skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის გამო შეშფოთებულია

სახალხო დამცველის აპარატმა 7 სექტემბერს კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც გათვალისწინებულია სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შემოღება მიმდინარე წლისათვის.

სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს და საკუთარ გადაწყვეტილებას კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ იმით ამართლებს, რომ ის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზანს ემსახურება, რომელიც ითხოვს, რომ სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, საჯაროდ დაინტერესებული პირებისათვის კანონპროექტის ტექსტი და საკომიტეტო მოსმენის დრო წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ცნობილი არ იყო“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული წინაპირობების გარეშე შეუძლებელია საუბარი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობის შექმნასა და ინკლუზიურ პროცესზე, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, „აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს“.

კანონპროექტის შინაარსობრივი მხარე

რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია არაერთ საერთაშორისო სტანდარტზე, რომელთა შესახებ ბოლო წლების განმავლობაში სახალხო დამცველი პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილობით დოკუმენტებშიც საუბრობდა და სახალხო დამცველის არჩევის პროცედურების და წესის დეტალური საკანონმდებლო გარანტიების შექმნის საჭიროებას უსვამდა ხაზს.

ამ თვალსაზრისით, განცხადებაში ნათქვამია, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი თუ დოკუმენტი არ საუბრობს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურების მხოლოდ დროებით შემოღებაზე, არამედ „უთითებს მათი საკანონმდებლო დონეზე მყარად განსაზღვრის საჭიროებას“.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, რაც „გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს“.

სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, რომ კანონპროექტის წინამდებარე ვერსიის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცემა შესაძლებლობა კანონისაგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც „შეკითხვებს წარმოშობს როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით“.

„უმჯობესია მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები და გარანტიები სწორედ კანონით იქნას მოწესრიგებული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედარებით მცირე მნიშვნელობის პროცედურული დეტალები განისაზღვროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვის პროცესში მხედველობაში მიიღებს აღნიშნულ მოსაზრებებს და რომ „სახალხო დამცველის მიუკერძოებელი, ობიექტური და მაღალკვალიფიციური კანდიდატურა, მათ საფუძველზე და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად იქნება შერჩეული“.

პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 9 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ „ეს იყო პირდაპირი შეტევა პარლამენტზე“.

მისი თქმით, მას ძალიან გაუკვირდა ეს განცხადება, რამაც „ძალიან ცუდი როლი ითამაშა“.

პაპუაშვილმა სახალხო დამცველის აპარატი კანონპროექტის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა, რაც „პრაქტიკულად, რადიკალური ოპოზიციის ნაწილისთვის სიგნალი იყო, რომ დღეს იმავე კანონისთვის, რომელიც გუშინ გვქონდა და რომელშიც გათვალისწინებულია ზუსტად ის შენიშვნები, რომელიც მათ ჰქონდათ, დღეს მხარი არ დაეჭირათ“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ეს არის პირდაპირ დარტყმა საპარლამენტო ერთობაზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button