skip to content
ახალი ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობდნენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან 10 თებერვალს, თბილისში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს ლაშა დარსალიას შეხვდნენ. შეხვედრა 4-5 მარტს დაგეგმილი დისკუსიების 63-ე რაუნდის მოსამზადებლად გაიმართა. თანათავმჯდომარეებმა ასევე გამართეს შეხვედრა ცხინვალში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

შეხვედრა თბილისში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მხარეებმა განიხილეს დისკუსიების დღის წესრიგის ძირითადი საკითხები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მისი შესრულება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.

ამავე ინფორმაციით, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

„შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიისკენ. ამ კონტექსტში, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტის უკანონოდ ამოქმედების საკითხს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.

ამავე პრესრელიზის თანახმად, „ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების უკანონობას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას“.

შეხვედრა ცხინვალში

11 თებერვალს თანათავმჯდომარეები ცხინვალს ეწვივნენ და დისკუსიებზე ცხინვალის რეგიონის დელეგაციის ხელმძღვანელს კონსტანტინე კოჩიევს შეხვდნენ. საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, შეხვედრაზე კოჩიევმა „უგზოუკვლოდ დაკარგულთა საკითხი დააყენა“ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი „პრიორიტეტულია“.

„რეალურად, ყველას გვესმის, რომ საუბარია ქართული მხარის მიერ ძალით გატაცებულ ოსებზე“, – განაცხადა მან. იგი ასევე მიესალმა ჟენევის დისკუსიების ნორმალურ სამუშაო რიტმში დაბრუნებას და IPRM-ის მექანიზმის არსებობას.

შეხვედრა სოხუმში

13 თებერვალს თანათავმჯდომარეები სოხუმს ეწვივნენ, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოდისეი ბიგვავას და დე ფაქტო სამინისტროს თანამშრომლებს ლაშა ავიძბასა და არტურ გაგულიას შეხვდნენ. მხარეებმა მოახლოებული დისკუსიების დღის წესრიგი განიხილეს, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) განახლების საკითხი და მის განხორციელებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button