skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენა საქართველოსა და მოლდოვაში აშშ-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით

23 ივლისს, აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში გაიმართა მოსმენა, რომელზეც წინასაარჩევნოდ საქართველოსა და მოლდოვაში არსებული სიტუაცია და ამ ქვეყნებისადმი აშშ-ს პოლიტიკა განიხილეს. სხდომაზე, რომელსაც კონგრესმენი თომას კინი თავმჯდომარეობდა, მოხსენება გააკეთეს ჯოშუა ჰაკმა და ქრისტოფერ სმიტმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებმა სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში. ასევე, მოხსენებით წარსგა ალექსანდერ სოკოლოვსკი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე.

მოსმენა გაიმართა საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისა და მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში, რომლებიც ოქტომბერშია დაგეგმილი. საქართველოსთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა ისეთ საკითხებზე დასვეს კითხვები, როგორიცაა უცხოური აგენტების შესახებ ახლახან მიღებული კანონი, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ასევე რუსეთისა და ჩინეთის გავლენის გაძლიერება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მოსმენას ესწრებოდა აშშ-ში მოლდოვას ელჩი, თუმცა არ ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში.

გახსნითი სიტყვა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თომას კინმა მოსმენის გახსნისას უკანასკნელ წლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში, მოლდოვისა და საქართველოს მიერ აღებულ საპირისპირო ტრაექტორიებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მოლდოვა იმყოფება “პოსტსაბჭოთა წარმატების ისტორიად ჩამოყალიბების გზაზე.”

“შავი ზღვის გადაღმა, საქართველო, სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში მოლდოვისაგან ძალიან განსხვავებულ გზას გაჰყვა“, – აღნიშნა კინმა. მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ათწლეულებზეც ისაუბრა. “საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველმა ხალხმა გამოავლინა განსაკუთრებული მიზანდასახულობა, უკან მოეტოვებინა ქვეყნის საბჭოთა წარსული და წამოეწყო უფრო ახლო ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან,” აღნიშნა მან. აშშ-საქართველოს სამხედრო ურთიერთობების კონტექსტში საუბრისას, კინმა ხაზი გაუსვა, რომ “ქართველებმა იბრძოლეს და სისხლი დაღვარეს არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის დასაცავად 2008 წელს რუსეთის აგრესიული ომისაგან, არამედ ასევე აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეების გვერდით ბრძოლისას. საქართველო იყო ყველაზე მსხვილი ნატოს არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებში.”

კინმა აღნიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობისა და დახმარების ფონზე, “პარტია ქართული ოცნების ხელმძღვანელობით საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები ძალიან იმედგამაცრუებელია.” მან თქვა, რომ “საქართველოს კანონმა უცხოელი აგენტების შესახებ გააფუჭა საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან”. მან ქართული ოცნების მიერ პარლამენტში მიღებული კანონი, მოიხსენია როგორც საფრთხე, რომელიც უკან ხევს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს მიერ ათწლეულების მანძილზე მძიმე შრომის შედეგად მიღწეულ პროგრესს.

ქართული ოცნების ქმედებები “სულში აფურთხებს ქართველ ხალხს, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას,” დაასკვნა მან.

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ბილ კიტინგს ორი გზავნილი ჰქონდა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხისთვის. საქართველოს მთავრობის ქმედებები “უპასუხოდ არ დარჩენილა და არც დარჩება,” განაცხადა მან და ხაზი გაუსვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების ამოქმედებასა და ეკონომიკური სანქციების პოტენციურ დაწესებას. კიტინგმა ქართველ ხალხს უთხრა, რომ “ეს კონგრესი და ადმინისტრაცია გააგრძელებს თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას ისე, როგორც ამას ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე აკეთებდა.”

მომხსენებლების სიტყვა

ჯოშუა ჰაკმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროდან გახსნით სიტყვაშივე ხაზი გაუსვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განგრძობით მხარდაჭერას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ. ამავდროდულად მან აღნიშნა, აშშ -ს პოზიცია, რომ საქართველო მთავრობა არასწორი მიმართულებით მიდის.

“ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კოლეგებთან სხვადასხვა უწყებიდან დამატებით ნაბიჯებზე, მათ შორის მხარდაჭერის პროგრამების გადამისამართების ან შეჩერების, ასევე პოლიტიკური ჩართულობის გაუქმების მიმართულებით. თავდაცვის დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა საქართველოში სამხედრო წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ,” თქვა მან. “ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ საკუთარ ქმედებებს და დაუბრუნდებიან საქართველოს დიდი ხნის გაცხადებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,” თქვა ჰაკმა.

მან კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა მოსმენის ჩატარებისათვის და აღნიშნა: “ეს მოსმენა ტარდება ძალიან მნიშვნელოვან დროს როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, ისე საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის.” მან ასევე აღნიშნა, რომ “საქართველოს მთავრობა მკვეთრად არის გადახრილი ქვეყნის ადრინდელი დემოკრატიული ტრაექტორიიდან, რაც საფრთხეში აყენებს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. მან მიიღო არადემოკრატიული კანონმდებლობა, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება და განახორციელა დეზინფორმაციული და სიტყვიერი თავდასხმები ათწლეულების მანძილზე საქართველოს მხარდამჭერი შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ.” ჯოშუა ჰაკმა ისაუბრა უცხოური აგენტების შესახებ კანონისა და რუსულ კანონთან მისი მსგავსების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს კანონი “გამოხატავს ქვეყნის ანტიდემოკრატიულ გადახრას.” ჯოშუა ჰაკმა ასევე საქართველოს არასამთავრობო სექტორისა და დემოკრატიისათვის ამ კანონის უარყოფით შედეგებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კანონი მიიღეს მოქალაქეთა მასობრივი წინააღმდეგობის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისა კრიტიკისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნების მიუხედავად.

მან აშშ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში განვითარებული ისეთი მოვლენები მიმოიხილა, როგორიცაა კორუმპირებული მოსამართლეების დასანქცირება, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება, დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი ქმედებების საპასუხოდ ქართველი თანამდებობის პირების მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესება, სამხედრო წვრთნების “ღირსეული პარტნიორი” გაურკვეველი დროით გადადება, და ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის პროცესი.

ჰაკის მიერ დასახელებული საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამოსასწორებლად გადასადგმელი ნაბიჯები მოიცავს უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაუქმებას, შეერთებული შტატების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტას, სხვა არადემოკრატიული კანონმდებლობის შეჩერებას და წინასაარჩევნო პერიოდისა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფას.

მომხსენებელმა თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და აშშ-ს მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების “ურყევ” მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. “საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა, ამიტომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს ემუქრება რუსეთისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი დღემდე ოკუპირებული აქვს,” თქვა მან.

“მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ რჩება ურყევი და უცვლელი. ამერიკელები და ქართველები იზიარებენ განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულზე. ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი, უსაფრთხო და დემოკრატიული საქართველოს კიდევ უფრო განვითარების მხარდაჭერას,” დასძინა მან.

ალექსანდერ სოკოლოვსკიმ, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილემ მოხსენება დაიწყო იმით, რომ “საქართველოში ამ მომენტში ქვეყნის მომავლის შესახებ ღრმა შეშფოთების წინაშე ვდგავართ.” მან ასევე უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ მიტინგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ახლახან უცხოური აგენტების კანონის მიღება არის არასაჭირო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და ახდენს საქართველოს პოლარიზებას.” მისი თქმით, კანონი საგანგაშოა არამხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსულ უცხოური გავლენის კანონს ეფუძნება, არამედ “იმ მმართველობის მოდელის გამოც, რომელსაც იგი განასახიერებს და რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მზარდ სტიგმატიზაციასა და უნდობლობას იწვევს და ზღუდავს მის აქტივობებს.”

მან ისაუბრა USAID-ის მიერ დემოკრატიის განმტკიცებისა და საქართველოს განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევაზე და გამოხატა მწუხარება, რომ საქართველო გადაუხვია დემოკრატიულ ტრაექტორიას.

“საქართველოში არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით,” სოკოლოვსკიმ ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე მიმოხილვის გაგრძელების აუცილებლობას.

ოქტომბრის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას სოკოლოვსკიმ თქვა, რომ “USAID მხარს უჭერს მრავალმხრივ პროგრამებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის: ეს მოიცავს წინასაარჩევნო შემფასებელ მისიებს, გრძელვადიან და მოკლევადიან საერთაშორისო და შიდა სადამკვირვებლო საქმიანობას, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი მედიის მიერ არჩევნების გაშუქებას.” მან დასძინა, რომ “ისე, როგორც არასდროს, გვჯერა, რომ საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერებისა და სახალხო ნდობის უზრუნველსაყოფად ბევრი წყაროს მიერ ყოვლისმომცველი ზედამხედველობა გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.”

შეკითხვები

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მომხსენებლებს კითხვები დაუსვეს აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა: თომას კინმა, ჯო უილსონმა, მადლენ დინმა, ენ ვაგნერმა, დინა ტიტუსმა, ჯიმ კოსტამ და ბილ ჰუიზენგამ.

უცხოური აგენტების კანონი და FARA

თავმჯდომარე კინის კითხვაზე, თუ რა განსხვავებაა საქართველოს უცხოური აგენტების კანონსა და ამერიკულ FARA-ს შორის, ჰაკმა განმარტა, რომ საქართველოს აქტი მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს ეხება, ხოლო FARA ათავისუფლებს მედია ორგანიზაციებს, თუკი მათი 80 პროცენტის მესაკუთრე ამერიკელია. ქართული კანონი ასე არ მიჯნავს და უფრო მეტიც, “კონკრეტულად მიზანში იღებს მედიას.” კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ საქართველოს კანონი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ საიდან მოდის დაფინანსება და არ ინტერესდება იმით, თუ რას წარმოადგენს ან აკეთებს ორგანიზაცია, ხოლო FARA უყურებს ორგანიზაციის ქმედებებს, აღნიშნა მან.

კონგრესმენი კინი დაინტერესდა რუსეთში არსებული მსგავსი კანონმდებლობით, რაზეც ჰაკმა აღნიშნა, რომ ნამდვილად არის მკაფიო მსგავსებები, როგორც კანონის ბუნების, ისე მიზნების თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქართული კანონი ქართულ ოცნებას ხელისუფლების კრიტიკოსთა დასასჯელად გამოყენება სურთ.

უცხოური აგენტების კანონის გავლენა ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებზე საქართველოში

კონგრესმენების, კინისა და დინის შეკითხვები ეხებოდა ამ კანონის გავლენას სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებზე საქართველოში, რაზეც სოკოლოვსკიმ განაცხადა, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც ამ სააგენტოებმა უნდა გადადგან, უფრო ცხადი გახდება მას შემდეგ, რაც აგვისტოში კანონის აღსრულების წესები გახდება ცნობილი. იმავდროულად, “ჩვენი მისია თბილისში მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან იმაზე, რასაც ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობის პროაქტიულ სტრატეგიას (‘lean in strategy”) ვუწოდებთ. ჩვენ მათ ვეხმარებით, ამ გარემოში გადალახონ ეს გარდამავალი პერიოდი და მათ ვთავაზობთ სერვისების ნაკრებს, რაც ჯერ აქამდე არ დასჭირვებიათ.”

რეგიონული უსაფრთხოება და ჩინეთის გავლენა

კონგრესმენმა კოსტამ ჰაკს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მაგალითზე, იმ გაკვეთილებზე ჰკითხა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას დემოკრატიული მედეგობის საკითხებთან გამკლავებისა და სხვა ძალისხმევისათვის რეგიონში. ჰაკმა აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის მავნე მიზნებით მთელ სამხრეთ კავკასიაში. “ნათელია, რომ რუსეთი აღიქვამს ამ რეგიონს, როგორც არეალს, სადაც მას უნდა ჰქონდეს უპირატესობა და მას სურს ნახოს სუსტი, გაყოფილი და იზოლაციაში მყოფი ქვეყნები მის საზღვართან, რითაც შემდეგ ისარგებლებს,” – თქვა ჰაკმა.

წარმომადგენლიბითი პალატის წევრი ჰუიზინგას შეკითხვა შეეხებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობასა და უფრო კონკრეტულად, ჩინეთ-რუსეთის ალიანსსა და საქართველოში ჩინეთის გავლენის ურთიერთქმედებას. ჯოშუა ჰაკმა აღნიშნა, რომ აშშ განსაკუთრებით შეშფოთებულია რამდენიმე იმ კომპანიის გამო, რომელიც ჩართულია კონსორციუმში და რომელიც, კონტრაქტის მიხედვით, ააშენებს აღნიშნულ პორტს. მისი თქმით, აშშ-ს ცნობით, ერთ-ერთ ამ კომპანიას ჩინეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან აქვს კავშირი.

წარმომადგენლობითი პალატის წევრის, ვაგნერის კითხვა შეეხებოდა რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ პოტენციურ წუხილებს, რომელიც თან ახლავს ანაკლიის პორტის მშენებლობას. ჰაკმა აღნიშნა, რომ გასაკვირია, რომ ქართული ოცნების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩინეთი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს აფინანსებს, შესაფერისი სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მ ეს საკითხი საქართველოს მთავრობასთან დააყენა და მოუწოდა მას, რომ ამ პროექტისათვის შეეხედა ისე, როგორც სტრატეგიული რისკისათვის.

“ჩინეთთან პარტნიორობით მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებელის პარალელურად” თქვა მან, “საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ის ფასი და რისკები, რომლებიც ჩინეთზე დამოკიდებულებას ახლავს და მოწყვლადს ხდის საქართველოს ეკონომიკური ზეწოლისადმი.”

კონგრესმენმა უილსონმა ჰაკს და სოკოლოვსკის ოქტომბრის არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით აშშ ადმინისტრაციის გეგმების შესახებ ჰკითხა. ჰაკმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ერთი მხრივ თავს ესხმის აშშ-სა და სხვა პარტნიორებს, მეორე მხრივ კი საკუთარ მხარდამჭერებს აჯერებს, რომ საქართველო კვლავ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზეა. ჰაკმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია “საქართველოს მთავრობისთვის მკაფიო და მაღალი დონის პირდაპირი გზავნილების მიცემა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არასწორი მიმართულებით მიდიან, და იმის განსამარტად, თუ რისი გაკეთებაა საჭირო ევროატლანტიკური ტრაექტორიის გზაზე დასაბრუნებლად.” სოკოლოვსკიმ დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გაამახვილოს ყურადღება საარჩევნო პროცესზე, რათა დაეხმაროს საქართველოს სწორი მიმართულებით სვლაში წინასაარჩევნო შემფასებელი მისიებისა და დამკვირვებლების მუშაობის ხელშეწყობით.

მომავალი სანქციები და ნაბიჯები

წარმომადგენლობითი პალატის წევრი ვაგნერი დაინტერესდა, აპირებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ქართული ოცნების თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების დაყენების კონტექსტში. ჰაკმა განაცხადა, რომ “ეს არის აქტიური პროცესი, რომელიც მოითხოვს, რომ განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში კორუფციისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის ძირის გამოთხრისათვის პირების ანგარიშვალდებულების საკითხის დასაყენებლად გვაქვს.” სახელმწიფო დეპარტამენტს არ შეუძლია საჯაროდ განიხილოს ეს პოტენციური ნაბიჯები, რადგან ისინი ჯერ ისევ სამუშაო პროცესშია. ჰაკმა მიმოიხილა აშშ-ს მიერ უკვე დაწესებული სანქციები და კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სავიზო შეზღუდვები.

ჰაკმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა იმის გააზრება რომ საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს: “მათ სურთ გააკრიტიკონ შეერთებული შტატები და ევროპელი პარტნიორები და ამავდროულად, საკუთარ ხალხს ეუბნებიან, რომ მაინც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არიან,”- თქვა მან. “ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია.”

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button