skip to content
მოსაზრებაწერილები

მოსაზრება | რუსეთთან ასეთი “მშვიდობა” ხაფანგია

1921 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც საბჭოთა რუსეთი საქართველოს იპყრობდა, ჩემი დიდი ბაბუა, ალისტორ კობახიძე, მაშინ 33 წლისა, რაჭის მთებში ჩვეულ ცხოვრებას ეწეოდა. საქართველოს ყველაზე განათლებულ და ქმედუნარიან ელიტებს ქვეყნიდან ყრიდნენ, ფიზიკურად ანადგურებდნენ, იმორჩილებდნენ, მაგრამ ამ დროს ალისტორმა არც წერა-კითხვა იცოდა, ომიც არ უნდოდა და მიმდინარე ამბები დიდად არ აღელვებდა. უფრო მეტიც, 1923 წლის მარტში, დედამისმა (ანუ ბაბუაჩემის ბებიამ) ნიკორწმინდის რევკომს სადავო მიწის დამტკიცება სთხოვა – დაუმტკიცეს. ალბათ, ალისტორი კმაყოფილი იყო.


ავტორი: ბექა კობახიძე, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი


თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, საბჭოთა ხელისუფლებამ ალისტორის შვილებს წერა-კითხვა ასწავლა, 1920-იანებში გამოატარა „კორენიზაციის“ წლები ქართული ლიტერატურით, ისტორიით, კინოთი, მაგრამ მოვიდა 1939 წელი და ალისტორის ერთი ბიჭი ფინეთთან საომრად წაიყვანეს; მეორე ბიჭი – იაპონიასთან და შემდეგ ორივე – გერმანიასთან ომში. ამ ორს უმცროსი ბიჭიც შეუერთდა 1943 წელს და ასე აღმოჩნდა მთელი ოჯახი სხვის ომებში ჩართული. ალისტორი სხვებზე იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან სამივე შვილი ცოცხალი დაუბრუნდა, თუმცა ორი მათგანი – დაინვალიდებული. უფროსი ბიჭი, ბაბუაჩემი, 1948 წელს ციმბირში გადაასახლეს და 18 წელი მიუსაჯეს, საიდანაც ხრუშჩოვის ამნისტიის შედეგად 1955 წელს დაბრუნდა. მისი შუათანა ძმა კი 1957 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რადგან საბჭოთა სახელმწიფომ ექვსი წლის მანძილზე ნაომარი კაცისთვის პენიცილინი ვერ გამონახა.

1921 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც მის პირად მშვიდობას იცავდა, რაჭაში მყოფი ალისტორი ვერაფრით იფიქრებდა, რომ საბჭოთა რუსული ოკუპაციის შედეგად მის ოჯახს ეს ამბავი დაატყდებოდა. ასეთი გამოდგა მისთვის მშვიდობის ფასი.

სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია ქართულ საზოგადოებაში ომის შიში. ჩვენს ცოცხალ მეხსიერებაში ოთხი ომი მოხდა – სამოქალაქო, ცხინვალის ორი და აფხაზეთის ომები. ოთხივედან საქართველო დამარცხებული გამოვიდა, დაღუპული ადამიანებით, ჩამოშლილი ეკონომიკითა და ასიათასობით დევნილით. რა გასაკვირია, რომ ასეთ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს ომი არ უნდოდეს და ამაზე საუბარიც კი ტრავმული იყოს.

სწორედ ამ ტრავმითა და შიშებით მანიპულირებს „ქართული ოცნება“. ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ბევრს არაფერს გვპირდება, დანაპირები მხოლოდ სამია – არ იქნება ომი, დაგვიცავენ „გაპიდარასტებისგან“ და დაასრულებენ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“. ამ სამიდან ბოლო ორი რომ გამოგონილი მტრის ხატია, ამას ბევრი ხვდება, მაგრამ პირველის – ესე იგი ომის – მართლა ბევრს ეშინია და, ასეთი შლეგი რუსეთის პირობებში, არცთუ უსაფუძვლოდ.

მაგრამ გვინდა ის ფასი გადავიხადოთ მშვიდობისთვის, რაც ალისტორის ოჯახმა გადაიხადა? შესაძლებელია მშვიდობა „რუსსკი მირში“ ვეძებოთ? თუ, შესაძლებელია, მოვახერხოთ და საქართველო-რუსეთის ურთიერთობას უფრო მოქნილი modus vivendi ვუპოვოთ?

მკაფიოა ხელისუფლების პოლიტიკა – მან ისეთი საქართველო უნდა შესთავაზოს რუსეთს, რომელიც ამ უკანასკნელს მოეწონება და აღარ მოუნდება შემოჭრა. ხელისუფლების ხედვით, ასეთი საქართველო არის ავტორიტარული და პროდასავლური ელიტებისგან (რომელსაც ის „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს) დაცლილი.

მერედა ვინ თქვა, რომ რუსეთს ეს აკმაყოფილებს და აქ გაჩერდება? ვინმემ მისცა ქართულ ოცნებას ამის გარანტია? გვაქვს სრულიად საპირისპიროს ნიშნები: 2022 წლის თებერვალში, ვლადიმირ პუტინმა ორჯერ თითო საათიანი ლექციები შემოგვთავაზა ისტორიაზე, როდესაც ჯერ ლუჰანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიარა და შემდეგ „სპეციალურ სამხედრო ოპერაცია“ გამოაცხადა.

პუტინმა იქვე გააკრიტიკა ლენინი, რომელმაც ფორმალურად დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკების შექმნა დაუშვა და ამის საპირისპიროდ შეაქო სტალინი, ვინც ერთიანი რუსეთის ფარგლებში კოლონიური მიწების (მათ შორის საქართველოს) „ავტონომიზაციის პროექტს“ უჭერდა მხარს. თუმცა იქვე პუტინმა სტალინიც გააკრიტიკა, იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა ლენინის გარდაცვალების შემდეგ არ გააუქმა საბჭოთა რესპუბლიკების ფორმალური დამოუკიდებლობა და ისინი არ შეიყვანა რუსეთის ფედერაციაში. აქ კარგად ჩანს, რა არის პუტინის იდეალი, რომლის მის ხორცშესასხმელად რუსეთმა „ახალი ნორმა“ დააწესა საერთაშორისო ურთიერთობებში, უკრაინული ტერიტორიების ანექსიით.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველ დღეებში, როდესაც კრემლში ამ „ოპერაციის“ ორ კვირაში დასრულების ილუზია ჰქონდათ, დიმიტრი მედვედევის ტელეგრამ-არხზე გამოჩნდა ბლოგი, რომელშიც რუსეთის ექს-პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებდა, რომ უკრაინის შემდეგ იქნებოდნენ ყაზახეთი და საქართველო, რადგან ამ მიწების დასაცავად რუსული სისხლია დაღვრილი და ისინი რუსეთის ნაწილები უნდა იყვნენო. რადგან უკრაინაში ელვისებური ოკუპაცია ჩაიშალა, ეს ბლოგიც გაქრა მედვედევის გვერდიდან, აქაოდა ტელეგრამი გაუტეხეს დიმიტრი ანატოლევიჩსო. ფაქტია, რომ ამ გეგმების მყისიერი ასრულება უკრაინელი ხალხის გმირულმა წინააღმდეგობამ გახადა შეუძლებელი, მაგრამ გეგმები და პუტინის იდეალები არსად წასულა, ისინი იმ მომენტამდე გადაიდო, როდესაც რუსეთს მათი განხორციელების შესაძლებლობა ექნება.

2022 წლის პირველ ნახევარში, მისდამი მინდობილ ლუკაშენკოს პუტინმა აიძულა ბელარუსი უკრაინაზე თავდასხმის პლაცდარმად გამოეყენებინა და ბელარუსული ჯარის უკრაინის წინააღმდეგ ჩართვასაც მოითხოვდა. უკრაინის წინააღმდეგ მომეტებით აომეს ბურიატები, ჩეჩნები, დაღესტნელები და სხვა დამონებული ხალხები.

საგარეო პოლიტიკის იმ იმედით კეთება, რომ რუსეთს ყველაფერს დაუთმობ და ის არ შეგჭამს, არის სიბრიყვე.

საგარეო პოლიტიკის იმ იმედით კეთება, რომ რუსეთს ყველაფერს დაუთმობ და ის არ შეგჭამს, არის სიბრიყვე. როგორც კი საქართველო ჩამოშორდება პროდასავლურ ვექტორს და დარჩება რუსეთის პირისპირ, მას ევროკავშირის ნაცვლად ევრაზიულ კავშირში მოუწევს შესვლა, ხოლო ნატოს ნაცვლად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. განმეორდება „ალისტორის ისტორია“ – ჩვენს შვილებს სხვის ომში წაიყვანენ. რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა უკვე გამოიკვეთნენ „ბოროტების ღერძად“. უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, დაეშვება რკინის ფარდა და საქართველო შესაძლოა „ბოროტების ღერძის“ მხარეს აღმოჩნდეს, სადაც მას დიდი ომების შემთხვევაში სატრანზიტო ტერიტორიის და ცოცხალი სამხედრო ძალის წარმოების ფუნქცია დაეკისრება; მშვიდობიან პირობებში, კვლავ ვიქცევით ხინკლის, ხაჭაპურისა და ფეხბურთის ეგზოტიკურ ქვეყნად, ნული სუვერენიტეტით.

სუვერენიტეტზე ქართულ ოცნებაში ბევრს საუბრობენ. ზოგს შეიძლება ამის სჯეროდეს კიდეც, ისევე როგორც თავის დროზე ბუდუ მდივანს, საშა სვანიძეს, ფილიპე მახარაძესა და სხვა „უკლონისტ“ ბოლშევიკებს სჯეროდათ, რომ საბჭოთა საქართველოს ეყოლებოდა საკუთარი ჯარი, ექნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩოები და სუვერენიტეტისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები.

საერთოდ, რუსებს სამჯერ დაუთმეს ქართველებმა ყველაფერი: პირველად, გიორგი მეთორმეტემ ქვეყნის შიდა საქმეებიც გადააბარა და ამას ჯერ სამეფოს გაუქმება, შემდეგ ბაგრატიონთა გადასახლება მოყვა; მეორედ, ქართველი ბოლშევიკები შემოუძღვნენ წითელ ჯარს და იგივე ბოლშევიკები თითქმის უკლებლივ დახვრიტეს; მესამედ, შევარდნაძემ დსთ-ში შეიყვანა საქართველო, მათ აგენტურას ჩააბარა შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროები, რასაც იგორ გიორგაძის მიერ შევარდნაძის აფეთქება მოყვა. რუსეთუმე ქართველი მავრი რომ თავის საქმეს იზამს, მავრს ისევ მოუწევს წასვლა, ჟანრის კანონია ასეთი.

ისტორიული პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ომი საშიშია, მაგრამ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულა – კიდევ უფრო საშიში.

ისტორიული პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, ომი საშიშია, მაგრამ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულა – კიდევ უფრო საშიში. მოკლე ვადაში, ბიძინა ივანიშვილისვე განცხადებით, მოხდება საქართველოს გაწმენდა თავისუფლად მოაზროვნე, ქმედუნარიანი ადამიანებისგან; გრძელ ვადაში, ჰორიზონტზე დესუვერენიზაცია, ქართველების სხვის ომებში წასხმა და აქ რეგიონული სამხედრო პოლიგონის გაკეთება მოჩანს.

რა არის ამის ალტერნატივა? ყველაფერი ანგარიშით ხდება და აქ ესაა ერთადერთი გამოსავალი: რუსეთს საქართველოში შემოჭრა უნდა უჯდებოდეს უფრო ძვირი, ვიდრე არ შემოჭრა. რუსეთისთვის საქართველოში შემოჭრის ფასს გააძვირებს შემდეგი მოცემულობები:

პირველი, საქართველომ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები უნდა დაამყაროს თურქეთთან, ჩინეთთან და ირანთან. არც ერთ მათგანს არ აწყობს, რომ კავკასიის სატრანზიტო კორიდორს რუსი ჯარისკაცი აკონტროლებდეს. ცხადია, არც ერთი მათგანი რუსეთთან საქართველოს გამო არ იომებს, მაგრამ უკვე საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი რუსეთი თავს უფლებას ვერ მისცემს მთავარ პარტნიორებთანაც გაიფუჭოს ურთიერთობა;

მეორე, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რათა რუსეთისგან მომავალი სამხედრო და ეკონომიკური საფრთხეების შემთხვევაში ქვეყანა ჰქონდეს ეკონომიკური თუ სამხედრო-ტექნოლოგიური საყრდენი. მისი ინსტიტუტები ფუნქციონირებდნენ დემოკრატიულად და 2030 წლამდე უნდა მოხერხდეს ევროკავშირში გაწევრიანება;

2022 წლის რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ბელარუსს უბიძგა მეტად გადახრილიყვნენ ჩინეთისკენ. თუ საქართველო იქცევა კონსტრუქციულად და რუსეთი მაინც შედის მისი ტერიტორიების დასაპყრობად, ეს გამოიწვევს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის კიდევ უფრო მეტ დისტანცირებას რუსეთისგან. ესეც, რუსული აგრესიისთვის გაზრდილი ფასია;

მესამე, მტრის მხრიდან სამხედრო აგრესიის პრევენციის საუკეთესო საშუალებად ძლიერი შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას. ბერნში ჰიტლერის, ხოლო ჰელსინკიში სტალინის შეჭრა არა შვეიცარიის ან ფინეთის ნეიტრალურმა სტატუსმა, არამედ ამ ქვეყნების ძლიერმა შეიარაღებულმა ძალებმა დააბრკოლეს – ძალიან ძვირი უჯდებოდათ დიქტატორებს მათი სრული დაპყრობა და ხელი აიღეს ამ განზრახვაზე. ამის საპირისპიროდ, სტალინმა 1940 წელს იოლად დაიპყრო ბალტიის ნეიტრალური რესპუბლიკები. შესაბამისად, საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი, მოდერნიზებული და მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები. სანამ ნატოს წევრობა მიუღწეველ ამოცანად რჩება, ნატოს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საქმეში ფასდაუდებელია.

ეს არის საკითხის ერთი მხარე, მაგრამ თუ ზომიერად არ ვიმოქმედებთ, რუსეთს შეიძლება უღირდეს (ან ასე ჩათვალოს) ყველა ზემოხსენებული ფასი გადაიხადოს საქართველოს ოკუპაციისთვის.

რა აშინებს რუსეთს და რას შეგვიძლია მოვერიდოთ?

ერთია ნატოში საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაციის მცდელობა, მანამ, სანამ ნატო ამისთვის მზად არ არის. ხომ არ ჯობია ჩავდგეთ სტრატეგიული მოთმინების პოზიციაში და შევინარჩუნოთ ნატოში ინტეგრაციის პროცესი „ნელ ცეცხლზე“ ერთი მხრივ რუსეთთან სავაჭროდ, ხოლო მეორე მხრივ ნატოსგან მეტი სარგებლის (წვრთნა, აღჭურვა) მისაღებად?

მეორეა საქართველოში “ანტირუსეთის” შექმნა: სახელმწიფოს ჩართულობა რუსეთის წინააღმდეგ ომში მოხალისეთა შესაგროვებლად; ანტიპუტინური ოპოზიციისთვის ჰაბის გაკეთება; ანტირუსული რიტორიკის არასაჭირო ესკალაცია; ორმხრივი ეკონომიკური სანქციები; „დემოკრატიის ექსპორტის“ მცდელობები. ხომ არ ჯობია ეს მძიმე ტვირთი მათ ზიდონ, ვისაც ნატოს ქოლგა ახურავთ თავს?

რუსეთს მხოლოდ „არ გაღიზიანებით“ ვერ მოთოკავ, არც რუსეთთან რამეზე შეთანხმებაა გამოსავალი, მაგრამ შეგვიძლია მას მშვიდობისა და აგრესიის ისეთი ბალანსი შევთავაზოთ, რომელშიც მას აგრესია უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე დემოკრატიულ საქართველოსთან თანაარსებობა.


ამ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისაა და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას. 

მსგავსი/Related

Back to top button