ევროპარლამენტის არჩევნები ჩათავდა და ევროკავშირის მთელი პოლიტიკური საზოგადოება აღმასრულებელი სტრუქტურების – ევროკომისიის – ახალი ხელმძღვანელობის დამტკიცების მოლოდინშია.
სტატია მოამზადა მარიამ ბიჭოშვილმა, ტრანს-ევროპული პოლიტიკის კვლევის ასოციაციის (TEPSA) თანადგომითა და მხარდაჭერით.
მოგეხსენებათ, ურსულა ფონ დერ ლაიენს კომისიის თავმჯდომარედ დარჩენის მშვენიერი შესაძლებლობა გააჩნია. თუმცაღა თავისით არაფერი ხდება – ჯერ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს შორის ხმათა საჭირო რაოდენობა უნდა დაიბევოს, რომამით მისი პროგრამის თავისუფლად განხორციელების საშუალება მიეცეს. თავად ქალბატონი ფონ დერ ლაიენი, მოგეხსენებათ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ოჯახიდანაა, რომელიც ევროპარლამენტში მანდატებით ლიდერობს. მეორეადგილოსანი სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერაც აქვს, თუმცა ამ ჭრელ პარლამენტში ეს საკმარისი აღარაა. ევროკომისიის თავმჯდომარეობის კენჭისყრა ხვალ, ხუთშაბათს გაიმართება.
გუშინ, 16 ივლისს, სტრასბურგში, ფონ დერ ლაიენი“ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პარტიას“ (ECR) შეხვდა, რომელშიც საკვანძო როლს იტალიის პრემიერი, ჯორჯა მელონი ასრულებს. მანამდე, მელონი აღნიშნავდა, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე დაყრდნობით გადაწყვეტდა, დაუჭერდა თუ არა მხარს ფონ დერ ლაიენის ხელახლა არჩევას.
50 წუთი გაგრძელდა გამოწვლილვით კითხვა-პასუხი, რომლის დროსაც ისაუბრეს რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე, შესაძლო ცვლილებებზე ევროკავშირის “მწვანე შეთანხმებაში” და მიგრაციის თემატიკაზე. როგორც ჟურნალისტები და დამკვირვებლები ამბობენ, ამ შეხვედრის შემდეგ “ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების” აზრი ორად გაიყო, ანუ სავარაუდოა, რომ ფრაქცია ერთსულოვნად არ დაუჭერს მხარს ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას.
რას ნიშნავს ეს? როგორ იმუშავებს ევროპარლამენტი? რამდენად მოძლიერდება მასში ულტრამემარჯვენე ფრთა? ევროპარლამენტის მუშაობის დეტალებში უკეთ გასარკვევად პროფესორ მაიკლ კეიდინგს გავესაუბრეთ. კეიდინგი ევროპის კოლეჯის ევროპული პოლიტიკისა და მმართველობის კვლევის ხელმძღვანელია, დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის პროფესორი და Horizon Europe-ის პროექტის InvigoratEU კოორდინატორი. ის ევროკავშირის პოლიტიკას კარგა ხანია ადევნებს თვალყურს.
მხარდაჭერის ძიებაში
პროფესორი კეიდინგი ამბობს, რომ 360+1 ხმის მოსაპოვებლად მხოლოდ EPP-სა და S&D ფრაქციების მხარდაჭერა – ამ ფრაქციების ყველა დეპუტატმა ერთსულოვნადაც რომ მისცეს ხმა – საკმარისი არ იქნება.
„სად პოულობს [ფონ დერ ლაიენი] დარჩენილ 52 ხმას? გაერთიანებული მემარცხენეების მხარდაჭერა არარეალურია, და ასევე ნამდვილად არ ღირს ულტრამემარჯვენე ჯგუფის “სუვერენული სახელმწიფოების ევროპის” იმედად ყოფნა, რადგან ისინი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან ფონ დერ ლაიენსა და ამჟამინდელ ევროკომისიასო,“ ამბობს კეიდინგი. ის ასევე ნაკლებად სავარუდოდ თვლის, რომ ის ვიქტორ ორბანისა და მარინე ლე პენის ახლადშექმნილ ჯგუფთან, “პატრიოტები ევროპისთვის” მივიდეს ხმების სათხოვნელად.
ცენტრში სავარაუდო მხარდამჭერებად მოიაზრებიან ლიბერალები და მწვანეები, ხოლო „პოლიტიკური სპექტრის მარჯვენა მხარეს კი, რჩება ერთადერთი ჯგუფი – ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR).” სწორედ მათთან დათმობებზე წასვლას აქვს აზრი ფონ დერ ლაიენისთვის.
შევხედოთ ვინაა ECR-ის წევრი. ყველაზე დიდი ჯგუფებია მელონის Fratelli d’Italia 24 დეპუტატით და პოლონეთის კანონისა და სამართლიანობის პარტია (PiS) 20 დეპუტატით. პოლონელებს ჯიუტად აქვთ გადაწყვეტილი ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ ხმის მიცემა და მასთან შეხვედრის შემდეგ, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ბელგიის“ახალი ფლამანდური ალიანსი” (N-VA), სამოქალაქო დემოკრატიული პარტია (ODS) ჩეხეთიდან, “შვედეთის დემოკრატები”, “ბერძნული გამოსავალი” – ყველა ამ პარტიამ, კეიდინგის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფონ დერ ლაიენს მხარი დაუჭიროს, თუმცა ზოგიერთის მოლბობა ეგებ ECR პარტიული ჯგუფისთვის მოდიდო პორტფელების შეპირებით შეიძლება.
ამდენად, ფონ დერ ლაიენის ძირითადი ამოცანა მაინც Fratelli d’Italia-ს გულის მოგებაა.
რისი თქმა სურს მელონის
ჯორჯა მელონიმ თავისი პოლიტიკური ძალა მშვენივრად იცის და მისი იგნორირების საშუალებას არავის აძლევს. ჯერ კიდევ ევროპელი ლიდერების არაფორმალურ სადილზე შემოსყრა იტალიელი ლიდერი მაკრონსა და შოლცს, „ვიწრო წრეში” შეთანხმება ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების გადანაწილების შესახებ არ გამოვაო. შედეგად, ევროპული საბჭოს სამიტზე, ურსულა ფონ დერ ლაიენთან კარგი პირადი ურთიერთობის მიუხედავად, მელონიმ კომისიის პრეზიდენტად მისი წარდგენის კენჭისყრაზე თავი შეიკავა.
პროფესორი კეიდინგი გვეუბნება, რომ მაშინ მელონი იტალიის ლიდერის პოზიციიდან ლაპარაკობდა და ამასთან, როგორც ევროპარლამენტის არჩევნებში წარმატებული პარტიის თავმჯდომარე – განსხვავებით მაკრონისა და შოლცისაგან. „მელონი იმედგაცრუებული დარჩა სახელმწიფოს მეთაურებისა და პრემიერ-მინისტრების პოზიციით, რომ არჩევნების შედეგად მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები ყურად არ ეღოთ და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებულიყო.“ ამასთან კანდიდატურაზე თავშეკავება (და არა წინააღმდეგ ხმის მიცემა), კეიდინგის თქმით ფონ დერ ლაიენის მიმართ მელონის „არაპირდაპირ მხარდაჭერაზე“ კი მიუთითებდა, თუმცა უკმაყოფილების მთავარი სიგნალი „უფრო მეტად სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისკენ იყო მიმართული.“
ამავე დროს, მელონიმ ხისტი პასუხი გასცა “სოციალ-დემოკრატებისა” და ლიბერალების მცდელობას, წამყვანი პოლიტიკური პოზიციები საარჩევნო წარუმატებლობის მიუხედავად დაებევებინათ და თან მელონის ჯგუფთან კონსულტაციის გარეშე – ECR-მა წინააღმდეგ მისცა ხმა ლიბერალი კაია კალასის კანდიდატურას საგარეო საქმეთა კომისრის თანამდებობაზე და სოციალ-დემოკრატი კოშტას კანდიდატურას ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე. კეიდინგის თქმით, მელონის უნდოდა ეთქვა „მე უკმაყოფილო ვარ; თქვენ კი [წარუმატებლობიდან] ჭკუა ვერ ისწავლეთ და, შესაბამისად, მე საჯაროდ ვეწინააღმდეგები“ თქვენს კანდიდატრურებსო.
კეიდინგის აზრით, მელონის ამგვარი რეაქცია პოლიტიკური სიგნალია და არა გრძელვადიანი პოლიტიკა. მას სურს, ანგარიში გაუწიონ, თუმცა ევროპული საბჭო, პარლამენტისგან ძალიან განსხვავებულად მუშაობს. “ევროპული საბჭო ერთგვარი კლუბია, სადაც ლიდერებმა იციან, რომ ერთმანეთი სჭირდებათ,“ ამბობს კეიდინგი „ამიტომ, მე არ მიმაჩნია, რომ [მელონის წინააღმდეგ მიცემულ ხმას] რაიმე უზარმაზარი გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება ან ძირეულად შეცვლის ჩვეული მუშაობის პრაქტიკას”.
წარსულის ინერცია
ევროპარლამენტის ბოლო არჩევნების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ლიბერალურმა ცენტრმა მნიშვნელოვანად დაკარგა გავლენა, მელონისა და ლე პენის პარტიები კი დაწინაურდნენ. ჩნდება კითხვა: საშუალოვადიან პერსპექტივაში, რამდენად შეძლებენ აღნიშნული ულტრამემარჯვენე ჯგუფები გავლენა მოახდინონ ევროკავშირის პოლიტიკაზე და თავისი დღის წესრიგისკენ გადახარონ, მაგალითად, მემარჯვენე “ევროპის სახალხო პარტია” ევროპარლამენტში?
მაიკლ კეიდინგი გვიხსნის: „უპირველეს ყოვლისა, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გვესმოდეს რა უფლებამოსილება აქვს ევროპარლამენტს. მას აქვს რამდენიმე ძირითადი ფუნქცია, მათ შორის, ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერა, რადგან მას შეუძლია ვეტოს გამოყენება; მას ასევე შეუძლია პოტენციურად ვეტო დაადოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების დაწყების ინიციატივებს. ევროპარლამენტს, საბჭოსთან ერთად, აქვს ასევე საკანონმდებლო ფუნქცია, ამიტომ პარლამენტს აუცილებლად სჭირდება აბსოლუტური უმრავლესობით მხარდაჭერის მოპოვება, რათა საბჭოსთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, პარლამენტს საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ევროკავშირის ბიუჯეტზე.
ყველა ამ პოტენციური ვეტოსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჭიროა უმრავლესობა. “ევროპის სახალხო პარტიისა” და “სოციალ-დემოკრატების” წარმომადგენლობის შემცირება, რომლებიც ახლა მანდატების 45%-ს ფლობენ, ჯერ კიდევ 2019 წლის არჩევნებში დაიწყო, ასე რომ, ეს არ არის უეცარი ცვლილება. “ევროპის სახალხო პარტიასა” და “სოციალ-დემოკრატებს” აქვთ კოალიციების შექმნის გამოცდილება, როგორც წესი, ლიბერალებთან. თუმცა, ბოლო არჩევნებში ლიბერალებმა მხარდაჭერა დაკარგეს და მესამედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლეს [პარტიულ ჯგუფებს შორის]. ასე რომ, საკითხავია, აქვთ თუ არა “ევროპის სახალხო პარტიასა” და “სოციალ-დემოკრატებს” საკმარისი მანდატები და მხარდაჭერა ევროპარლამენტში საკანონმდებლო და საბიუჯეტო საკითხებში გავლენის შესანარჩუნებლად, ან მომავალი გაფართოების საკითხებსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ თავისი კურსის გასატარებლად? დასჭირდებათ თუ არა მათ ცენტრისტ მემარჯვენეთა მხარდაჭერა?“
პროფესორ კეიდინგის თქმით, დიდ მმართველ კოალიციაში ECR-ის ჩართვა რთული წარმოსადგენია სოციალ-დემოკრატების გამო. S&D ჯგუფში შემავალი ბევრი ეროვნული პარტია არასდროს წავა პარტნიორების საძებრად პოლიტიკური სპექტრის მარჯვენა მხარეს. უსოციალდემოკრატებოდ სამართავად “ევროპის სახალხო პარტიას” ყველა მემარჯვენე ჯგუფის გაერთიანება დასჭირდებოდათ, „ეს კი, გულწრფელად რომ ვთქვა, უბრალოდ არარეალურიაო“ თვლის კეიდინგი.
ამდენად, ამ პარლამენტში, ცენტრისტული მემარჯვენე და მემარცხენე მეგა-ჯგუფების კოალიცია კვლავაც განაგრძობს დამცრობილ, მაგრამ მაინც საგრძნობი ძალის მქონე ლიბერალებთან და მწვანეებთან ერთად მართვას. ECR-ის აზრის გაზიარება კი დროდადრო შეიძლება მოხერხდეს.
არადა, თუ ციფრებს შევხედავთ, ულტრამემარჯვენეებს საქმე უკეთესად უნდა ჰქონდეთ. ამ პარლამენტში სამი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფი იარსებებს: „პატრიოტები ევროპისთვის”, „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები” და „სუვერენული სახელმწიფოების ევროპა”. ისინი ერთობლივად პარლამენტის მეოთხედს წარმოადგენენ. ოღონდაც, „მხოლოდ რიცხვებით მსჯელობა არასწორი იქნებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკის კუთხით ისინი საერთო ენას ვერ გამონახავენო,“ გვეუბნება კეიდინგი და მაგალითად მოჰყავს ამ ჯგუფებს შორის ფუნდამენტური განსხვავებები ჩინეთისა და რუსეთის მიმართ, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, და ევროინსტიტუტების რეფორმირების თვალსაზრისით.
თემატური კონსენსუსი
ამდენად, მოუწევს თუ არა “ევროპის სახალხო პარტიას” მხარდაჭერის ძიება კონკრეტულად “ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორებისგან” კეიდინგის აზრით, „ეს საკითხი აქტუალურია კონკრეტულად კომისიის პრეზიდენტის არჩევის კონტექსტში და არ ეხება ევროპარლამენტის ყოველდღიურ მუშაობას,“
მისი თქმით, ევროპარლამენტის შიდა სამზარეულოში გასულ წლებთან შედარებით ბევრი არაფერი შეიცვლება. აი ჯორჯა მელონის სახელს კი ალბათ კვლავაც ხშირად გავიგებთ.