Placeholder canvas
ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს „თვითდაზიანების“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 1 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „თვითდაზიანებისკენ“ დგამს ნაბიჯებს. მანვე „რადიკალური ოპოზიცია სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზების მცდელობაში დაადანაშაულა. პარალელულად, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ევროპარლამენტში დებატები დაინიშნა.

რატი ბრეგაძის განცხადება

იუსტიციის მინისტრმა დაგმო მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის შესახებ აქტიური კამპანია და თქვა, რომ ის „არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება“.

რატი ბრეგაძემ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ნათქვამზე დაყრდნობით თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს „არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს“ და რომ მისი „ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში“. „თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს“, – ხაზი გაუსვა მან.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულ უარს ამბობს პარენტერალურ კვებაზე და „აცხადებს, რომ ამგვარ კვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება რეანიმაციულ განყოფილებაში“. მანვე დასძინა, რომ ასეთი კვება სააკაშვილის ამჟამინდელ პალატაშიც არის შესაძლებელი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამგვარი ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა „თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ყელა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფორმით თვითდაზიანების წახალისებითა და მხარდაჭერით არის აქტიურად დაკავებული“, – ხაზი გაუსვა მან.

„…ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა, ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა, ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „კატეგორიულად მიუღებელია“, რომ „პოლიტიკური კამპანიებით“ მიხეილს სააკაშვილის თვითდაზიანებაზე პასუხიმგებლობა სამედიცინო პერსონალზე იქნას გადატანილი.

„ჩვენ ვაკვირდებით სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა საუბრის დასასრულს და დასძინა, რომ „ეს არის საშიში პრეცენდენტი, რომელსაც შეუძლია იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქცევაზე“.

მანვე მოუწოდა ყველას, „შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა, მოუწოდონ მას მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციების შესრულება და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება“.

საერთაშორისო გამოხმაურება

იუსტიციის მინისტრის განცხადება 1 თებერვლის სასამართლო სხდომას მოჰყვა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების საკითხი განიხილება. გუშინდელ სხდომას გარკვეული დროით, დისტანციურად, თავად სააკაშვილიც დაესწრო, რომელმაც წონაში მკვეთრი კლების დასტურად სასამართლოს სხეულის ზედა ნაწილი აჩვენა. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს და მოსმენები ამ დრომდე გრძელდება.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, 1 თებერვალს, ავსტრიის პრეზიდენტთან ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. საგულისხმოა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.

„მინდა, პრესამ ნახოს, რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ საკითხს, რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და რა შედეგები მოჰყვება [ამით] საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიას. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, მათი მიზანია მისი მოკვლა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელსაც ხელში სააკაშვილის ფოტოები ეჭირა ბოლო სასამართლო სხდომიდან.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ Twitter-ზე სააკაშვილის ხელნაწერი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ექსპრეზიდენტი დახმარებას ითხოვს. ფოტიგამ წერილს „შემაძრწუნებელი“ უწოდა. მისი თქმით, ევროპარლამენტი საააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო დებატის გამართვას გეგმავს.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა დაადასტურა, რომ ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს საგანგებო დებატის გამართვას და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სააკაშვილის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button