skip to content
ახალი ამბები

რატი ბრეგაძე: სამხარაულის დასკვნით, სააკაშვილზე „ემპათიის“ დიაგნოზები არასანდოა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული დასკვნით, ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ მიერ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის დასმული ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები „არ არის სარწმუნო და უტყუარი“.

რატი ბრეგაძის თქმით, „ემპათიის“ დასკვნის უტყუარობის და მეცნიერული თვალსაზრისით სარწმუნოობის გადამოწმების მიზნით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს მიმართა და შესაბამისი დასკვნა 2023 წლის 26 იანვარს მიიღო. „ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და შემდგომი მსჯელობა გაგრძელდება სასამართლოში“, – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

ემპათიის პასუხი

რატი ბრეგაძის განცხადებას, გუშინვე უპასუხა „ემპათიის“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა და თქვა, რომ „ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა“. მანვე განმარტა, რომ სამხარაულმა მხოლოდ მათი დასკვნა შეაფასა და სააკაშვილისთვის შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩაუტარებია. „საერთოდ, ვერ გავიგეთ, ცოცხალი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება [მხოლოდ] დოკუმენტაციით როგორ მოახდინეს“, – იკითხა მან.

ჯიშკარიანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ, „ემპათიის“ მიერ დასმული დიაგნოზები ნევროლოგიური და გასტროენტეროლოგიური თავალსაზრისით, იუსტიციის სამინისტროს, კლინიკა „ვივამედისა“ და გორის ჰოსპიტალის დიაგნოზებს სრულად ემთხვევა. ამასთან, „სრულად არის გამართული“ სააკაშვილის ფსიქიატრიული მდგომარეობის შესახებ მათი დასკვნაც.

„მაშინ გამოდის, რომ ყველა დიაგნოზი, რაც დასმული აქვს მიხეილ სააკაშვილს ნევროლოგიური თუ გასტროენტეროლოგიური თვალსაზრისით „ვივამედის“ კლინიკაში ყოფილა არასწორი“, – ხაზი გაუსვა ჯიშკარიანმა და დაამატა – „სამხარაულის ორღობის ექსპერტიზამ როგორ უნდა შეაფასოს ამდენი საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა, ამას ვნახავთ და სტრასბურგიც იხილავს“.


მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით ადვოკატებმა სასამართლოს სწორედ ცენტრი „ემპათიის“ დასკვნის საფუძველზე მიმართეს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დეკემბრის ბოლოს დაიწყო და მას შემდეგ უკვე რამდენიმე სხდომა ჩატარდა, რომლებზეც ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები გამოკითხეს. საქმეზე მორიგი სასამართლოში სხდომა დღესაც არის დანიშნული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button