ახალი ამბები

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გაამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო  ქრთამის აღების ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეზე.

კეზერაშვილი, რომლის სასამართლო პროცესიც მის დაუსწრებლად მიმდინარეობდა, საფრანგეთში იმყოფება, სადაც ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის თებერვალში საქართველოში მის  ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

კეზერაშვილს კორუფციული ბრალდებები 2013 წლის იანვარში წაუყენეს; მას ბრალად ედებოდა 12.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება 2007 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ეთილის სპირტის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის. იმავე საქმეზე კეზერაშვილს ბრალად ედებოდა საბაჟო პროცედურების დარღვევა, რის გამოც გადასახადების დამალვის სახით, პროკურატურის თქმით, სახელმწიფომ 49.4 მილიონი ლარი იზარალა. 

ორივე ამ ბრალდებაში, რომელთაც თავად კეზერაშვილი უარყოფდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა. პროკურორმა განაცხადა, რომ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

ამ საქმეში კეზერაშვილთან ერთად ბრალდებული, მისი ნათესავი მეირ ჯანაშვილი, რომელიც მიმალვაში იმყოფება, სასამართლომ დამნაშავედ ცნო დაუსწრებლად და მას ცხრა წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

დავით კეზერაშვილი 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, სანამ ბიზნესში გადაინაცვლებდა.

მას სხვა ბრალდებებიც აქვს წაყენებული. 2013 წლის თებერვალში მას თბილისის მაშინდელ მერთან, გიგი უგულავასთან ერთად სახელმწიფო სახსრების მითვისების და ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენეს. სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

2014 წლის მაისში კეზერაშვილს დამატებითი ბრალდებები წაუყენეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას სახელმწიფო სახსრების სავარაუდო მითვისების თაობაზე.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button