Placeholder canvas
ახალი ამბები

ლონდონის სასამართლომ კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარი თქვა

ლონდონის ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა; კეზერაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება რამდენიმე სისხლის სამართლებრივი ბრალდებით, რომელთაც ის უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს.

ორი წლის წინ საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლომ ასევე უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა საქართველოს მოთხოვნა კეზერაშვილის ექსტრადიციის თაობაზე.

ორივე შემთხვევაში, კეზერაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, ყოფილი თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდებოდა.

კეზერაშვილი 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, შემდეგ კი 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრად მსახურობდა, სანამ ბიზნეს სექტორში გადავიდოდა.

მის წინააღმდეგ ხუთი დამოუკიდებელი საქმე იქნა აღძრული 2012 წლის ბოლოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ; ორ მათგანში, რომელიც საქართველოს სასამართლომ განიხილა, კეზერაშვილი დაუსწრებლად გაამართლეს.

ლონდონის ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლომ, სადაც ექსტრადიციის პროცედურები 2014 წლის ნოემბრის ბოლოდან მიმდინარეობდა, გადაწყვეტილება 21 მარტს გამოიტანა. იურიდიულმა კომპანიამ BCL Burton Copeland, რომელიც კეზერაშვილის ინტერესებს წარმოადგენს, ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ 5 აპრილს გაავრცელა, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა.

ექსტრადიციის მოთხოვნა ლონდონის სასამართლომ საქართველოში სამართლებრივი დევნის შესაძლო პოლიტიკური მოტივის გამო არ დააკმაყოფილა.

მართალია ისიც აღნიშნა, რომ კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა „შესაძლოა სრულიად შესაფერისი მიზნებისთვის დაისვა“, მაგრამ მოსამართლემ  თავის გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ „ყველაფრის გათვალისწინებით, მეტად სავარაუდოდ მიმაჩნია, ვიდრე ნაკლებად, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პოლიტიკოსების დევნის სურვილი არის მიზანი, რომელიც ამ მოთხოვნების უკან დგას“.

„ეს შესაძლოა არ იყოს ერთადერთი მიზანი, მაგრამ ამ ფაქტორის გარეშე, არა მგონია, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს მოთხოვნები იმგვარად გაკეთებულიყო, როგორც გაკეთდა“, – ნათქვამია მოსამართლის 31 გვერდიან გადაწყვეტილებაში, რომელიც ასევე შეიცავს მოწმეთა ჩვენებების მოკლე აღწერას, რომელთა შორის არის ასევე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ჩვენებაც, რომელიც მან  სასამართლოს თბილისის ციხიდან ვიდეო ჩართვის საშუალებით მისცა.

„როცა ვხედავთ, თუ რა ბედი ეწიათ სხვებს, დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს გონივრული შანსი, სერიოზული შესაძლებლობა იმისა, რომ ამ ბრალდებულის [კეზერაშვილის] თავისუფლება შეიზღუდოს (კერძოდ იმით, რომ ის შესაძლოა წინასწარ პატიმრობაში აიყვანონ), იმ არასრულყოფილი სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესის გამო, რომელიც მხოლოდ იმ სურვილითაა მოტივირებული, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსის გასამართლებას მიაღწიონ, ან იმ სურვილით, რომ კეზერაშვილისგან ისეთი ჩვენება მოიპოვონ, რომლის გამოყენებაც ყოფილი მაღალჩინოსანი კოლეგების წინააღმდეგ იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უთხრა ჟურნალისტებს 6 აპრილს, რომ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ძალისხმევას ქვეყანაში იმ ყოფილი მაღალჩინოსნების დასაბრუნებლად, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებებით იძებნებიან.

„ჩვენ, რა თქმა უნდა თითოეულ იმ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, დღეს თუ არა, ხვალ ვიხილავთ საქართველოში. ამისთვის მუშაობა არ შეჩერდება – ჩვენ გვაქვს წარმატების მაგალითები“, – განაცხადა წულუკიანმა, რომელსაც ნიდერლანდების მიერ მარტში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საქართველოში ექსტრადიცია ჰქონდა მხედველობაში.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button