
ყოფილი ქართველი დიპლომატები სააკაშვილის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ
ყოფილი ქართველი დიპლომატები და მაღალი საგარეო თანამდებობის მქონე პირები საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ევროკავშირს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს და მათ საპარლამენტო ორგანოებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესების შესახებ ყურადღების მიპყრობის მიზნით მიმართავენ და საკითხზე „რაც შეიძლება მკაცრი რეაგირებისკენ“ მოუწოდებენ.
ხელმომწერები მიმართვაში ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს იშველიებენ, „რაც ავლენს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას“.
ისინი ბოლო პერიოდში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, აგრეთვე ხაზს უსვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს „პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც განუხრელად აუარესებს მის მდგომარეობას“.
შედეგად, ხელმომწრები მედიკოსთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ან დასავლეთ ევროპაში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ გაცემულ „მკაცრ რეკომენდაციაზეც“ ამახვილებენ ყურადღებას.
აღნიშნავენ რა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს უკვე მიმართეს, ყოფილი დიპლომატები ხაზს უსვამენ, რომ მისთვის „საზღვარგარეთ მკურნალობის ნების დართვა იქნება პირველი ნაბიჯი, რაც ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ჩარევის შიშისგან თავისუფალი, დასავლური სტანდარტის კვლევების ჩატარებისა და მკურნალობის საშუალებას მისცემს“.
- 01/12/2022 – მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს
მათივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი რეჟიმის პოლიტპატიმარია“, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ „ის უნდა გათავისუფლდეს“. „როდესაც საქართველო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ევროპის მთელი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, მოვლენათა დღევანდელი განვითარება აბსოლუტურად მიუღებელია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)