
საქართველომ და გაერომ 2026-2030 წლების თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველომ და გაერომ 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონია 9 დეკემბერს ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მას „ქართული ოცნების“ მინისტრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და გაეროს ოფიციალური პირები, მათ შორის მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტრებუკი დაესწრნენ.
ცერემონიის გახსნისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი ხუთწლიანი ჩარჩო შეთანხმება არის „სამომავლო თანამშრომლობის ფუნდამენტი“, ეფუძნება საქართველოს „ეროვნულ პრიორიტეტებს“ და „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებას“ ასახავს.
მისი თქმით, ძირითადი მიმართულებები „ეხმიანება ჩვენს მისწრაფებებს, შევამციროთ ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობა, მნიშვნელოვნად წავახალისოთ დეცენტრალიზებული მმართველობა, გავაძლიეროთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ყოვლისმომცველი სოციალური დაცვისა და განათლების სისტემების განვითარებას“.
მისივე თქმით, გლობალური, ეკონომიკური, თუ გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველო, წლების განმავლობაში, გარდაიქმნა სახელმწიფოდ, რომელიც უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემია.
საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებისას, კობახიძემ განაცხადა, რომ სიღარიბის შემცირება და დასაქმების გაზრდა კვლავ მთავრობის „მთავარ პრიორიტეტებს“ შორის რჩება. მან აღნიშნა, რომ ორივე მაჩვენებელი გაუმჯობესდა, თუმცა დასძინა, რომ „მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს“.
„ამ წარმატების ფუნდამენტს კი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი პრინციპი, უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი, პროგნოზირებადი გარემო, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარების საფუძველია“, – განაცხადა კობახიძემ.
მან მადლობა გადაუხადა გაეროს და მის სააგენტოებს „მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის“. „მეამაყება, რომ მე ამ გუნდის წარმომადგენელი ვიყავი რვა წლის განმავლობაში და ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ გულწრფელად ცდილობდნენ გაეროს გუნდის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანას“, – დასძინა კობახიძემ.
This post is also available in: English