skip to content
ახალი ამბები

რუსული თვითმფრინავის სოხუმის აეროპორტში დაშვების ფონზე, ოფიციალური თბილისი დუმს

რუსული თვითმფრინავი 7 თებერვალს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში დაეშვა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს იყო საცდელი ფრენა, ხოლო რეგულარული ფრენების დაწყება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ზაფხულის დასაწყისში იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის განმავლობაში ეს პირველი რეისია აეროპორტისკენ, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დახურულია, ფრენის განხორციელებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი „ქართული ოცნების“  ხელისუფლებას ჯერ ოფიციალური რეაგირება არ მოუხდებია.

ფრენის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ქართულ საზოგადოებასა და ოპოზიციაში აღშფოთება გამოიწვია. ფრენა განიხილება, როგორც პირდაპირი გამოწვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონის არაღიარების მრავალწლიანი პოლიტიკის მიმართ.

სოხუმის აეროპორტის გახსნის საკითხზე საუბრისას, გიორგი კანდელაკმა, ყოფილი დეპუტატმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტის მენეჯერმა, განაცხადა, რომ 30 წლის განმავლობაში, სოხუმის აეროპორტი დახურული იყო ICAO-ს მიერ, საქართველოს სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე. მისი თქმით, ICAO-ს მიერ დახურულ აეროპორტში ფრენის შესრულების შემთხვევაში, მას შეუძლია შავ სიაში შეიტანოს ნებისმიერი ავიაკომპანია. „ICAO ისევე როგორც EASA-ს (ევროკავშირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს), შეუძლია ძალიან დიდი სირთულეები შეუქმნას ამგვარი ფრენის შემსრულებელი ბორტის დამარეგისტრირებელ სახელმწიფოს“, – აცხადებს იგი. კანდელაკი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრძალოს იმ კომპანიების ფრენები, რომლებიც მოსკოვი-სოხუმის რეისს განახორციელებენ.

ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გააკრიტიკა ხელისუფლება და განაცხადა, რომ „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის  სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და მის ექსპლუატაციში შეყვანას, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია“. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად „არათუ ფორმალური განცხადება არ გააკეთა, არამედ  დასავლელ პარტნიორებსაც არ მიმართა, რომელთა ძალისხმევაზეც იდგა ამ ხნის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა“. პარტია მიმართავას დასავლელ პარტნიორებს და მეგობრებს, „სათანადო შეფასება მისცენ კრემლის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობიდ წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს“.

პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების საკითხებში, თბილისის რეაგირების ნაკლებობას რუსეთის სანქციების გვერდის ავლის სქემაში საქართველოს სავარაუდო მონაწილეობით ხსნის. ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის მასშტაბური ომის შემდეგ სოხუმის აეროპორტის გახსნა შემთხვევითი არ არის. რუსეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას და დასავლური სამყარო მხარს უჭერს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს, განუცხადა მან „ეხო კავკაზას“. ამიტომ, კრემლს სჭირდება სანქციების გვერდის ავლით საქონლის მიღების გზების დივერსიფიკაცია, აცხადებს ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ საქართველო, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ამ პროცესში.

რუსეთის მხარდაჭერით სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია სადავო საკითხი იყო. 2023 წლის ოქტომბერში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსულ კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარებას“ შორის სოხუმის აეროპორტის „კომპლექსური რეკონსტრუქციის“ თაობაზე შეთანხმებას მოეწერა ხელი. თუმცა, პროექტის განხორციელებას ფინანსური დავები მოჰყვა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარება“ განახორციელებდა – ეს რაშიდ ნურგალიევის, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი უფროსის რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანიაა. პროექტი შეფერხებით ხორციელდებოდა, ხოლო ტექნიკური რეისი თავდაპირველად 2024 წლის ივლისისთვის იყო დაგეგმილი.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადეს, რომ სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია ლეგიტიმურად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმების შესაბამისად გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო. „იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის ICAO-ს დაუკავშირდა და მასალას პასუხის მიღებისთანავე განაახლებს.


მოსკოვიდან რეისს ჩამოყვა ბადრა გუნბა, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ და ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტობის“ ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და ტრანსპორტის მინისტრს რომან სტაროვოიტს შეხვდა. ვიზიტი 15 თებერვალს დაგეგმილი ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ წინ შედგა.

ის ასევე დაემთხვა ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ენერგოკრიზისს. რუსული საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტის“ ცნობით, გუნბა ამ საკითხთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ევგენი გრაბჩაკს შეხვდა. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად ერთად ვიპოვით გამოსავალს არსებული ენერგოდეფიციტის საკითხზე“, – განაცხადა გრაბჩაკმა შეხვედრის დროს.

რუსული მედია საშუალების „მედუზას“ ცნობით, გუნბას მოსკოვში ვიზიტის დროს კრემლმა პირობა დადო, რომ აფხაზეთისთვის ფინანსურ დახმარებას განახლებს.  განახლებული დახმარების ფარგლებში, მოსკოვმა პირობა დადო, რომ სოხუმს 343 მილიონ რუბლს გადაურიცხავს „საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების დასაფარად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button