
მაკა ბოჭორიშვილი ვენაში ეუთოს მინისტერიალს ესწრება
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 3-5 დეკემბერს ვენაში ეუთოს მინისტერიალის 32-ე შეხვედრას ესწრება. ვიზიტის ფარგლებში, იგი უკვე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, იან ბრაატუს.
„მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ეუთოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობას. ამ მხრივ, აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა“.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ქვეყნის „უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული გამოწვევები“. ხაზგასმით აღინიშნა „საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით“.
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან შეხვედრაზე „მხარეებმა განიხილეს ეუთო-ს რეგიონში არსებული გამოწვევები მედიის თავისუფლების და დამოუკიდებლობის კონტექსტში“. ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „საქართველოს მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებასთან დაკავშირებით, რაც მიმართულია ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისის როლს ამგვარ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში“.
„მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესრელიზში.
This post is also available in: English