სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლა, არც სასჯელი გადაუვადა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ 6 თებერვალს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ გაათავისუფლა და არც სასჯელი არ გადაუვადა.
„მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!“, – დაწერა Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და „საგანგებო რეჟიმზე“ გადადის. ამის შემდეგ, ენმ-ის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა, ვაკეში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ხანმოკლე აქცია გამართეს. მორიგი საპროტესტო აქცია, 7 თებერვალს, 17:00 სთ-ზეა დანიშნული.
„ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, მეტს ვერაფერს გეტყვით, რამდენად სწორია, არასწორია, ეს არის სასამართლოს განსჯადი“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს და „ვიღაცის თვალის ასახვევად“ ლობისტებში „დიდი ფულის გადაყრას“, სჯობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჭამისკენ მოუწოდონ.
„თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უბრალოდ მას მოუწოდონ, რომ საჭმელი შეჭამოს, თუკი რაღაც რაოდენობას არაკალორიულს ჭამს, კალორიულიც მოუწოდონ რომ შეჭამოს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „თუკი კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა, რომ მოატყუოს სახელმწიფო და თავი დაიცვას მართლმსაჯულებისგან, ეს არ გამოვა“.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ დასკვნის საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით, სასამართლოს 2022 წლის 1 დეკემბერს მიმართეს. სასამართლო საქმეს 2 თვის განმავლობაში განიხილავდა, რა დროსაც არაერთი უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტი გამოიკითხა, რომლებიც სააკაშვილის სხვადასხვა მძიმე დიაგნოზზე საუბრობდნენ, მათ შორის იყო დემენცია და კახექსია.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/02/2023 – ევროპარლამენტში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საგანგებო დებატები გაიმართა
- 08/12/2022 – ევროკავშირი: საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
- 06/12/2022 – ყოფილი ქართველი დიპლომატები სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ
- 05/12/2022 – მოლდოვის პრეზიდენტი „ღრმად შეშფოთებულია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო
- 26/11/2022 – არასამთავრობოები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)