აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია თანამდებობას ტოვებს
15 ნოემბერს აფხაზი დემონსტრანტების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც, დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია თანამდებობას დატოვებს.
შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსში მობილიზებული აქციის მონაწილეები 19 ნოემბერს დაიშლებიან და თუ ამას არ გააკეთებენ, ბჟანია გადადგომაზე უარს იტყვის. ე.წ. პარლამენტი გადადგომის თაობაზე იმავე დღეს იმსჯელებს. ოკუპირებული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა გახდება.
რეგიონის „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდრე ანქვაბი ასევე გადადგება, ხოლო ე.წ. მინისტრები მოვალეობას მანამ შეასრულებენ, სანამ ახლად არჩეული ლიდერი საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ნათქვამია შეთანხმებაში.
ოკუპირებულ რეგიონში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 15 ნოემბერს დაიწყო სადავო საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც რუსული „ინვესტიციების“, ასევე მიწისა და ქონების საკუთრების დაკანონებას ითვალისწინებს.
მანამდე, მოსკოვმა, რომელიც გააღიზიანა სოხუმის მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის „შეთანხმებების“ შეუსრულებლობამ, განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონს დაფინანსებას უჩერებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)