skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მორიგი სასამართლო სხდომა 11 იანვარს ჩატარდება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა, რომელზეც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი განიხილება, 11 იანვარს, 12:00 სთ-ზე ჩატარდება.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამერიკელი ნევროლოგი შაჰინ ლაკჰანი გამოკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი „სერიოზული“ ავადმყოფია და მას სხვადასხვა „დისფუნქცია“ აწუხებს. მანვე სააკაშვილის ყველაზე მძიმე დიაგნოზებს შორის „დაუზუსტებელი, სწრაფად დამძიმებადი დემენცია“ და კრუნჩხვები დაასახელა.

„მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნის სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კრუნჩხვებს და კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლია მიგვიყვანოს უცაბედ სიკვდილამდე თუ არ არის ნამკურნალები სწორად“, – განაცხადა მან.

ამერიკელი ნევროლოგის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ასევე ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ამასთან, იგი არსებულ პირობებში მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ შაჰინ ლაკჰანს ჰკითხა, იცოდა თუ არა მან, რომ შფოთვითი დეპრესიის გამო, ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი დასამშვიდებლად დღეში 2 ბოთლამდე კონიაკს მოიხმარდა. ამერიკელმა ნევროლოგმა უპასუხა, რომ „ეს მოხმარება არ ყოფილა ნორმის მიღმა“. თუმცა, მანვე დასძინა, რომ „სამედიცინო თვალსაზრისით ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად, არ არის ნორმალური“.

პროცესის დასრულების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი დემენციის დიაგნოზს ეჭვქვეშ აყენებენ. „დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის ჭკუასუსტი [მიხეილ] სააკაშვილი“, – განაცხადა მან.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 10 იანვარს, 11:45 სთ-ზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების კომენტარების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button