

უთანხმოება სოფელ აიბგას გარშემო

ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მათ სოფელ აიბგას გარშემო არსებული დიდი ხნის უთანხმოებაც განიხილეს. ორად გაყოფილი სოფელი მდინარე ფსოუს ორივე ნაპირზე მდებარეობს. ერთი მხარე რუსეთს ეკუთვნის, ხოლო მეორე საქართველოს აფხაზეთის რეგიონს.

„რუსეთი არ აპირებს აიბგას ტერიტორიის ანექსიას და სოხუმი და მოსკოვი ამ საკითხს ისე მოაგვარებენ, როგორც ახლო მოკავშირეები“, – აღნიშნა ბჟანიამ.

მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთისა და რუსეთის „საზღვრის დაცვის სამსახურები“ სოფლის ორი ნაწილის დამაკავშირებელ დაკიდულ ხიდზე მოძრაობას გააკონტროლებენ, რათა ადამიანებისა და ტვირთების „უკანონო“ ტრანსპორტირება აღკვეთონ.

„მე მოვუყევი მას [პუტინს], რაც ვიცოდი სოფელ აიბგას შესახებ იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რაც აფხაზურ მხარეს აქვს. მან ეს ინფორმაცია მხედველობაში მიიღო“, – განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ რუსეთი ტერიტორიის დეფიციტს არ განიცდის და „მშვიდი განხილვის“ დროს, პუტინი მას დაჰპირდა, რომ ამ საკითხს „სამართლიანად და კანონიერად“ გადაწყვეტს.

ბჟანიასა და პუტინის შეხვედრას წინ უძღოდა პოლიტიკური დაძაბულობა აფხაზეთში რუსეთის მიერ სოხუმთან შეთანხმების გარეშე სოფელ აიბგას ადლერის რაიონთან დამაკავშირებელი დაკიდული ხიდის „უკანონო“ მშენებლობის თაობაზე. ოპოზიციამ მოუწოდა ბჟანიას, რომ ეს საკითხი პუტინთან შეხვედრის დროს დაეყენებინა.

სოფელ აიბგას თემა 2019 წელს, დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აიბგას მთა მიიერთა, რომელსაც მანამდე სოხუმის ხელისუფლება აკონტროლებდა. აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დაურ კოვემ მაშინ ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე „აფხაზეთ-რუსეთის სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისია მუშაობას განაგრძობს“.

„ყარაბაღის გაკვეთილები“

ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ყარაბაღის ომმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის რუსეთთან ურთიერთობების გაძლიერება. მისი თქმით, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა გადამწყვეტი მიზნებია.

„ჩვენ გლობალური მოუგვარებელი პრობლემა გვაქვს საქართველოსთან. გარკვეული ანალოგები არსებობს აზერბაიჯანის ყარაბაღთან და საქართველოს ჩვენთან ურთიერთობებს შორის. ამ ფონზე, აშკარაა, რომ ისტორიის ამ ეტაპზე, ასევე მომავალში, აფხაზი ხალხის ინტერესების დასაცავად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ალიანსი რუსეთთან“, – განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს შეადარა და განაცხადა, რომ ამ ორ მოვლენას შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება სამხედრო სფეროს თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებაა.

ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოების შესახებ საუბრისას, ბჟანიამ საქართველოს სამხედრო პოტენციალისა და ამგვარი შესაძლებლობებიდან მომავალი შესაძლო საფრთხეების შესახებ „ღია წყაროები“ მოიშველია. მან ისევ აზერბაიჯანთან გაავლო პარალელი და განაცხადა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მისმა არმიამ ტრანსფორმაცია განიცადა და დასძინა: „კარგია, რომ სამხრეთ კავკასიაში არის ისეთი ძლიერი ფაქტორი, როგორიც რუსეთის ფედერაციაა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button