
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებს“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „საპრეზიდენტო არჩევნები“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.
აფხაზეთის ე.წ. არჩევნები „უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, „უკანონოა“ და „ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, განაცხადა სამინისტრომ 15 თებერვალს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, „შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ე.წ. არჩევნები აფხაზეთში, რომელსაც „ყალბი“ უწოდა და განაცხადა, რომ „მას განიხილავს, როგორც რუსეთის ფედერაციის სისტემატურ მცდელობას ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია მოახდინოს”.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, კერძოდ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმების მკაცრ დაცვას, შეუძლია ჩაშალოს მოსკოვის აგრესიული გეგმები, რომლებიც სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე ომებისა და ეთნიკური წმენდით იმპერიის აღდგენის მიზანს ემსახურება“.
15 თებერვალს, აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის ხუთი „კანდიდატი“ იყრის კენჭს, მათ შორის აფხაზეთის „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ ბადრა გუნბა და ე.წ. ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა ლიდერობენ. გუნბა რუსეთის ფავორიტ კანდიდატად განიხილება.
აფხაზეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ოკუპირებულ რეგიონში გასული წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტი დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/02/2025 – ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობდნენ
- 11/02/2025 – რუსული თვითმფრინავის სოხუმის აეროპორტში დაშვების ფონზე, ოფიციალური თბილისი დუმს
- 01/02/2025 – აფხაზეთში, სავარაუდოდ, მოსკოვის ახალი კურატორი „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინ სოხუმს ეწვია
- 15/11/2024 – სოხუმში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)