ვოლოდიმირ ზელენსკი ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს
უკრაინელი ხალხისადმი ყოველდღიურ მიმართვაში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას მისი უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპულ სახელმწიფოში ან ამერიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.
„ალბათ, ყველამ ნახა, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ, მივმართავ ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალება, განსაკუთრებით, შობის წინ. ის, რაც ახლა მიხეილ [სააკაშვილის] მიმართ ხდება, არის სისასტიკე. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეჩერდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს გადაარჩენს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოეხმაურა. იგი მიესალმა უკრაინის „გმირ“ პრეზიდენტს უკრაინისთვის ამ რთულ დროს სააკაშვილის საკითხის დაყენებისთვის. მელიამ ასევე აღნიშნა, რომ ანალოგიური მოწოდებებით მმართველ პარტიას ევროპის საბჭომ, აშშ-მა და სხვა პარტნიორმა ქვეყნებმაც მიმართეს.
„თუ ჩვენ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი არის მარტივი; თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეზე ყოფნა – არჩევანი არის ერთადერთი – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა… ახალ წელს ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, ევროპისაკენ და არა უკან, რუსული სიბნელისაკენ“, – დასძინა მან.
ზელენსკის მოწოდებაზე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი საქართველოში 2021 წელს დაბრუნდა სპეცოპერაციის გზით, ხოლო „დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება“.
„ეს არის მარტივი შეფასება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ფაქტებს ვიშველიებთ“, – განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, „ამ განცხადებასთან თანხვედრაში შეიძლება განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნის განცხადება[ც], რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ომის ხალხი არ არის, მიხეილ სააკაშვილი კი ამას გააკეთებდა [ჩაითრევდა საქართველოს ომში]“.
მდინარაძემ აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ასეთი განცხადებები შემთხვევითი არ არის და რომ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს.
მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების თავმჯდომარემ“, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ვინც სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად. მათ ერთგვარი პასუხისმგებლობა აქვთ სააკაშვილის წინაშე“ და „ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი“. „უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ ჩავარდა…“, – დასძინა მან.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ფარულად 2021 წლის სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა. იგი 1 ოქტომბერს დააკავეს. 2018 წელს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ ორ სხვადასხვა საქმეზე დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო. სააკაშვილს კიდევ სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, თუმცა იგი ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამჟამად, სასამართლო მსჯელობს სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან მოხსნის საკითხზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების ფონზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/12/2022 – აშშ-ის ელჩი სააკაშვილის უფლებების დაცვაზე საუბრობს
- 15/12/2022 – ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებას სააკაშვილის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს
- 16/12/2022 – უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)