skip to content
მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი თბილისი, 1977: შენდება საცურაო აუზი “ლაგუნა ვერე”

რედაქციისგან: გაზეთი “თბილისი” იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საღამოს გაზეთი.

“ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზი, თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია. დღეს შენობას დაკარგული აქვს ფუნქცია და მიტოვებულია. სამწუხაროდ, ქვეყანასა და დედაქალაქში არსებული კორუფციისა და ქაოტური ურბანული განაშენიანების შედეგად, შენობას დიდი საფრთხე, დანგრევა, ემუქრება.

შენდება ჯანმრთელობის კომბინატი

გაზეთი “თბილისი” 26/08/1977

ცურვას, როგორც ადამიანის ფიზიკური წრთობის, ჯანსაღი მომავალი თობის აღზრდის უებრად საშუალებას, დიდი ყურადღება ექცევა ჩვენს ქვეყანაში. ლენინგრადის ზოგიერთ სკოლაში იგი სავალდებულო სწავლების საგნადაც არის შემოღებული. სპორტის ეს სახეობა შესამჩნევად ჩამორჩება ჩვენს დედაქალაქში. საამისო მიზეზი, სამწუხაროდ, ბევრია, ერთ-ერთი მთავარი კი, რაც ასე აფერხებს და ხელს უშლის სპორტის ამ პოპულარული სახეობის განვითარებას, საცურაო აუზების ნაკლებობაა.

უფროსი თაობის თბილისელებს, ალბათ, კარგად ახსოვთ სტალინის სახელობის სანაპიროს ის ტერიტორია, სადაც კეთილმოწყობილი აუზი იყო. სწორედ აქ იმაღლებდნენ ოსტატობას მოცურავეები, წყალში მხტომელები, წყალბურთელები. ფიზკულტურელთა ამ შესანიშნავი პარკის გრილ ხეივნებში შეხვდებოდით მძლეოსნებს, მოსწავლე ახალგაზრდობას, დამსვენებლებს, მაგრამ შემდეგ გადაწყდა რესტორნის აგება და ჯანმრთელობისა და წრთობის ეს ჩინებული კერა საოცრად მოკლე დროში დაინგრა. მართალია ახალი აუზის მშენებლობასაც ჩაეყარა საფუძველი მდინარე ვერეს მარჯვენა ნაპირზე, აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების, გვერდით, მაგრამ მერე რა, მოვიდნენ მშენებლები გათხარეს საძირკველი და წავიდნენ. ეს იყო 1968 წელს, 1972 წელს კი საცურაო აუზის მშენებლობა საერთოდ შეწყდა.

4 წლის განმავლობაში ძველი ციხის ნანგრევებით შემორჩენოდა ამ ტერიტორიას მშენებელთა ნახელავი. ძნელი იყო იმის დადგენა, თუ სახელდობრ რის აშენებას აპირებდნენ აქ თავის დროზე.

ახლა ყინული გალხვა. საქმე ადგილიდან დაიძრა. თბილქალაქპროექტის IV საარქიტექტორო სახელოსნოს ჯგუფის შესანიშნავი პროექტის (ავტორი შ.ყავლაშვილი, მთავარი კონსტრუქტორი რ.ღუდუშაური) მიხედვით კვლავ განახლდა დაკონსერვებული საცურაო აუზის საამშენებლო სამუშაოები. საამშენებლო უბანს შეუტიეს დურგლებმა, მეარმატურეებმა, კალატოზებმა, მებეტონეებმა.

ჩვენი რესპუბლიკის ამ შესანიშნავ ნაგებობას აშენებს ინჟმშენი N1 სამშენებლო სამმართველო (უფროსი ი.გოძიაშვილი), N4 საამშენებლო უბანი (გ.ხუროშვილი).

6500 მაყურებელს დაიტევს ახალი საცურაო აუზი, ამბობს უბნის უფროსი გ.ხუროშვილი. მაყურებელთა ტრიბუნები მხოლოდ ერთ მხარეს იქნება. მოპირდაპირე მხარეს კი, (როგორც ეს პროექტით არის გათვალისწინებული) ვაგებთ სპეციალურ კორპუსს, სადაც განლაგდება პრესცენტრი და სხვა სამსახურები. გვექნება ჯუხურები რადიოსა და ტელერეპორტაჟების მოსაწყობად. აქვე განლაგდება საქალაქთაშორისი ტელეფონ-ავტომატები, ფოსტა-ტელეგრაფი და სხვა სათავსი. ეს იქნება წყალ-ჯომარდობის ვეებერთელა სტადიონი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ოლიმპიურ მოთხოვნებს. ნაგებობის ძირითადი ნაწილია 8 ბილიკიანი (50X25მ) აუზი, წყალში ხტომისათვის განკუთვნილი იქნეა (20X25), ხოლო ცურვის პატარა მოყვარულთათვის სპეციალური საჭყუმპალაო (10X25) და მოთელვისათვის 8X12 მეტრიანი აუზები. ტრიბუნებს შორის განთავსდება დიდი სააქტო დარბაზი, სპორტული აუზი, გასახდელი, საშხაპე ოთახები, საექიმო ბლოკი, კაფე-ბარი, კალათბურთის დარბაზი და ა.შ.

[…]

ახლა მიმდინარეობს პატარა აუზის სააარმატურო სამუშაოები. სამწუხაროდ რკინის, სამშენებლო მასალის – ბლოკის, აგურის, ხის მასალის ნაკლებობას განიცდიან. ამის გარდა, შეფერხებით აწვდიან ბეტონს, რაშიც ბრალი ავჭალისა და სოღანლუღის რკინა-ბეტონის ქარხანებსაც მიუძღვით.

[…]

მშენებლებს ფასდაუდებელ დახმარებას უწევენ ჩვენი დედაქალაქის სპორტის მოყვარულები – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები. ამ ჯგუფს ა.შენგელია ხელმძღვანელობს. სტუდენტებმა ენთუზიასტებმა ახალი საცურაო აუზის მშენებლობაზე გაატარეს მესამე სემესტრი – აწყობენ ბლოკს, აგურს, ეხმარებიან ტვირთვა-გადმოზიდვაში. თავი გამოიჩინეს სტუდენტებმა ცერცვაძემ, ურუშაძემ, კემაშვილმა, გუჯაბიძემ, ბარდაველიძემ და სხვებმა.

თბილისის “დინამოს” სტადიონის მსგავსად, მის აგებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ დედაქალაქის სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. თბილისის ჯანმრთელობის კომბინატის აგების დაჩქარება ყველას ეხება. მისი მომავალ წელს საექსპლუატაციოდ გადაცემა საშვილიშვილო საქმეა. ამისთვის კი მონდომებული და მუყაითი შრომაა საჭირო. სიტყვა თქვენზეა, თბილისელო ახალგაზრდებოდა!

შ.ქირია

მსგავსი/Related

Back to top button