
გავრცელებული ინფორმაციით, სეულში აფხაზეთის კულტურის ცენტრი გაიხსნა
ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა 23 სექტემბერს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, აფხაზეთის კულტურის ცენტრი გახსნეს. საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაცით, გახსნის ცერემონია სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა, რომელსაც სამხრეთ კორეელი კანონმდებლები, ხელოვანები, მეწარმეები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრი გამოფენებს, კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს, რათა სამხრეთ კორეელებს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა გააცნოს.
დე ფაქტო კულტურის მინისტრმა დაურ კოვემ, რომელიც ასევე ესწრებოდა ცენტრის გახსნას, განაცხადა, რომ ცენტრი შექმნის „ახალ პერსპექტივებს ერთობლივი პროექტების გაფართოებისა და ჰუმანიტარულ სფეროში პროდუქტიული დიალოგისთვის“, რაც მიზნად ისახავს „ხალხებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების“ ხელშეწყობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. სამხრეთ კორეა არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. გარდა ამისა, საქართველოსა და სამხრეთ კორეას 1992 წლიდან თბილი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებთ. სეულმა თავისი პირველი საკონსულო თბილისში 2015 წელს გახსნა, ხოლო 2024 წელს ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად ის საელჩოდ გადააკეთა.
This post is also available in: English