ბოლო თვეებში, “მოძრავ სახალხო უნივერსიტეტთან“ ერთად, არაერთ სოფელსა და დაბაში მომიწია ჩასვლა. ახალგაზრდებთან ბევრი ვისაუბრეთ ევროკავშირის სიკეთეებზე, ვალდებულებებზე, იმ შიშებსა და შფოთვებზეც, რაც ევროკავშირთან დაახლოებას ახლავს. სოფლის ახალგაზრდები ევროკავშირში წევრობის მთავარ სიკეთეებს – უკეთესი განათლება, ჯანდაცვა, სამუშაო პირობები და მეტი თავისუფლება – ისეთი შესაშური სიცხადით ჩამოთვლიან, რომ არაერთ თბილისიდან ჩასულ, გარუჯულ და უგლუტენო სადილობას დაჩველ “მისიონერს” დატოვებენ სახტად.
ავტორი: გიორგი ფანიაშვილი, ანალიტიკოსი, ლექტორი
არც შიშებთან გამკლავება და შფოთვების მართვა გახლავთ ახალგაზრდების დიდი პრობლემა. მათ აბსოლუტურ უმრავლესობს არც სხვა კულტურებთან გადაკვეთა აშინებთ, არც სარწმუნოებისა თუ ტრადიციების დაკარგვა – ეს ყველაფერი უფროს თაობაში მოიკითხეო – გეტყვიან.
ერთადერთი საკითხი, რაზეც ისინი ევროკავშირზე საუბრისას გადიდებული თვალებით ჩაგეკითხებიან არის – რას იზამს რუსეთი, ომი ხომ არ იქნება?
ომის შიში
ხომ არ გამოიწვევს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება რუსეთის გაღიზიანებას და შემდეგ ომსაც – როგორც ჩანს, ესაა მოსახლეობის მთავარი შიშიცა და საფიქრალიც სოფლად თუ ქალაქად. აშკარაა, რომ ომის შიშის დანერგვა მმართველი პარტიის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს შიშიცა და შეკითხვაც სულაც არაა საფუძველს მოკლებული. მოქალაქე მშვენივრად აცნობიერებს, რომ ევროკავშირში გაწევრების გზაზე, რეალური უსაფრთხოების გარანტიების არმქონე საქართველოს უამრავი წინაღობა ელოდება. თუმცა, წვრილმან მუხანათობებს და კვანტის დადებას ჩვენი მრავალი თანამოსაუბრე ისე არ ჩივის, როგორც თავზეხელაღებული რუსეთის შესაძლო შემოჭრას და ომის გაჩაღებას.
გონიერმა და მადლიერმა ქართველმა მშვენივრად უწყის, რომ მისი ევროპული მომავალი უკრაინის თავგანწირულმა წინააღმდეგობამ გამოკვეთა, მაგრამ სწორედ უკრაინა და იქ მძვინვარე საშინელი ომია მისი შფოთვის მთავარი წყაროც – ვაითუ, უკრაინასავით ძვირი დამიჯდეს ეს არჩევანიო.
ამ შიშსა და წუხილზე მოსახლეობასთან სასაუბროდ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა თუ ევროპული საქმის მოამაგეებმა ჯერ საკომუნიკაციო ენა ვერ გამონახეს. არადა, ამ საკითხმა შეიძლება საქართველოს უახლოესი წლების მომავალი განსაზღვროს.
ხელისუფლება რეალურ შიშებს სათავისოდ აღრმავებს და მოსახლეობის ნაწილში სუვერენისტული და ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას ცდილობს. ამზადებს რა იდეოლოგიურ ნიადაგს, „ქართული ოცნება“ პარალელურად მოქმედებს კიდეც: ქვეყანა ძველ მეგობრებს წაკიდა და მკვეთრად რუსეთისკენ გადახარა. ევროატლანტიკური ინტეგრაციაც ჯერ დამუხრუჭდა, მერე კი საერთოდ შეჩერდა. შიდა საქმეებსაც შესამჩნევად დაეტყო დასავლურ კონტროლზე ზრუნვის მობლაგვება – კორუფციამ, ჩრდილოვანმა მართვამ, უსამართლობამ და ძალადობამ ფეხი გვარიანად მოიკიდა.
ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, მედიები, სამოქალაქო აქტივისტები კი, ძველებურად იმას ვიმეორებთ – ევროკავშირი მშვიდობის კავშირია და იქ თუ აღმოვჩნდით ომი არ დაგვემუქრებაო. არადა, ამ თეზისზე “ქართული ოცნებაც” არ გვედავება. კითხვა ისაა, სანამ ევროკავშირში შევაფარებთ თავს, გზაში როგორ არ გადავეყაროთ კბილებამდე შეიარაღებულ ივანუშკა-ავაზაკს.
რუსული ფაქტორი
თუ ოპოზიცია უფრო მარდად არ გაისარჯა, კარს მომდგარ არჩევნებში საკვანძო თემას “ოცნება” ასე ჩამოაყალიბებს – “ომი თუ ევროკავშირი” – და ამ, თავისთვის მომგებიან პოლიტიკურ განზომილებაზე გააჩაღებს ომს ამომრჩევლების გულისა და გონებისათვის.
ყურადღება მივაქციოთ, რომ ეს ფორმულა სარკისებურად იმეორებს ოპოზიციური ფლანგდან გაჟღერებულ წინასაარჩევნო კითხვას “რუსეთი თუ ევროკავშირი” (ან მისი ვერსიას: „ოცნება“ თუ ევროკავშირი”), უბრალოდ “რუსეთს” ანაცვლებს “ომით.” ამგვარი ჩანაცვლება, სადაც რუსეთი = ომს, ბუნებრივად აღიქმება, როგორც ხელისუფლების მომხრის, ისე მისი მოწინააღმდეგისათვის და ამგვარად მას უბრალოდ ვერ განვაგდებთ, როგორც უსაფუძვლო პროპაგანდას. ჩვენი საუბრები ველზე ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფორმულირებული დილემა “ომი თუ ევროკავშირი” უკვე ფეხმოკიდებულია.
შესაბამისად, ოპოზიციისათვის განმსაზღვრელი იქნება ლოგიკური ბმულის გაწყვეტა ევროკავშირისკენ სვლასა და რუსეთთან ომს შორის. ეს კი მოითხოვს ნათელ და ახლებურ პოზიციონირებას რუსეთთან მიმართებით.
წინასაარჩევნოდ, ისეთი პლაკატურად ვაჟკაცური განცხადებები, როგორიცაა – შევწყვეტთ ფრენებს, დავაწესებთ სავიზო რეჟიმსა და სანქციებს, მკვეთრად შევამცირებთ ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე – აფრთხობს ამომრჩეველს და საბოლოო ჯამში, არც ევროპულ საქმეს წაადგება, რადგან ომის შიშის ფონზე, რუსეთის მიმართ მკვეთრ და თავზეხელაღებულ პოლიტიკას გასავალი და მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება.
ამომრჩეველმა – მათ შორის პრო-დასავლურმაც და მოყოყმანემაც – პოლიტიკური ძალებისგან უნდა დაინახოს მზაობა, შეინარჩუნოს კონტაქტი მოსკოვთან და არ დააზიანოს ის სავაჭრო-ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოცემულობა, რაც ორ ქვეყანას შორის შეიქმნა და ბევრს ახეირებს.
„რიგითმა ქართველმა“ კარგად იცის, რომ სანამ ევროპამდე მიაღწევდეს, ჯერ აქ და ახლა, ამ რთულ რეგიონში უნდა გადარჩეს. ამდენად, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელსაც სურს არჩევნებზე სერიოზული შედეგის დადება, მოუწევს შედარებით აზრიანი და ვრცელი პასუხების გაცემა იმის თაობაზე თუ როგორი იქნება მათი რეგიონული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირისაკენ გზას გაკვალავს. ამომრჩეველმა პოტენციური სახელისუფლებო ძალისგან უნდა იგრძნოს, რომ ის ძალისხმევას არ დაიშურებს ომის თავიდან ასაცილებლად და არც კომპეტენცია აკლია იმისთვის, რომ სამშვიდობოს გაიყვანოს ქვეყანა.
ქართული ოცნება – ქართული ოცნების წინააღმდეგ?
თუ რუსეთთან კონტაქტს შეინარჩუნებთ, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც ძველებურად განაგრძობთ და არც სანქციებს დააწესებთ – მაშინ რას ერჩით “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკასო – იკითხავს ვინმე და სამართლიანადაც.
სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომლების უმრავლესობა ამა თუ იმ ფორმით წარმოადგენდა წინა ადმინისტრაციას, უჭირთ ფეხის მოცვლა 2008 წლის შემდგომი საგარეო-პოლიტიკური პოზიციებიდან.
არადა, “ქართული ოცნების” გარიჟრაჟზე გატარებულ “სიფრთხილის პოლიტიკას” თავისი გამართლებაც ჰქონდა და სახალხო მხარდაჭერაც. მოქალაქეების კონტრაქტი “ქართულ ოცნებასთან”: ევროპისკენ გამიძეხი, ოღონდ არ გადამჩეხოო, სულ ორიოდე წელია, რაც არსებითად დაირღვა, როცა ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეწყდა, რუსეთმა კი საქართველოში ფეხი მძლავრად მოიკიდა. 2022 წლამდე ეს კონტრაქტი მუშაობდა და მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ამით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი იყო.
ამდენად, “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის 2012 წლის ვერსია კი არაა გაკოტრებული, არამედ მისი მკვეთრად ანტიდასავლური და პრო-რუსული ევოლუცია. მეტიც, ოფიციალურმა თბილისმა დასავლეთში საბოლოოდ დაკარგა ნდობა. განიავდა სამი ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი საგარეო პოლიტიკური კაპიტალი. სწორედ ესაა ის ელემენტები, რაც ოპოზიციას აძლევს საშუალებას არა მხოლოდ მყარად პრო-დასავლური განწყობის ამომრჩეველი, არამედ “ოცნების“ დეგრადაციით იმედგაცრუებული მათი ყოფილი ამომრჩეველიც მოიზიდოს.
სწორედ აქ უნდა შეძლონ ოპოზიციურმა ძალებმა საკუთარი საგარეო-პოლიტიკური ნიშის მიგნება და ამომრჩევლის დარწმუნება იმაში, რომ რუსეთთან ფრთხილ და პასუხისმგებლიან პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ისიც კარგად უნდა ახსნან, რომ ფრთხილსა და პასუხისმგებლიან პოლიტიკას სასურველი, პრო-ევროპული შედეგი მხოლოდ მაშინ ექნება, როცა შენს გვერდით სანდო და ძლიერი მეგობრები დგანან.
ყველა სხვა შემთხვევაში, რუსეთთან თავზეხელაღებული დაახლოება ქვეყანას იზოლაციით, სუვერენიტეტის შეკვეცითა და შედეგად ეკონომიკური თუ ტექნოლოგიურ ჩამორჩენით ემუქრება. არა “ომი თუ ევროკავშირი,“ არამედ “მშვიდობით ევროკავშირში – ოცნების გარეშე.“
კომპეტენტური ალტერნატივა
არსებითად ოპოზიციას მოუწევს ის საგარეო-პოლიტიკური ნიშა დაიკავოს, რაც თავად “ქართულ ოცნებას” ეკავა 2012-2020 წლებში – სიფრთხილე და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რუსეთთან, დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობის გაგრძელების ფონზე. ამავე დროს, ოპოზიციამ უნდა მოახერხოს და ნათლად წარმოაჩინოს, რომ “ქართულ ოცნებას” ამგვარი პოლიტიკის გაგრძელების არც სურვილი გააჩნია, არც კომპეტენცია და აღარც პარტნიორების ნდობა.
რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის დასახვა და ამის საზოგადოებამდე დაყვანა ოპოზიციისთვის იოლი ამოცანა ვერ იქნება. შიშების რეალურობას მედასავლეთე ოპოზიციამაც თვალი უნდა გაუსწოროს და სწორედ ამ შიშის მართვასა და გადალახვაში დაეხმაროს მოსახლეობას.
გადამწყვეტი არჩევნებისთვის ნდობის მოპოვებასაც ის პოლიტიკური ძალები უფრო შეძლებენ, რომლებიც საზოგადოებას ევროკავშირის წევრობამდე მისაღწევად, რეგიონში გადარჩენისა და სამშვიდობოს გასვლის ხედვას შესთავაზებენ.
ეს იოლი ამოცანა არ გახლავთ, თუმცა ცდად ნამდვილად ღირს.
ამავე ავტორისაგან:
- 24/02/2021 მოსაზრება | საგარეო-პოლიტიკური თემები უნდა გადახალისდეს
- 11/10/2022 მოსაზრება: თბილისის საგარეო პოლიტიკა: თავკერძობიდან თავნებობამდე
ამ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისაა და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.