ახალი ამბები

17 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 იანვარს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი განიხილებოდა. ექიმებმა პროცესზე მიხეილ ფიზიკურად დასწრების რეკომენდაცია არ გასცეს, დისტანციურად ჩართვაზე კი – არასათანადო ხარისხის გამო უარი თავად სააკაშვილმა თქვა.

გუშინდელ პროცესზე ამერიკელი პროფესორი, ექიმი ტრავმატოლოგი ჯეიმს კობი და ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი გამოკითხეს. ამერიკელმა პროფესორმა სასამართლოს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მარცხენა მხრის სახსრის და მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ართრიტი აქვს და კისრის მიდამოში მალთაშუა დისკის დაზიანება აღენიშნება. მისივე თქმით, სააკაშვილი მძიმე პაციენტია და შესაბამისი ოპერაციები სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ის პრაქტიკულად სიარულს, მოძრაობას ვერ შეძლებს“.

კითხვაზე პასუხისას, თუ რამ გამოიწვია დაზიანებები, ამერიკელმა ტრავმატოლოგმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მონათხრობი გაიხსენა და თქვა, რომ კისრის არეში დაზიანება, სავარაუდო იმის შედეგია, რომ სააკაშვილი კისრით და მხრებით დიდი მანძილი ატარეს, რასაც შემდეგ ართრიტი მოჰყვა.

თავის მხრივ, მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ დემენციის დიაგნოზისა და სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისის სასჯელაღსრულებით სისტემაში დატოვება „არასათანადო მოპყრობად განიხილება“ და „დანაშაულია“. მანვე დასძინა, რომ დემენციის დიაგნოზი ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით პატიმრის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა კი – ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკელმა პროფესორის განცხადებით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ზუსტად რა გარემოებებში მიიღო მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი დაზიანებები და მას არ შეუძლია ამ დაზიანებებს ხანდაზმულობის ვადა ზუსტად განსაზღვროს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების შესახებ მორიგი სასამართლო სხდომა 20 იანვარს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button