ევროპარლამენტში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საგანგებო დებატები გაიმართა
ევროპარლამენტში 2 თებერვალს პატიმრობაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო დებატები გაიმართა, რომლის ინიციატორიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იყო.
გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით და რომ მის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ევროკომისარმა ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს, როგორც სააკაშვილის სასამართლო მოსმენებს, ასევე მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის შეშფოთება არაერთხელ დაფიქსირდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე ევროკავშირის ელჩის შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრთან, ისევე როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზე გასული წლის 29 სექტემბერს. მან ასევე განაცხადა, რომ „სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის უფლება სასამართლოში უნდა იყოს დაცული, მათ შორის, უფლება, რომ პირადად იყოს წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე“.
ევროკომისარმა ეს საქმე საქართველოს დაპირებას დაუკავშირა, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, როგორიცაა ყველა დაკავებულის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და ადექვატური სამედიცინო მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ისევე როგორც საქართველოში ხელმისაწვდომი მკურნალობის ადეკვატურობა სხვადასხვა მხარის მიერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. იოჰანეს ჰანის თქმით, მას მიაჩნია, რომ ყველას ინტერესშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციის ჩართულობა. ევროკომისარმა დასძინა, რომ „ევროკავშირი კვლავაც მზადაა ქართველ პარტნიორებს ამ საკითხში დაეხმაროს“.
ანალოგიური პოზიცია სხვა გამომსვლელებმაც დააფიქსირეს და ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა, რომ „ყველა საჭირო ზომა განახორციელოს სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად“.
ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ღიად დაგმო საქართველოს მთავრობის ქმედებები სააკაშვილის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით და მათ „სამარცხვინო“ უწოდა. მისივე თქმით, ამგვარი ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ხელისუფლების განცხადებებს ევროპული მისწრაფებების შესახებ. ლექსმანის თქმით, „თამაშები, ხრიკები და შეფერხებები უნდა შეწყდეს“ და ყველა საჭირო ზომა უნდა იქნას მიღებული, რათა არ დაუშვან ყოფილი პრეზიდენტის „სიკვდილი ციხეში“. მან ჰანის მოსაზრება გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი, თუ სააკაშვილს რამე დაემართება.
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სააკაშვილის საქმეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში შეეხო. გრეგოროვამ ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, რომ „ფოკუსირება მოახდინოს იმ პოლიტიკურ ქულებზე, რომლებსაც კარგავენ და არა იმ ქულებზე, რომლებიც სააკაშვილის ციხეში გაჩერებით შეიძლება მოიპოვონ“. მას ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა მხედველობაში.
თავის მოკლე გამოსვლაში ანა ფოტიგამ ანალოგიურად მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის. „ის ციხეში კვდება. ეს ძალიან იმოქმედებს საქართველოს მომავალზე“, – აღნიშნა მან.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნისკენ. მისი თქმით, „ოპოზიციის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“.
The critical physical condition of Mikheil Saakashvili is extremely concerning.
Torturing an opposition leader to death is unacceptable for a country that wants to join the European Union??. @SaakashviliM must be immediately released & sent abroad for medical treatment. pic.twitter.com/ZNstr61RUL— Maia Sandu (@sandumaiamd) February 2, 2023
იმავდროულად, ამავე თემაზე განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც საქართველოს ხელისუფლების მეთოდებს სსრკ-ის NKVD-ის მეთოდებს ადარებს და ამბობს, რომ „უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის დეკლარირებულ კურსს ევროკავშირის წევრობისკენ და ეს არის საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვის მტკიცებულება“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, „საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური რეპრესიების გამო საფრთხე ემუქრება“.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/12/2022 – ევროკავშირი: საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
- 06/12/2022 – ყოფილი ქართველი დიპლომატები სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ
- 05/12/2022 – მოლდოვის პრეზიდენტი „ღრმად შეშფოთებულია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო
- 26/11/2022 – არასამთავრობოები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)