Placeholder canvas
ახალი ამბები

კორონავირუსის გამო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები გადაიდო

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა გაეროდან ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუმ, რუდოლფ მიხალკამ და ტოივო კლაარმა კორონავირუსის გამო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. მოლაპარაკებები 31 მარტი-1 აპრილს უნდა გამართულიყო.

16 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში თანათავმჯდომარეებმა განმარტეს, რომ გადაწყვეტილება „COVID-19-ის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშრებული გარემოებების გულდასმით გადახედვის შედეგად მიიღეს“.

„თანათავმჯდომარეები ყველა ღონეს იხმარენ, რომ შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი და ჩართულობა მოლაპარაკებების თანამონაწილეებთან, რათა ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრისთვის მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენონ“, – ვკითხულობთ რელიზში.

თანათავმჯდომარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი „ყურადღებით დააკვირდებიან COVID-19-თან დაკავშირებული მოვლენების განვითარებას და უახლოეს მომავალში დისკუსიების 51-ე რაუნდის გასამართად საჭირო სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 11 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button