მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 იანვრისთვის გადაიდო
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 30 დეკემბერს 15:00 სთ-ზე უნდა ჩატარებულიყო და რომელზეც ჯანმრთელობის გაუარესების გამო სააკაშვილის გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის გადავადების საკითხი უნდა განხილულიყო, მოსამართლე გიორგი არევაძემ 9 იანვრისთვის გადადო.
- 29/12/2022 – მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა 30 დეკემბერს ჩატარდება
- 22/12/2022 – მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს ჩატარდება
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ როგორც მას მოსამართლის თანაშემწემ აცნობა, გიორგი არევაძე ერთ-ერთ გახმაურებულ და რეზონანსულ საქმეზე სათათბიროდ გავიდა და სხდომის გადადების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დღეს დაცვის მხარეს სასამართლოსთვის ის დოკუმენტები უნდა წარედგინა, რომლებიც გუშინ, სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დევიდ სმიტის მიერ სასამართლოში გუშინდელ ნათქვამს დაადასტურებდა.
„სააკაშვილის საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან, ეს არის ჩვეულებრივი ომი, რომელიც მიმდინარეობს და ამ ომს აქვს ერთი მიზანი – სააკაშვილი უნდა მოკვდეს“, – განუცხადა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს.
გუშინ, 29 დეკემბერს, დევიდ სმიტმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას თქვა, რომ მისი ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, მძიმე მეტალებით, მარტის თვეში, პენიტენციური დაწესებულებიდან, კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანამდე მოწამლეს.
„ჩემი აზრით, ის მოწამლული სხვადასხვა მეტალით იყო. მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი, რომლებიც იწვევს საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს“, – განაცხადა მან.
გუშინვე, სასამართლოში კლინიკა „ვივამედის“ ექიმი-ნევროლოგი, თამარ აბაშიძეც გამოკითხეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ნევროლოგიური თვალსაზრისით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მძიმეა“. მანვე აღნიშნა, რომ პაციენტს წონის „კატასტროფული კლება“ და „მთელი რიგი“ ნევროლოგიური დარღვევები აღენიშნება.
საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ ხელისუფლებას სამოქალაქო აქტივისტები, ასევე ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები აქტიურად მოუწოდებენ. საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/12/2022 – იუსტიციის მინისტრმა დიპლომატებთან მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა
- 21/12/2022 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის მკურნალობაზე
- 20/12/2022 – ვოლოდიმირ ზელენსკი ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)