skip to content
ახალი ამბები

სოხუმში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

დაძაბულობამ აფხაზეთში 15 ნოემბერს პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც ადგილობრივები, ოკუპირებული რეგიონის უშიშროების ძალებთან რამდენიმესაათიანი შეხლაშემოხლის შემდეგ, ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები კანონმდებლების მიერ იმ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც რუსი ინვესტორებისთვის შეღავათიანი პირობების მინიჭებას ითვალისწინებს.

აფხაზეთის დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები კანონპროექტის რატიფიცირებას დღევანდელ სხდომაზე გეგმავდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებსა და უშიშროების  ძალებს შორის შუადღისას მომხდარი შეტაკებების ფონზე, სხდომა მომდევნო კვირამდე გადაიდო. სადავო კანონპროექტი აფხაზეთში რუსული ინვესტიციებისა და მიწის საკუთრების ლეგალიზებას ისახავს მიზნად.

როგორ განვითარდა დღევანდელი მოვლენები?

მიუხედავად იმისა, რომ სხდომა გადაიდო, აქციის მონაწილეები არ დაიშალნენ, რადგან მათ და უშიშროების ძალებს შორის შეტაკება დაიწყო, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და პლასტმასის ბოთლები დაუშინეს. უშიშროების ძალებმა სახანძრო მანქანით სცადეს საკანონმდებლო ორგანოსთან მისასვლელი გზის გადაკეტვა, თუმცა აქციის მონაწილეებმა შენობის ჭიშკარი და ფანჯრები ჩაამსხვრიეს და მანქანა დააზიანეს.

გავრცელდა კადრები, სადაც სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს კვამლის ბომბებს ესვრინ, ხოლო აქციის მონაწილეები მათ უკან ისვრიან. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ. მედია ასევე იტყობინება, რომ ისმოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მსგავსი ხმები.

15:30 საათისთვის ვითარება შედარებით მშვიდი იყო, თუმცა ე.წ. პარლამენტის შენობიდან მანამდე გამოსულმა დეპუტატებმა შენობაში დაბრუნება დაიწყეს.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე აფხაზეთის ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „მომიტინგეების ქმედებები არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ“. მათ აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია რუსეთთან ურთიერთობების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ე.წ. პარლამენტთან „არა იმიტომ, რომ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, არამედ იმისთვის, რომ დაიცვან აფხაზეთის ეროვნული ინტერესები, მისი ბუნებრივი რესურსები და სიმდიდრე, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბჟანია პირადი სარგებლისთვის ცდილობდა“.

მოგვიანებით, ვითარება კვლავ დაიძაბა, რადგან აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის ფანჯრის გისოსები ჩამოხსნეს და მინები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც შენობაში შეიჭრნენ.

ოფიციალურ თბილისს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე რაიმე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ჟურნალისტის კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ეს არის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button