SaveMisha – საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართა
4 იანვარს, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა სახელწოდებით – #SaveMisha (გადაარჩინე მიშა).
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები, ოჯახის წევრები, მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში საღამოს 18:00 სთ-ზე შეიკრიბნენ.
თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ორ ადგილას ჩატარდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დემონსტრანტთა ერთი ნაწილი „მშვიდობის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიას შეიკრიბა. მთავრობის კანცელარიასთან დამოუკიდებელი აქცია გამართა ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა. ისინი მოგვიანებით, მსვლელობით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გაემართნენ და სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა იქიდანაც მოითხოვეს.
ზუგდიდში გამართულ აქციას შეუერთდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავჯდომარე, ნიკა მელია სადაც განაცხადა რომ „დღეს ჩვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით, ყველანი ვაკეთბთ არჩევანს, საბჭოთა წარსულს და ევროპულ მომავალს შორის, „არჩევანს ვაკეთებთ სიცოცხლესა თუ სიკვდილს შორის“. „ეს დილემა დადგა“, – დასძინა მან.
დღესვე, იმავე მოთხოვნით, 14:00 საათისთვის საპროტესტო აქცია ჩატარდა ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან ჭორვილაშიც. აქციამ შემდეგ შეკვეთილში გადაინაცვლა.
საქართველოს პარალელურად, დღეს მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები მოეწყო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ავსტრიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელგიაში, პოლონეთში, საბერძნეთში, ისრაელში და ა.შ. ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების შენობებთან შეიკრიბნენ.
მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქცია რუსმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა მარკ ფეიგინმა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა დეკემბრის ბოლოს დაგეგმეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/12/2022 – იუსტიციის მინისტრმა დიპლომატებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა
- 21/12/2022 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის მკურნალობაზე
- 20/12/2022 – ვოლოდიმირ ზელენსკი ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)