ახალი ამბები

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება კეზერაშვილს თაღლითობის გლობალურ ქსელთან აკავშირებს

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ 12 აპრილს სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით „მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების კვალდაკვალ“, სადაც დეტალურადაა აღწერილი გლობალური თაღლითური სავაჭრო ქსელის ერთწლიანი გამოძიების შედეგები. გამოძიებამ, სავარაუდოდ, თაღლითური სქემის უკან მდგომი რამდენიმე პირიც დაასახელა, მათ შორის, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილიცაა. ჟურნალისტური გამოძიება ერთ წელს გაგრძელდა და თაღლითური სქემის უკან მდგომ პირთა ჩრდილოვანი ქსელი გამოავლინა.

პოლიციისთვის Milton Group-ის სახელით ცნობილი ქსელი (ამ სახელს თაღლითები 2020 წლამდე იყენებდნენ) მოიცავდა 152 ბრენდს, მათ შორის, Solo Capitals-ს, რომლებიც სამიზნედ შერჩეულ მსხვერპლებს თაღლითური ქსელის მეშვეობით ათასობით, ზოგ შემთხვევაში კი ასი ათასობით გირვანქა სტერლინგს სძალავდნენ.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების გამოყენებით Milton Group-ის კომპანიებს შორის კავშირები დაადგინეს. სტატიის თანახმად, ყველგან ხუთი პირის სახელი ჩანდა, რომლებიც მითითებული იყვნენ დირექტორებად ან თავად Milton-ის სავაჭრო პლატფორმებზე ან დამხმარე ტექნოლოგიურ კომპანიებში. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

მათ ეს ხუთი სახელი Panama Papers-შიც მოიძიეს (ოფშორული კომპანიების შესახებ 2016 წელს მასიურად გაჟონილ დოკუმენტებში) და დაადგინეს, რომ ოთხი მათგანი – ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი – ნახსენებნი იყვნენ როგორც დირექტორები, ან მაღალი თანამდებობის პირები იმ ოფშორულ კომპანიებსა თუ მათი შვილობილი კომპანიების ჯგუფში, რომელიც წინ უსწრებდა ზემოხსენებულ Milton-ის ჯგუფს. ამ კომპანიებიდან ბევრი დავით კეზერაშვილთან იყო დაკავშირებული.

სტატიაში ნათქვამია, რომ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს Milton-ამდე არსებულ ქსელთან აკავშირებს, თუმცა აღნიშნულია, რომ მისი სახელი არაერთხელ გაჟღერდა. შედეგად, იგი იდენტიფიცირდება როგორც ქსელში არსებული სათავო კომპანიის დამფუძნებელი, ან ერთ-ერთი თავდაპირველი აქციონერი. გამოძიება ასკვნის, რომ „როგორც ჩანს, კულისებს მიღმა, ამ ყველაფრის ცენტრში სწორედ კეზერაშვილია“.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან დააკავშირებდა და „არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონდა Milton-ის ბრენდებში“. თუმცა, ავტორები წერენ, რომ Milton-ის რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ კეზერაშვილთან, კონფიდენციალურად აღიარეს, რომ მათ იცოდნენ Milton-ის ჯგუფთან მისი კავშირის შესახებ.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, არსებობს არაერთი სხვა არაპირდაპირი მინიშნება ყოფილი თავდაცვის მინისტრის კავშირებზე Milton-ის ბრენდებთან, რომლებიც გამოძიების დროს გამოვლინდა, მაგალითად, პირადი ელექტრონული ფოსტის სერვერი, რომელსაც ექსკლუზიურად კეზერაშვილის კომპანიები და Milton Group-ში შემავალი კომპანიები იყენებდნენ, ასევე კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული საოფისე შენობები კიევში, სადაც თაღლითური ქოლ-ცენტრი იყო განთავსებული, მჭიდრო სოციალური კავშირები Milton Group-ის ოთხ მაღალჩინოსანსა და კეზერაშვილს შორის, რასაც მოწმობს სოციალური მედიის პროფილები და ფოტოები, მის მიერ საკუთარ სოციალურ მედიაანგარიშებზე თაღლითობის სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაცია და ა.შ.

ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა მომხმარებლის როლიც მოირგო, რათა გაეგო როგორ მუშაობდა სქემა. სტატიის თანახმად, გარიგების თანხა დაყოფილი იყო მცირე ნაწილებად, რათა მსხვერპლს ან ადვოკატს მისი მოძიება გართულებოდა და მათი გადაადგილება უამრავი სხვადასხვა ბიტკოინის საფულის მეშვეობით ხდებოდა და „ყველა სავარაუდოდ Milton Group-თან იყო დაკავშირებული“. ჯგუფის ოპერაციები ადრე შვედურმა გაზეთმა Dagens Nyheter-მა და სხვებმა გამოიძიეს, მაგრამ BBC-მ გადაწყვიტა თაღლითობის უკან მდგომი მაღალი რანგის ფიგურები გამოევლინა.

სტატიის თანახმად, კეზერაშვილმა BBC-ის ადვოკატების მეშვეობით უთხრა, რომ ის კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს Milton Group-თან და რომ თაღლითური სქემიდან არანაირი სარგებელი არ მიუღია. BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტების ბრალდებები ასევე უარყვეს ჭელიძემ, გოგეშვილმა და მგელაძემ, ხოლო ბენიმინიმ BBC-ის კითხვებს არ უპასუხა.

დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა. ორ მათგანზე იგი დაუსწრებლად გაამართლეს. თუმცა, ქართულმა სასამართლომ იგი 5 მილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით დაუსწრებლად გაასამართლა. იმ დროს იგი ლონდონში ცხოვრობდა. 2014 წელს საფრანგეთის სასამართლომ და 2016 წელს ბრიტანულმა სასამართლომ მის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. მარტში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი დავით კეზერაშვილის მიმართ, რომლის მიხედვითაც მას თავდაცვის სამინისტროსთვის 5 060 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

დავით კეზერაშვილის პასუხი

ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერებულ ბრალდებებს დღეს Facebook-ით თავად დავით კეზერაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ „არასდროს“ ჰქონია კავშირი „BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან“. „აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში“.

კეზერაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს „უყურადღებოდ დატოვოს“ ის ზიანი, რასაც გავრცელებული მასალა მას აყენებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მის წინააღმდეგ „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება“, მისივე დაფუძნებული ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი – „მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა“, – აღნიშნავს კეზერაშვილი და დასძენს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა გავრცელებულ მასალაში მასთან დაკავშირებული „როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე“ დაადასტუროს და „ამას დიდი დრო არ დასჭირდება“.

„ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება“, – ხაზს უსვამს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button