‘რას გაიღებდი სიმართლისთვის?’ – ინტერვიუ მარია რესასთან
მარია რესას ინტერვიუსთვის გამოჭერა თბილისში მარტივი საქმე არ აღმოჩნდა. რესა, 60 წლის ჟურნალისტი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, მხოლოდ სიმამაცითა და სიმართლისადმი ერთგულებით არ ყოფილა ცნობილი – იგი თურმე საკმაოდ დატვირთული სამოგზაურო გრაფიკითაც გამოირჩევა. წელს, ივნისში, იგი საქართველოს დედაქალაქში თავისი სიმამაცის ისტორიებზე სასაუბროდაც ჩამოვიდა, იქნებოდა ეს ZEG ფესტივალის პანელებზე გამოსვლისას თუ თავისი ახლად თარგმნილი წიგნის “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” წარდგენისას.
ქართველებისთვის მას ბევრი რამ ჰქონდა მოსაყოლი: ფილიპინებში დაბადებული და აშშ-ში გაზრდილი რესა აგერ უკვე თითქმის ორმოცი წელია, რაც ჟურნალისტია. იგი მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა CNN-ის ბიუროებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 2012 წელს კი მან მშობლიურ ფილიპინებში ონლაინ მედია გამოცემა “რაპლერი” (Rappler) დააფუძნა. “რაპლერში” საქმიანობამ – კორუფციის გამოძიებამ, პრეზიდენტ დუტერტეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის გაშუქებამ და ამ ომით მანიპულაციების გამოვლენამ – იგი მთავრობის სამიზნედ აქცია. ჟურნალისტი ინტერნეტში მუდმივი ზიზღისა და მუქარების წნეხის ქვეშ მოექცა და მასზე დაპატიმრების იმდენი ორდერია უკვე გაცემული, რომ, როგორც თავად ამბობს, ციხეში გაშვება ას წელზე მეტი ხნის ვადით შეუძლიათ.
თუმცა წარსულზე მეტად რესა თბილისში მომავალზე სასაუბროდ ჩამოვიდა. მომავალი კი მას ძალიან აშინებს: ჟურნალისტი კარგა ხანია შფოთავს მსოფლიოში დემოკრატიის “ათასი ჭრილობით სიკვდილზე”. პროცესს განსაკუთრებით აჩქარებს ტექნოლოგიური პროგრესი და ვირტუალურ სამყაროში სიცრუის, ზიზღისა და დეზინფორმაციის მასშტაბური გავრცელება – ყველაფერი ის, რასაც რესა დაუღალავად უპირისპირდება. “სამოქალაქო საქართველომ” ჟურნალისტთან ინტერვიუს ჩაწერა მაშინღა მოახერხა, როცა რესამ თბილისი დატოვა და სარაევოში გაემგზავრა. ინტერვიუ ვიდეოზარით შედგა, რესას კვლავ ეჩქარებოდა – მას მორიგი ფრენისთვის უნდა მიესწრო – თუმცა ჩვენთან გულწრფელად საუბარი მაინც მოახერხა: საკუთარი წარსულიდან გაკვეთილების გაზიარებაც მოასწრო, ქართველ კოლეგებს რჩევებიც მისცა და ისიც აგვიხსნა, თუ რატომ არის “კრიტიკულად მნიშვნელოვანი” ის, თუ რა მოხდება საქართველოში.
სრულ ინტერვიუს ქვემოთ გთავაზობთ:
“სამოქალაქო საქართველო”: გმადლობთ, რომ ინტერვიუსთვის დრო გამონახეთ. თბილისში თქვენ ძალიან დაკავებული იყავით: საქართველოს დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიებისთვის ჩამოხვედით, მათ შორის “ZEG ამბის თხრობის ფესტივალზე” დასასწრებად და თქვენი წიგნის წარსადგენად, რომელსაც ჰქვია “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”. რამ შთაგაგონათ ამ წიგნის დაწერა და რა არის წიგნის მთავარი გზავნილი?
მარია რესა: ყველა იმას მეკითხებოდა, თუ როდის მოვასწარი წიგნის დაწერა. ამ წიგნს უმეტესად ლოქდაუნის დროს ვწერდი. ჩემ წინააღმდეგ ონლაინ თავდასხმები 2016 წელს დაიწყო, ანუ უკვე რვა წელი იყო გასული. მანამდე ყველა იმას მეკითხებოდა, სიმამაცეს სად პოულობო და, მგონი, ყველაფერი საბოლოოდ სწორედ ამ კითხვაზე დადის. სიმამაცეს ვერსადაც ვერ იპოვი, შენშია ჩაშენებული. ვფიქრობ, რომ ყველა მამაცია, უბრალოდ, შენს ღირებულებებს გააჩნია.
რატომ დავწერე წიგნი? იმიტომ, რომ ეს მცდელობის დასაწყისი იყო. ჩემთვის რთული ასახსნელია, საიდან მოდის სიმამაცე, რადგან რაც მე გავაკეთე, ეს ჩემთვის სიმამაცე სულაც არ ყოფილა. ეს უბრალოდ მოქმედების ერთადერთი სწორი გზა იყო, იმიტომ რომ მე ის ვარ, ვინც ვარ, რადგან განსაზღვრული ღირებულებების მწამს. ღირებულებების მარტო მაშინ არ გწამს, როცა კარგი დროება დგას, მართალი გითხრათ, სწორედ ცუდი დროებაა ის გამოცდა, რომელიც გაჩვენებს, თუ ვინ ხარ და რამდენად ნამდვილია შენთვის ეს ღირებულებები. ამ კუთხით, ლამის მადლობა უნდა მქონდეს დუტერტეს ადმინისტრაციისთვის გადასახდელი, რადგან მათ გამოგვცადეს და ამ უჩვეულო გზით გაგვაძლიერეს კიდეც. ჩემი რწმენებისა და ღირებულებების ნაწილი ჩემი იმიგრანტობიდან მოდის, ჩემი, როგორც მორიდებული ბავშვის გამოცდილებიდან. როცა კულტურაში ახალი ხარ და სიგნალებს ვერ ხვდები, მართლა ყველას უსმენ და ყველასგან სწავლობ. სულ თავიდან ჟურნალისტობის დასაწყებად ეს გამოცდილება გადასარევი ვარჯიში აღმოჩნდა.
წიგნში თითოეული თავის სათაური დიდ სურათს ხატავს. მაგრამ ქვემოთ, კურსივის შრიფტით, ის გაკვეთილებია, პირადი გაკვეთილები, რომლებიც თითოეული ნაბიჯისას ვისწავლე და ეს მართლაც კარგი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა. უკეთეს სავარჯიშოს ლოქდაუნისას რას ინატრებ?
მაგალითად, პირველი თავის სათაური არის “ოქროს წესი”. როცა ბევრად უფრო ახალგაზრდა ვიყავი, როგორ უნდა მიმეღო ცხოვრებაში გადაწყვეტილებები? მათ ხომ ასე სათითაოდ არ იღებ? და რა არის შენი სახელმძღვანელო პრინციპი? ჩემთვის ეს “ოქროს წესი” იყო და ასე იქცა იგი პირველი თავის სათაურად. ოქროს წესია “რაც შენთვის არა გსურდეს, სხვას ნუ დამართებო”. თუკი ნებისმიერ მსოფლიო რელიგიას შეხედავთ, რაღაც მსგავსს იპოვით. ისლამში ამას ჯიჰადს ეძახიან, მაგრამ ეს ჯიჰადი პიროვნული ბრძოლაა, ბრძოლა იმისთვის, რომ იყო უკეთესი, ბრძოლა, რომ შენს სინდისთან დარჩე მართალი.
ვერც კი აღვწერ, რამდენად მნიშვნელოვანია დაგეგმვა შიშთან გასამკლავებლად.
მარია რესა
სათაურს “ოქროს წესი” კი ჰქვია, მაგრამ ქვესათაური იმას გადმოსცემს, რაც ვისწავლე, როცა აშშ-ში გადავედი: ყოველთვის “აირჩიე სწავლა“. კრიზისი იქნება ეს, თუ კითხვა, მარჯვნივ წავიდე თუ მარცხნივ, ჩემთვის გადაწყვეტილების მისაღებად ამ დროს ისაა მთავარი, თუ რომელი გზის არჩევა მაძლევს სწავლის მეტ შესაძლებლობას. აი, ეს იყო ამ თავის არსი, შესაძლოა იმიტომაც, რომ ასეთი ტენდენცია გავაცნობიერე: უფრო და უფრო მეტ ჟურნალისტს, მეტ ადამიანს, დემოკრატიული ქვეყნების სულ უფრო მეტ მოქალაქეს მოუწევდა ესწავლათ ზღვრის გავლება. ამ ფრაზას ხშირად ვიმეორებ ხოლმე: ჯერ გაავლე ზღვარი და შემდეგ კი ეს ხაზი დაიცავი. გადამწყვეტი ზღვარია შენი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქის უფლებები, ამას ვერ დათმობ, თუ არ გინდა დროებითმა მიზანშეწონილობამ, ძალაუფლებამ და ფულმა შერყვნას ის, რასაც წარმოადგენ.
ჩემთვის ხაზები მაშინ გაივლო, როცა ბევრად უფრო ახალგაზრდა ვიყავი. მე სამეცნიერო ფანტასტიკის ფანი ვარ და ურსულა ლე გუინის ერთი ციტატა განსაკუთრებით მიყვარდა. ჩემი სიტყვებით რომ გადმოვცე, იგი ფაქტობრივად ამბობს, რომ ყველა შეჰყურებს ბრძენს, უხუცესს, ასაკოვან პიროვნებას და ფიქრობს, რომ რაც უფრო გემატება ასაკი, მით მეტი ძალაუფლება გაქვს, მეტი არჩევანი გაქვს. მაგრამ ეს მართალი არ არის. მე ამ აზრში აი, ეს ნაწილი მიყვარს: ავტორი ფაქტობრივად გვეუბნება, რომ ყველაფერი იმ სხვადასხვა პატარა არჩევანით გადაწყდა, რომლებიც მაშინ გააკეთე, როცა ახალგაზრდა იყავი, შემდეგ კი გზა მუდმივად ვიწროვდება, სანამ მხოლოდ ერთი არჩევანი არ შეგრჩება. ასე რომ, თუკი ის ვარ, რაც ვარ, ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ერთი არჩევანი მქონდა. სიმამაცეზე არასდროს მიფიქრია. მე უბრალოდ იმ გზას მივუყვებოდი, რომელზეც ყოველთვის დავდიოდი.
თქვენ ხედავთ, თუ რა ხდება ამჟამად საქართველოში: აგენტების კანონი მიიღეს, რეპრესიები გაძლიერდა და ქართველი ჟურნალისტები და აქტივისტები ამჟამად სიმამაცესა და აპათიას შორის არიან გაჭედილი, რადგან ეს ყველაფერი მათთვის როგორღაც ახალია. აი, თქვენ აგერ უკვე თითქმის ოთხი ათწლეულია, რაც ჟურნალისტი ხართ. თქვენ ეს ყველაფერი გავლილი გაქვთ. თქვენ იძიებდით კორუფციას, აშუქებდით როდრიგო დუტერტეს ომს ნარკოტიკების წინააღმდეგ და ამის გამო ისევ და ისევ ხდებოდით სამიზნე, იქნებოდა ეს დაპატიმრების ორდერების მეშვეობით თუ იმ ზიზღით, რომელსაც სოციალურ მედიაში იღებთ. თქვენს კოლეგებს საქართველოში თუ სხვაგან, რომლებიც ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ იბრძვიან, ალბათ წაადგებოდათ თქვენი გამოცდილება, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს, როგორ განაგრძონ მუშაობა – რადგან თქვენ ხომ აგრძელებდით, თქვენ ხომ უფრო და უფრო მეტს აკეთებდით სიმართლისა და ჟურნალისტებისთვის მსოფლიოს გარშემო. არის თუ არა რაიმე გაკვეთილი, რომელსაც, მაგალითად, თქვენს ქართველ კოლეგებს გაუზიარებდით?
ჩემზე მართლაც შთაბეჭდილება მოახდინეს იმ ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, რომლებსაც შევხვდი. მე [მედია-პლატფორმა]“კოდა სთორის” ბორდის წევრი ვარ, ასე რომ ნატალია ანთელავასა და იმ სხვა ჟურნალისტების მეშვეობით, რომლებსაც შევხვდი, ვფიქრობ, რომ ქართველები, ტაივანელების მსგავსად, დიქტატორის ჩრდილის ქვეშ – ამ შემთხვევაში, რუსეთის ქვეშ – გაიზარდნენ.
თქვენ ტაივანს ჰგავხართ. მე არასდროს მიფიქრია, რომ ტაივანი ქედს მოიხრიდა, არჩევნებით წააგებდა თავისუფლებას. მე არასდროს მქონია მოლოდინი, რომ დემოკრატიული ძალები არჩევნებში დამარცხდებოდნენ, მაშინაც კი, როცა ჩინეთს ტაივანი წნეხის ქვეშ ჰყავდა და მას დეზინფორმაციით ავსებდა – რადგან ტაივანელები ჩინეთს გამოეყვნენ, ისინი წინააღმდეგობისგან იშვნენ. მრავალი კუთხით, საქართველო ტაივანს მაგონებს. მსოფლიოს იმ კუთხეში, საიდანაც მე ვარ, ტაივანს უკეთ ვიცნობთ. იმ ხალხზე დაყრდნობით, ვისაც საქართველოში ხანმოკლე სტუმრობისას ვესაუბრე, საინტერესოდ ეს მეჩვენა: ნახეთ, თქვენი გამოწვევები რეალურია. თქვენ არა მხოლოდ რუსეთი გყავთ, თქვენ ჩინეთიც გყავთ, ჩინური დეზინფორმაცია, და თქვენ გყავთ ჩინეთი, როგორც სახელმწიფო, რადგან ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია იმ ინფრასტრუქტურასთან, რომელთანაც შეხება გაქვთ. თქვენ მართლა საზღვარზე ხართ, რუსეთი მთლად თქვენს საზღვარზეა. 2008 წელს თქვენ გახდით რუსეთის პირველი სამიზნე და თქვენ იგი მოიგერიეთ, ხოლო როცა ყირიმი დაეცა, საქართველომ ეს ხაზი დაიცვა.
მე ველი, რომ თქვენ მეტი გაკვეთილი გვასწავლოთ ჩვენ, ფილიპინელებს, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც კოლონიალიზმისგან გამოიძერწა. არის ერთი ხუმრობა, რომ ჩვენ სამასი წელი მონასტერში გავატარეთ და ორმოცდაათი კიდევ – ჰოლივუდში, ანუ სამასი წელი ესპანეთის კოლონია ვიყავით, ხოლო 50 – ამერიკის. ხშირად საკუთარ თავს იმით გავკილავთ ხოლმე, რომ ძალიან კეთილები ვართ – ჩვენივე კოლონიზატორებთან ვითანამშრომლეთ და რევოლუცია არასოდეს გვქონია. 1986 წლის “ხალხის ძალაუფლების [რევოლუცია]” პირველი შემთხვევა იყო. ამ კუთხით, საქართველოში კი მოკლე ხნით ვიყავი, მაგრამ მგონია, რომ რეალური განსხვავება არსებობს განცდებში, ხასიათსა და წინააღმდეგობის უნარში.
საქართველოში ნაწილობრივ იმიტომ წავედი, რომ თითოეული ფრონტი, თითოეული ქვეყანა, რომელსაც ვაგებთ ან ვიგებთ, დემოკრატიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ხრის სასწორის პინას. ამდენად, საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მარია რესა
კიდევ ერთი საკითხია ის, რაც “რაპლერში” ვისწავლეთ – რომ დაგეგმვა ყველაფერია. ჩვენ სულ ვგეგმავდით. წიგნის ერთ-ერთი თავის ქვესათაურია “თვალი გაუსწორე შიშს”, ხოლო სათაურია “არ დაემსგავსო მონსტრს, რომელსაც ებრძვი”. “რაპლერში” სულ მინდოდა, რომ ყველაზე უარესი სცენარისთვის ვყოფილიყავით მზად. ჩვენ, “რაპლერის” ოთხმა თანადამფუძნებელმა, ჯერ ყველაზე უარესი სცენარები წარმოვიდგინეთ რაც შეიძლება გადაგვხდომოდა, ხოლო შემდეგ კი დავფიქრდით, თუ რას ვიზამდით, ეს რომ მომხდარიყო. ჯერ წარმოვიდგინეთ, შემდეგ კი მოქმედების პროცედურები გავწერეთ. ბოლოს კი ვივარჯიშეთ, რადგან “რაპლერის” ოფისში ნებისმიერ დროს 100-დან 120-მდე ადამიანია, თუკი ვინმე მოგვადგებოდა, მინდოდა, რომ ხალხს თავიანთი უფლებები სცოდნოდა და ამიტომ ჩვენი საპასუხო რეაქციაც ზუსტად გაწერილ პროცედურას უნდა გაჰყოლოდა. ვერც კი აღვწერ, რამდენად მნიშვნელოვანია დაგეგმვა შიშთან გასამკლავებლად – ყველას ეშინია, მაგრამ თუკი სისტემები გამართული გაქვს, მაშინ შენ ყველაზე უარესი სცენარისთვის ხარ მზად და ნებისმიერი სხვა რამე, რაც შეიძლება მოხდეს, ამაზე უარესი ვერ იქნება.
თქვენ ისაუბრეთ ქართველებსა და ფილიპინელებს შორის განსხვავებებზე, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რასაც წიგნში აღწერთ, ვფიქრობ, რომ მსგავსებაც ბევრია. მაგალითად, Facebook-ით გატაცება. საქართველოც, ფილიპინების მსგავსად, ფეისბუქზე ცხოვრობს და არსებობს. გასულ წლებში თქვენ დიდი ყურადღება დაუთმეთ დეზინფორმაციას, დიდი სოციალური მედიის პლატფორმების პასუხისმგებლობას ამ კუთხით და იმას, რომ ისინი ამას მეტად უნდა ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეუძლია თავად მედიას, ჟურნალისტებს? შეგვიძლია, უბრალოდ იმის კეთება გავაგრძელოთ, რასაც ვაკეთებდით, უბრალოდ სიმართლე გავაშუქოთ? თუ როგორღაც ჩვენც უნდა მოვერგოთ, რათა თავადაც არ ვიქცეთ ზიზღის, პოლარიზაციის ნაწილად? რას უნდა ვშვრებოდეთ განსხვავებულად?
ვფიქრობ, მეტს უნდა აკეთებდეთ. არსებობს მრავალი საერთაშორისო კვლევა ტექნოლოგიის გავლენის შესახებ ადამიანებზე, არჩევნებზე მისი ეფექტის კუთხით. აშშ-ს, მაგალითად, აქვს ჯგუფი სახელად CISA [კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო], რომელიც ხმის მიცემის სისტემებს აკვირდება.
მაგრამ ისინი ვერ გვიცავენ ამომრჩეველთა ემოციების მანიპულაციისგან, ვერ გვიცავენ შიშით, ბრაზით, ზიზღით მანიპულაციისგან, რომელიც ცვლის იმას, თუ რას ვგრძნობთ, თუ როგორ ვხედავთ სამყაროს, ხოლო შემდეგ იმასაც ცვლის, თუ როგორ ვმოქმედებთ. სწორედ ამაზე დავხარჯეთ უამრავი დრო ფილიპინებში. ჩვენ მონაცემები დავდეთ. თავიდან მართლაც მოსაწყენი იყო, როცა 2016 წელს ამის გაშუქება დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ფილიპინელები ჩვენს მონაცემებს უბრუნდებოდნენ, სხვადასხვა კუთხიდან აფასებდნენ.
როცა კულტურაში ახალი ხარ და სიგნალებს ვერ ხვდები, შენ მართლა უსმენ და სწავლობ ყველასგან, ეს კი სულ თავიდან ჟურნალისტობისთვის გადასარევი ვარჯიში აღმოჩნდა.
მარია რესა
უნდა გავიაზროთ, რომ ფეისბუქი და სოციალური მედიის სხვა პლატფორმები იყენებენ ტექნოლოგიას, რომლის არსიცაა თვალთვალი პირადი გამორჩენისთვის. ისინი ჩვენით მანიპულირებენ, რათა ჩვენს ყველაზე უარეს ვერსიებად ვიქცეთ, ეს აღვივებს შიშს, ძალადობასა და ზიზღს. ჩვენ ვერ დავუშვებთ ამის ნორმალიზებას რადგან – ვფიქრობ, რომ ეს ქართველებსაც მოეხსენებათ – ადამიანებში არსებობს სიკეთე. ადამიანური სიკეთე არსებობს, თუმცა ტექნოლოგიების მიერ წახალისებული სამოტივაციო სტრუქტურა ამისთვის ადგილს არ ტოვებს. ამას გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, დიდ ენობრივ მოდელებსა და ჩატბოტებს თუ დაუმატებ, უკვე ვეღარც გაარჩევ, თუ რა არის ნამდვილი. ვეღარ გაიგებ, ნამდვილია თუ არა ადამიანი, რომელსაც Zoom-ში ესაუბრები.
რატომ ვღელავ, რომ ტექნოლოგია ფაქტებს არ ეყრდნობა? ფაქტების გარეშე, გაზიარებული რეალობის სიცხადის გარეშე ჩვენ ყველა ვსუსტდებით, მოქალაქეები სუსტდებიან, რადგან ჩვენ ყველაფერს უნდობლობას ვუცხადებთ, ჩვენ აღარ ვიცით, რას შეგვიძლია ვენდოთ. საჭიროა, შენი ნდობის წრე ჩამოაყალიბო, რადგან როცა მოქალაქეებმა არ იციან, ისინი ვერაფერს ენდობიან და ყველაფერს უნდობლობით უყურებენ. დიქტატორს მეტი არც არაფერი უნდა, ამგვარი ვითარება საუკეთესო რამ არის ავტორიტარული ლიდერისთვის, რადგან ასეთ დროს მოქალაქეები ვერასოდეს შეკრავენ პირს.
ერთი შეკითხვაც: 2021 წელს თქვენ ნობელის პრემია დიმიტრი მურატოვთან, თქვენს კოლეგა ჟურნალისტთან ერთად მიიღეთ. ნობელის ლექციაში თქვენ ახსენეთ, რომ იქ თქვენ წარმოადგენდით მსოფლიოს ყველა ჟურნალისტს, რომლებიც ამდენს სწირავდნენ სიმართლისთვის, და რომ პირველად მოხდა თითქმის საუკუნის მანძილზე, როცა პრემია მოქმედ ჟურნალისტებს გადაეცა. რას ნიშნავდა ასეთი აღიარება პირადად თქვენთვის? რას ნიშნავდა იგი თქვენი საქმისთვის? და რას ნიშნავდა იგი ჟურნალისტებისთვის მსოფლიოს გარშემო?
დავიწყოთ ბოლოდან. ვფიქრობ, რომ ეს აღიარება იყო. უკანასკნელი 17 წლის მანძილზე დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში განიცადა უკუსვლა და ამას თითქმის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ჟურნალისტებზე მზარდი თავდასხმები, მათი შევიწროება, დაპატიმრება და მკვლელობები. 2023 წელს მოკლულ ჟურნალისტთა რიცხვი ღაზას გამო 44 პროცენტით გაიზარდა. უკრაინა 2022 წელს იყო, შემდეგ – 2023 წელს – ღაზა. მართლაც რთული დრო იყო ჟურნალისტობისთვის. ჩვენ ბევრად მეტი უნდა გაგვეღო. მობილური ტელეფონი ახლა უკვე ყველას აქვს, ასე რომ ბრძოლა უკვე ძალიან პირადულია და ამიტომ შეკითხვა, რომლის დასმასაც წიგნში ყველას მოვუწოდებ არის შემდეგი: რას გაიღებდი სიმართლისთვის? რადგან მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც ჟურნალისტებს და ახლა უკვე ქართველებსაც მოუწევთ.
შიშის როტაცია გვიწევს, რადგან როცა გუნდს ხელმძღვანელობ, ყველაფერი უნდა იცოდე – რაც ასე არაა – და სუპერ გოგონა უნდა იყო – რომელიც არც ხარ.
მარია რესა
ასე რომ, ფართო სურათს თუ შევხედავთ, ეს ნიშნავდა ყველაფრის აღიარებას, რისი გადატანაც ჟურნალისტებს უწევდათ. მე გამიმართლა, რომ ჯერაც ცოცხალი ვარ და აქ ვარ – კი, მოგზაურობის ნებართვა უზენაეს სასამართლოს უნდა ვთხოვო ხოლმე. ნობელის პრემიის ლექციის შემდეგ მათ მოგზაურობის უფლება მომცეს, მანამდე მათ ოთხჯერ თუ ხუთჯერ მითხრეს უარი და თავს გამომწყვდეულად ვგრძნობდი, მაგრამ შემდეგ [ნობელის პრემიის მიღებამ] ზოგიერთი ისეთი თავისუფლება დამიბრუნა, რომლებზეც მეგონა, რომ დავკარგე.
მეორე მხრივ, ეს აღიარება “რაპლერს” ეძღვნება. ნამდვილად ასეა. ეს არ არის ისეთი საქმე, რასაც მარტო გააკეთებ. მე და ჩემი თანადამფუძნებლები – ჩვენ ოთხნი ვართ – შიშს იმიტომ ვუმკლავდებით, რომ ყველას ეშინია, როცა თავს ესხმიან. თუკი რაციონალური ადამიანი ხარ, ეს შიში რეალურად კარგიცაა, რადგან მზადყოფნაში ხარ. ჩვენ ოთხს – მე და ჩემს თანადამფუძნებლებს – ასეთი წესი გვაქვს, რომ ერთ კონკრეტულ დროს მხოლოდ ერთ ჩვენგანს შეიძლება ეშინოდეს. შიშის როტაცია გვიწევს, რადგან როცა გუნდს ხელმძღვანელობ, ითვლება, რომ ყველაფერი უნდა იცოდე – რაც ასე არაა – და რომ სუპერ გოგონა უნდა იყო – რომელიც არა ხარ. გუნდის შეკვრა შენზეა დამოკიდებული.
რას ნიშნავს ყოველივე ეს? მე მგონი, წინ კიდევ უფრო რთული დრო გველის. სამწუხარო ისაა, რომ ჩემი წიგნი 2022 წელს გამოქვეყნდა, იმავე თვეს, როცა Chat GPT გაუშვეს და მის მერე საქმე უკეთ კი არ წასულა, პირიქით, გაუარესდა. ამიტომ მგონია, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება. საქართველოში ნაწილობრივ იმიტომ ჩავედი, რომ თითოეული ფრონტი, თითოეული ქვეყანა, რომელსაც ვაგებთ ან ვიგებთ, დემოკრატიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ხრის სასწორის პინას. საქართველო კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ესაუბრა ნინი გაბრიჭიძე
This post is also available in: English (ინგლისური)