ახალი ამბები

შვიდი ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას გმობს

შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა შორის არიან „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, რესპუბლიკური პარტია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას გმობს და მას საქართველოს „ევროპული გზის ღალატს“ უწოდეს.

3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება. მანამდე, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების შედეგად, მმართველ პარტიას კანონპროექტის პარლამენტიდან უკან გაწვევა მოუწია. ამჯერად, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანონპროექტის შინაარსი უცვლელია, თუმცა სიტყვები „უცხოელი აგენტი“ შეიცვალა „უცხო ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციით“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება არის „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისთვის „მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც 1 წლის წინ დაიცვეს ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამით ჩვენს სამშობლოს შეუნარჩუნეს შანსი გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“.

„ახლა, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. პარტიების თქმით, „ქართული ოცნების“ ერთადერთ მიზანს წარმოადგენს „ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება“.

„მმართველი ძალა სრულად დაიცალა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისგან“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button