ახალი ამბები

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია ომბუდსმენის კანდიდატურას არ წარადგენს

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, „გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს, ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით“.

მისივე თქმით, დღეს და გუშინ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილთან შეხვედრების შემდეგ, „მათი პოზიციების გათვალისწინებით“, ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში დღესვე დაარეგისტრიროს ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გაიწერება.

მდინარაძის განმარტებით, ეს გულისხმობს სახალხო დამცველობის კანდიდატობის კეთილსინდისიერებას, მიუკერძებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას.

მისივე თქმით, მეორე მხრივ, ამით ასევე შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი.

მანვე, დღევანდელ ბრიფინგზე ომბუდსმენობის კანდიდატურების შერჩევისა და შეფასების წესების ზოგადი მონახაზი წარმოადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:

  • სახალხო დამცველის კანდიდატობაზე განაცხადის წარდგენა შეეძლება ნებისმიერ პირს;
  • თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან (მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები), დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს;
  • ამის შემდეგ, კანდიდატები თავიანთი შეფასებებით, საპარლამენტო სუბიექეტებს წარედგინებათ, რომელთან, თავის მხრივ, საქართველოს პარლმენტს ასარჩევად ომბუდსმენობის მინიმუმ 7 კანდიდატურა უნდა წარუდგინონ ;
  • შესარჩევ კანდიდატთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, ამით მმართველი გუნდი ასრულებს დაპირებას, რომ საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებდა სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ისეთ ინკლუზიურ პროცედურას, რომელიც ომბუდსმენის პოზიციაზე იმგვარი კანდიდატის წარდგენას უზრუნველყოფს, „რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობის და ოპოზიციისათვის [და] ექნება მაღალი ლეგიტიმაცია“.

მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტში კენჭისყრა შედგება არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტება

დღეს გამართულ ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველობის მსურველთა კანდიდატურების განაცხადების მიღებას საქართველოს პარლამენტი 20 სექტემბრიდან დაიწყებს, რის პარალელურადაც პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობოებისგან, ასევე პროფესიული აკადემიური წრეებისგან შეფასების 9-წევრიან სამუშაო ჯგუფს შექმნის. ჯგუფის წევრები წარდგენილ კანდიდატებს არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა შეაფასებენ, რის შემდეგაც შესაბამისი მასალები და შეფასებები საპარალმენტო სუბიექტებს გადაეგზავნებათ.

თავის მხრივ, საპარლამენტო ფრაქციებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და უფრაქციო დეპუტატებმა ომბუდსმენობის კანდიდატურები უნდა შეარჩიონ და დაასახელონ არაუგვიანეს 21 ოქტომბრისა. სარჯველაძის თქმით, ამის შემდეგ, პროცესი გადაინაცვლებს კომიტეტში, სადაც შერჩეულ კანდიდატებს საჯაროდ მოუსმენენ და სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც ექნებათ.

„მთავარი მიზანია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ინკლუზიურად, რასაც ეს გეგმა სრულად უზრუნველყოფს და რომ პროცესი იყოს აუცილებლად შედეგიანი, რათა სახალხო დამცველის თანამდებობა ვაკანტური დიდი ხნით არ დარჩეს“, – ხაზი გაუსვა მან.

სარჯველაძის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად პროცედურები ისეა დაგეგმილი, რომ „შესაძლებელი გახდეს დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიღება“. აღნიშნა რა, რომ ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ეს „იოლი ამოცანა“, არ იქნება, „მაგრამ პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად ეს, იმედი გვაქვს, შესაძლებელი იქნება“.

„სამწუხაროდ, ასეთ პირობებში, საკმაოდ დიდია ოპოზიციის მხრიდან ე.წ. „პოლიტიკური საბოტაჟის“ „წარმატებულად“ განხორციელების რესურსი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ და დასძინა, რომ ამისგან „დაზღვევის მექანიზმზეც ნაფიქრია“.

ოპოზიციის გამოხმაურება

სახალხო დამცველის შერჩევის მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ ახალ პროცედურას სკეპტიკურად უყურებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, მამუკა მდინარაძის განცხადება „პირდაპირ არის განცხადება იმის მანიშნებელი, რომ ისინი არ აპირებენ დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევას და, ზოგადად, [ევროკომისიის რეკომენდაციების] ამ მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულებას“.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა სახალხო დამცველის კანდიდატურის შესარჩევად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ პროცესში ჩაერთვება, რის შემდეგაც სამოქალაქო სექტორთან ერთად, იმ კანდიდატებს წარმოადგენენ, რომლებიც „იქნებიან ნამდვილად  ღირსეული და დამოუკიდებელი კანდიდატები“.

სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა, „არის მორიგი პოლიტიკური ვირეშმაკობა  ქართული ოცნების მონაწილეობით“. მისი შეფასებით, ომბუდსმენის შესარჩევად ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული პროცედურის მიხედვით, „მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობოები დაასახელებენ  კანდიდატს“.

„შემდეგ, სატელიტი ორგანიზაცია, ოპოზიციური პარტიის სახელით, წარადგენს ამ კანდიდატს და ქართული ოცნება აირჩევს. სინამდვილეში, ქართული ოცნება სხვისი ხელით გაიყვანს იმ კანდიდატს, რომელიც მას უნდა“, – განაცხადა მან.

პარტია ლელოს წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესში ოპოზიციის შესაძლო საბოტაჟზე მმართველი გუნდის განცხადება „ცოტათი კომიკურია“ , რადგანაც იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია მხარს არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერს, „არაერთხელ“ დააფიქსირეს.

მისივე თქმით, ისეთი სახალხო დამცველის შერჩევისთვის, რომელიც „ქვეყანას სჭირდება“, მხოლოდ  პოლიტიკური ნების ქონაა საჭირო. სამადაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „პროცესში გამოჩნდება, აქვს თუ არა ქართულ ოცნებას [ამის]  რაიმე რეალური ნება“, თუ ამ სიტუაციის გამოყენებასაც თავისი დღის წესრიგის გატარებისთვის შეეცდებიან.

„ქართულ ოცნებას საერთოდ არ უნდა წარმატების მიღწევა. ომბუდსმენზე მოლაპარაკებებიც თუ ასევე წარიმართა, არც აქ იქნება წარმატება“, – განაცხადა გირჩის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.

კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს მოქალაქეების დეპუტატს, ლევან იოსელიანს, მისი შეფასებით, კარგი იქნება, თუკი სახალხო დამცველის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას ექნება, თუმცა ეს ასე რომც არ იყოს, პოლიტიკურ სუბიექტებს თავიანთი კანდიდატურების წარდგენის შესაძლებლობა აქვთ. „ის, რომ სახალხო დამცველის კანდიდატი არ წარადგინოს მმართველმა პარტიამ, ეს კარგია“, – დასძინა ლევან იოსელიანმა.

საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის ახალი პროცედურის წარდგენამდე, 30 აგვისტოს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრას მხოლოდ მოქალაქეების, გირჩის, პარტია საქართველოსთვის და ევროპელი სოციალისტების დეპუტატები ესწრებოდნენ.

არასამთავრობოების გამოხმაურება

სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურების შესახებ მმართველი პარტიის ახალ ინიციატივასთან მიმართებით კითხვის ნიშნები აქვთ არასამთავრობო სექტორშიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, პროცესი სანდოობის თვალსაზრისით „წარმოშობს რიგ შეკითხვებს“.

„შეიძლება, ხელისუფლება პირდაპირ თვითონ არ დაასახელებს [ომბუდსმენობის კანდიდატს], მაგრამ მის მიერ შექმნილი კომისია და მის მიერ განსაზღვრული პირები, დაასახელებენ იმ კანდიდატს ან კანდიდატებს, რომლებიც შეიძლება ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს“, – განაცხადა მან და პროცესში მაქსიმალური ინკლუზიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორის, ლაშა ტუღუშის შეფასებით, ქვეყანაში არსებული „ძალიან მაღალი ხარისხის“ პოლარიზაციის პირობებში, კანდიდატის შერჩევა „ძალიან გაჭირდება“, თუკი მათი დასახელების პროცესის მთავარი მონაწილეები პოლიტიკოსები იქნებიან.

„ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი პირველ ეტაპზე, ამას [კანდიდატების დასახელების პროცესს] მიანდობდნენ სამოქალაქო საზოგადოებას“, – დასძინა მან.

„გვაქვს იმედი, რომ გარკვეულწილად ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოხდება შეთანხმება და არ გადაიდგმება არაკონსტრუქციული ნაბიჯები“, – განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button