ახალი ამბები

დავით კეზერაშვილი მის მიმართ ბრალდებებს პასუხობს

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, დავით კეზერაშვილმა 2 აპრილს მისსავე ტელევიზიასთან ვრცელ ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად, წინა ხელისუფლების ცვლილებაზე, საქართველოში მის ბიზნესწილებზე, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე და ქართულ პოლიტიკაში მისი ჩართულობის ხარისხზე ისაუბრა.

ხელისუფლების ცვლილება

თავდაცვის ყოფილმა მინისტრის შეფასებით, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება „მოსალოდნელი, ლოგიკური და სწორი იყო“, რადგანაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა, რომელიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა, უნდა წასულიყო და ეს იყო ხალხის დაკვეთაც. მანვე ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემაც სასამართლო სისტემის რეფორმის ბოლომდე არმიყვანა დაასახელა, რომლისთვისაც „ვერ გამოინახა სწორი დრო და ეს იყო შეცდომა“.

„იყო მუდმივი გამოწვევები, რომლებიც პირველივე დღიდან თან სდევდა [მიხეილ] სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და ხდებოდა ამის [სასამართლო სისტემის რეფორმის] გადადება, დღეს, ხვალ, ცოტა მერე და ბოლოს ისე დასრულდა, როგორც დასრულდა“, – თქვა მან და დაამატა, რომ „უსამართლოდ“ მიიჩნევს ოჯახთან ერთად დევნილობაში ყოფნას, ისევე, როგორც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებასა და დევნას.

თავდაცვის მინისტრობიდან ბიზნესში – რა წილებს ფლობს იგი საქართველოში?

„ფორმულასთან“ ინტერვიუში დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობიდან ბიზნესში მისი გადასვლის შესახებაც ისაუბრა და უარყო ბრალდებები, რომ პოსტიდან „ფულით“ წამოვიდა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვების შემდეგ, მას პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა კერძო სექტორში გადაბარგება ამჯობინა. მისი მონაყოლით, წარსული თანამდებობების გათვალისწინებით, მას საქართველოში ბიზნესშესაძლებლობების შესახებ წარმოდგენა ჰქონდა და რამდენიმე მეგობართან ერთად ნავთობპროდუქტების გადაზიდვის კომპანია დააარსა. მისი თქმით, კონტაქტების დახმარებით, ახალმა კომპანიამ, სხვებისგან განსხვავებით, პარტნიორებს, „გამარტივებული, ერთი ფანჯრის პრინციპი“ შესთავაზეს, რამაც „ძალიან კარად იმუშავა“.

„სამწუხაროდ 2012 წელს მე მომიწია, რომ დამეთმო ჩემი წილები. ეს იყო ერთგვარი მოთხოვნა ახალი მთავრობის მხრიდან და დამეტოვებინა საქართველო. მე ასეც მოვიქეცი და გავედი საქართველოდან“, – განაცხადა კეზერაშვილმა და დასძინა, რომ იგი საქართველოში ბიზნესს აღარ ფლობს და მისი ერთადერთი აქტივი ტელეკომპანია „ფორმულაა“. მანვე ე.წ. „ქოლ ცენტრების“ არალეგალური ბიზნესის ფლობის შესახებ ბრალდებებიც უარყო და მას „აბსურდი“ უწოდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, იგი ამჟამად რამდენიმე ქვეყანაში ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მიმართულებით საქმიანობს, თუმცა კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავს იკავებს, რადგანაც მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები „ცდილობენ პრობლემების შექმნას“.

დავით კეზერაშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლებისგან ქვეყნის დატოვების შესახებ „პირველი შემოთვლა“ ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე მიიღო, რა დროსაც უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიჭერდნენ. „პირველად სერიოზულად არ აღმიქვამს, თუმცა არჩევნების შემდეგ შემოთვლები გახშირდა, მიიღო უფრო სერიოზული სახე და 7 ოქტომბერს ოჯახთან ერთად წავედი საქართველოდან“.

მისივე თქმით, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი არასდროს ჰქონია და „მასთან დაახლოებული ადამიანები გამოდიოდნენ ხაზზე“, მათ შორის, კეზერაშვილის პარტნიორების მეშვეობით. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, საქართველოში ბიზნესწილების დათმობის შემდეგ, მის მიმართ კიდევ ერთი მოთხოვნა ქართული პოლიტიკისგან დისტანცირება იყო.

„მე ისედაც არ ვერეოდი ქართულ პოლიტიკაში, თუმცა მყავდა უამრავი მეგობარი, რომელიც პოლიტიკოსია დღესაც (მათ შორის, ქართულ ოცნებაში) და [ვუთხარი, რომ] ვერ შევწყვეტდი ამ ადამიანებთან ურთიერთობას… მათ ეს მიიღეს, მაგრამ აქედან რამდენიმე თვეში აღძრეს პირველი საქმე, ალბათ ჩათვალეს, რომ ეს ურთიერთობა იყო პოლიტიკური და არა მეგობრული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამას უკვე მისი პირველი დაკავება მოჰყვა საფრანგეთში, რის შემდეგაც მიხვდა, რომ „ეს ადამიანები სერიოზულად არიან დევნით დაკავებულები“.

კეზერაშვილის მიმართ ბრალდებები

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ის რა მდგომარეობაშიც, ოჯახთან ერთად იმყოფება, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძახილია. „არ ვარ იმ აზრის, რომ მე დამდევს კრემლი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ის, რაც მოხდა საქართველოში, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, არის მთლიანად „ნაც. მოძრაობის“ ხელისუფლების გასამართლება და იმ დონემდე ჩასვლა, რომ ოფიცრებიც კი იყვნენ საფრთხის წინაშე, ზოგიერთები დაიჭირეს კიდევაც და ქვეყნიდანაც განდევნეს“.

მან დღეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა „ომსაც“ შეადარა, „უბრალოდ სხვა ფორმებით“. „მე ვიმყოფები ამ ბრძოლაში და როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი, ვიბრძვი იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც უპირისპირდება საქართველოს და ცდილობს წაიყვანოს იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობას ჩანს, რომ არ უნდა“, – თქვა მან და დასძინა – „კი ეს ომი გრძელდება და ეს არის მიზეზი, რის გამოც მე ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ“.

კეზერაშვილმა უარყო ქართული ჯარის „გაძარცვაზე“ მის მიმართ ბრალდებები თქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მოქმედს 2 მლრდ ლარიანი თავდაცვის ბიუჯეტი გადააბარა, რაც „თითქმის 30-ჯერ მეტია, რაც იყო მანამდე“. მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ დატოვა „ევროპული სტანდარტების ჯარი, რომელიც შეიარაღებული იყო იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე შეიარაღებით, რომელიც იყო ჩვენთვის ხელმისაწვდომი“.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა წვრთნების საქმეზე მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით თქვა, რომ ისინი ნამდვილად ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ისრაელიდან 200-მდე მაღალი კვალიფიკაციის მქონე უმაღლესი რანგის ყოფილი ოფიცრები იმყოფებოდნენ. წვრთნები მიმდინარეობდა, თუმცა შუაში, როდესაც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა [სავარაუდოდ, გულისხმობს რუსეთს] გაიგეს, რაღაც ხერხებით დაუკავშირდნენ ისრაელის მთავრობას და მივიღეთ თხოვნა, რომ უნდა შეგვეცვალა კონტრაქტი, მაგრამ ბოლო ოფიცრებმა, რომლებიც წვრთნიდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, [ქვეყნის] ტერიტორია სარფის გავლით დატოვეს [2008 წლის] 10 აგვისტოს… ეს არის დადასტურებული ფაქტები“.

მისივე თქმით, წვრთნების საქმეზე, საქართველოს მთავრობის თხოვნით, გამოძიება 2014 წელს ისრაელშიც გამოძიება, რამდენიმე წელს გაგრძელდა, თუმცა როდესაც დაადგინეს, რომ წვრთნები ჩატარდა, თანხაც გადახდილი იყო და „ყველაფერი არის წესრიგში“, საქმე დახურეს. „საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში მე შემიძლია ვთქვა ამაყად რომ, მაქვს შეტანილი ჩემი საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი და მე ეს მხოლოდ მიხარია“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებთან კავშირი

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფის შესახებ საუბრისას, დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ იგი ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობას აგრძელებდა და პარტიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მათში არ მონაწილეობდა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული დეპუტატების მიერ „ევროპული საქართველოს“ შექმნის პერიოდში იგი უკვე ხვდებოდა, რომ ქართული პოლიტიკიდან სრულად დისტანცირება არ გამოდიოდა, ამიტომ იგი ახალ პარტიას „გარკვეულწილად“ მხარსაც უჭერდა.

მანვე უარყო ვერსია, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ევროპული საქართველოს“ ნაწილის გამოყოფა მისი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის შედეგი იყო და თქვა, რომ „ეს ვერსია არსებობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას აწყობს, რომ ეს ვერსია არსებობდეს“. „არა, მე არ მიმიღია ამაში არანაირი მონაწილეობა“, – განმარტა მან და თუმცა დასძინა, რომ ამის შესახებ იცოდა.

მანვე „ევროპულ საქართველოსთან“ დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ მიუხედავად მოლოდინებისა რომ ამ პარტიას „წესით უნდა ჰქონოდა ყველა შანსი, ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი ძალა ქართულ პოლიტიკაში, ასე არ მოხდა“. კეზერაშვილის განმარტებით, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან პარტიის ხელმძღვანელ პირებს მიდგომების შეცვლა ურჩია, რამაც მათი ნაწილი გააღიზიანა. „დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, რაშიც ვართ – ისინი მე მაბრალებენ თავიანთ წარუმატებლობას, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არ არის ჩემი ბრალი“.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო დროს განვითარებული პროცესების შეაფასა და პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელასთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ყველაფერი ნიკა მელიას 2017 წლის საჯარო გამოსვლით დაიწყო, როდესაც მან კეზერაშვილს „კრიმინალი“ უწოდა. კეზერაშვილის განმარტებით, იგი მელიას პირადად არ იცნობდა და მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მასთან შეხვედრის სურვილი თავად მელიამ გამოთქვა და არა პირიქით.

კეზერაშვილის მონათხრობით, შეხვედრის შემდეგ, მელიასთან ურთიერთობები „ძალიან ნორმალურად მიდიოდა“, თუმცა საპარლამენტო არჩევნებისა და ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ, „რატომღაც ჩაითვალა, რომ პარტიაში საქმის კეთებაში მე მისთვის ხელის შეშლა დავიწყე“. „ასეთი არაფერი არ ყოფილა, არაფერი არ ჩავრეულვარ და არც არაფერი მომითხოვია ან ვინმეს გაშვება, მოყვანა, სიაში ჩაწერა“, – ხაზი გაუსვა მან.

„ის [მელია] რაღაცაზე გაბრაზდა და შემდეგ ეთერით ვიხილე ის, რაც მან გააკეთა, გამოაცხადა რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა… შემდეგ ჩატარდა [პარტიის თავმჯდომარის] არჩევნები, მან წააგო და ამით დასრულდა ეს ისტორია“, – თქვა დავით კეზერაშვილმა და დაამატა, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ხელმძღვანელობასთან მეგობრობს და საჭიროების შემთხვევაში მათ „დიდი სიამოვნებით“ დაეხმარება. „ჩემი ამოცანაა, ამ ბრძოლაში ვიყო ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული გზისკენ ბრძოლას გულისხმობს“.

„მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობა განსაკუთრებულია“

პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ მასთან „განსაკუთრებული“ ურთიერთობა აქვს და „ძალიან წუხს“, „იმის გამო რა მდგომარეობაშიც ჩააყენა დღევანდელმა ხელისუფლებამ“. „იმედი მაქვს, ისინი გონს მოვლენ და არ დააყენებენ იმ შედეგს, რომელი შედეგიც კატასტროფული იქნება“.

კეზერაშვილის განმარტებით, მას ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი დაბრუნების უკან „კონსპირაციას“ და „მსოფლიო შეთქმულებას“ ვერ ხედავს. „ეს, უბრალოდ საქართველოს დღევანდელ მთავრობას უყვარს კონსპირაციული თეორემების აგება – ვიღაცა ომში ითრევს და ა.შ. მე ასე არ ვფიქრობ“.

„ამ გადაწყვეტილების შეფასება, პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ, გამიჭირდება, რადგან ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ წმინდა ადამიანური კუთხით, ვფიქრობ, მან რთული, სახიფათო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მას კარგად უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყვავილებით არ დახვდებოდა. კრემლი, პუტინი ქართულ ხელისუფლებას უფლებას არ მისცემდა, რომ ის გარეთ გაეშვათ და საქართველოში ჩვეულებრივად გაგეგრძელებინა მოღვაწეობა“, – თქვა მან და დასძინა, რომ სამომავლოდ ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილს თავისი როლი მაინც ექნება.

7-9 მარტის აქციები

„უცხოეთის აგენტებზე“ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული რუსული ტიპის კანონპროექტების საწინააღმდეგოდ 7-9 მარტს გამართულ აქციებზე საუბრისას, დავით კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომ „2012 წელს ხალხმა მათ მანდატი მუდმივად არ მისცა“. მისი შეფასებით, მოქმედ ხელისუფლებას „უგროვდება შეცდომების ის რაოდენობა, როცა ქართველი ხალხი ეტყვის – გადაბრძანდით ოპოზიციაში და ვიღაც სხვა მოვა“.

კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში, ისინი ამას ან მიხვდებიან და ყველაფერს ისე გააკეთებენ, რომ „საქართველოს პრობლემები არ შეექმნას“ ან ჩათვლიან, რომ „დააკლეს მკაცრი ხელი და დაიწყებენ უფრო მეტ წნეხს პოლიტიკურ სპექტრზეც, სამოქალაქო საზოგადოებაზე, მოქალაქეებზეც“. „ამ წუთას რასაც ვხედავთ, ისინი ამ გზით მიდიან“, – განაცხადა მან და ამ პროცესში ოპოზიციის გადამწყვეტ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„უფრო მეტი საერთო [უნდა] იპოვონ იმ ადამიანებთან, ვინც მათი ან პოტენციური ამომრჩეველია. მეტი უნდა შესთავაზონ და დაარწმუნონ, რომ ისინი არიან ის ხალხი, რომელიც საქართველოს მიიყვანს საბოლოო შედეგამდე – ევროპულ გზამდე“, – თქვა კეზერაშვილმა და ოპოზიციურ ფლანგზე არსებული „პრობლემების“ მიუხედავად, იმედი გამოთქვა, რომ „ეს შეთავაზებები მალე დაიწყება“.

საბოლოო განაჩენის მოლოდინი და სამომავლო გეგმები

დავით კეზერაშვილის მოლოდინით, ხელისუფლება „ბოლომდე წავა“ და ე.წ. „წვრთნების“ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, საბოლოოდ, ის ამ დავას წააგებს და მისი აღსრულებაღა დარჩება. „აღსრულება იქნება ხელისუფლების ხელში, როდის და როგორ აამოქმედოს ეს ბერკეტი „ფორმულას“ წინააღმდეგ. ალბათ, დაელოდებიან პოლიტიკურ ამინდს და იმ მომენტში იზამენ, როდესაც ისინი ჩათვლიან, რომ სწორია“.

თუმცა, მისივე თქმით, „გეგმები არსებობს“ და საქმე „ასე მარტივად არ არის“. „მათ შეიძლება წაიღონ „ფორმულა“, დახურონ „ფორმულა“ ამ ფორმით, წაიღონ შპს „ფორმულას“ ჩემი წილი, მაგრამ ისინი ვერაფერს უზამენ იმ გუნდს, რომელიც იქ არის. ვერაფერს უზამენ სურვილს, რომ „ფორმულა“ არსებობდეს და მე ეგ სურვილი მაქვს“, – განაცხადა მან და დასძინა – მე გადაწყვეტილება მაქვს და „ფორმულა“  გაგრძელდება. გაგრძელდება შეიძლება სხვა ფორმით, სხვა ადგილიდან, სხვა ვითარებაში, მაგრამ გაგრძელდება“.

რაც შეეხება ქართულ პოლიტიკაში მის სამომავლო ჩართულობას, დავით კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ ის არც პარტიულია, ამ ეტაპზე არც პოლიტიკური პარტია აქვს და მის შექმნას არც სამომავლოდ აპირებს. თუმცა, მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური ადამიანი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი პოზიცია არ უნდა ჰქონდეს. „რაღაც მომენტში [საქართველოში] ცხოვრებას ვაპირებ, როცა ამის შესაძლებლობა მომეცემა. როცა იქ ცხოვრებას აპირებ, სულერთი ვერ იქნება, რა ქვეყანაში ცხოვრობ“, – დასძინა კეზერაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button