
ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 მარტს გაიმართება, სადაც ერთმანეთს დე ფაქტო „პრეზიდენტის“ პოსტისთვის ორი კანდიდატი ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.
მათ 15 თებერვალს გამართული არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვეს, თუმცა არჩევნების მოსაგებად საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. აფხაზეთის ე,წ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გუნბამ ხმების 46,38% მიიღო, ხოლო არძინბამ – 36,92%.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას არ აღიაროს ის.
რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმამ, დაგმო აფხაზეთის ე.წ. არჩევნები.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნებს „ყალბი“ უწოდა და განაცხადა, რომ „მას განიხილავს, როგორც რუსეთის ფედერაციის სისტემატურ მცდელობას ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია მოახდინოს”.
„დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აცხადებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.
ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ არ ცნობს აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს ამ არჩევნების ჩატარების კონსტიტუციურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს“, – განაცხადა ევროკავშირის პრეს-სპიკერმა. „ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას“.
აფხაზეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ოკუპირებულ რეგიონში გასული წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/02/2025 – ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობდნენ
- 11/02/2025 – რუსული თვითმფრინავის სოხუმის აეროპორტში დაშვების ფონზე, ოფიციალური თბილისი დუმს
- 01/02/2025 – აფხაზეთში, სავარაუდოდ, მოსკოვის ახალი კურატორი „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინ სოხუმს ეწვია
- 15/11/2024 – სოხუმში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)