ახალი სახალხო დამცველის მოლოდინში – როგორ აფასებს სამოქალაქო სექტორი პროცესს?
საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 9 დეკემბერს ეწურება, შესაბამისად ქვეყანა ახალი ომბუდსმენის ასარჩევად ემზადება. ახალ სახალხო დამცველს პარლამენტის 90 დეპუტატის მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება, რაც ამ პროცესში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რამდენადაც სახალხო დამცველის დამოუკიდებლად დამტკიცებისთვის საკმარისი ხმები არცერთ საპარლამენტო ჯგუფს აქვს.
რა ხდებოდა აქამდე?
- 31 აგვისტოს, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად საჭირო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებები დაარეგისტრირეს, რომელთა მიხედვითაც, ომბუდსმენობის კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გაიწერებოდა. მაშინ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ისინი ომბუდსმენის საკუთარ კანდიდატს არ წარადგენდნენ.
- 7 სექტემბერს, სახალხო დამცველის აპარატმა გააკრიტიკა ქართული ოცნების მიერ მომზადებული ცვლილებები და თქვა, რომ „სამწუხაროდ, საჯაროდ დაინტერესებული პირებისათვის კანონპროექტის ტექსტი და საკომიტეტო მოსმენის დრო წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ცნობილი არ იყო“. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, აღნიშნული წინაპირობების გარეშე, შეუძლებელია საუბარი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობის შექმნასა და ინკლუზიურ პროცესზე.
- 9 სექტემბერს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესები და პროცედურები. პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებებით, პარლამენტის თავმჯდომარე 9-წევრიან კომისიას ქმნის, რომელიც ომბუდსმენობის კანდიდატს შეაფასებს და შეფასებებს დეპუტატებს წარუდგენს. პარლამენტი კანდიდატების განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც დეპუტატები მათგან მინიმუმ 7-ს შეარჩევენ.
- 27 სექტემბერს პარლამენტმა იმ 9-წევრიანი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელიც სახალხო დამცველობის მსურველებს შეაფასებს.
- 30 სექტემბერს პარლამენტმა იმ პირთა სიაც გამოაქვეყნა, რომელთაც სახალხო დამცველობის სურვილი გამოთქვეს. დეპუტატთა მხარდაჭერის მოპოვებას სულ 19 პირი ეცდება. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ წარდგენილი ომბუდსმენობის სამი კანდიდატი.
როგორ აფასებს სამოქალაქო სექტორი პროცესს და რა მოლოდინები აქვთ მათ?
არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ“ (საია), ნიკა სიმონიშვილმა „სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში თქვა, რომ მას ომბუდსმენობის კანდიდატების შემფასებელი კომისიის მიმართ პრეტენზია არ აქვს, თუმცა ის, რომ მისი შემადგენლობის დაკომპლექტება პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად შეეძლო, „კარგი არ არის“. „მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში, შედეგი ცუდი არ არის, ეს წესი თავიდან, ბევრ ორგანიზაციაში ნდობას არ აღძრავდა“, – განაცხადა მან. სიმონიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ამ შეფასების ჯგუფს არავითარი ფილტრის ფუნქცია არ გააჩნია“, მათ შეფასებებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს „და ამას პოლიტიკური ჯგუფები ან გაითვალისწინებენ ან არა“. „ანუ, ამ ჯგუფმა სულ რომ დაბალი ქულა დაუწეროს კანდიდატს, შესაძლებელია, რომ სწორედ ის იყოს არჩეული სახალხო დამცველად“, – დასძინა მან.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის, ნინო დოლიძის შეფასებით, ომბუდსმენობის კანდიდატების შემფასებელი კომისიისგან აქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტში ობიექტურები იქნებიან და შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად მათ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს. თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ამ კომისიას დიდი ფუნქციაც არა აქვს“ და საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტზეა. „მთავარი პროცესი იქნება საქართველოს პარლამენტში. პარლამენტმა და ამ შემთხვევაში მმართველმა პარტიამ, უნდა აჩვენოს, რომ მათ რეალურად უნდათ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი კანდიდატი და ჩვენ ამის შემდეგ შევაფასებთ პროცესს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას პარტიებს შორის კონსენსუსი სჭირდება.
კომისიის მიერ კანდიდატების შეფასებისას კრიტერიუმების ბუნდოვანებას გაუსვა ხაზი „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა, გიორგი ჩიტიძემ და აღნიშნა, რომ „კარგი იქნებოდა, საჯაროდ მოგვესმინა კანდიდატებისთვის და ყოფილიყო გასაუბრების კომპონენტი“. მისივე თქმით, ბუნდოვანია ასევე ისიც, თუ როგორ დააკომპლექტა თავად პარლამენტის თავმჯდომარემ ეს კომისია. შეფასების შემდგომ პროცედურაზე საუბრისას, ჩიტიძემ ისიც თქვა, რომ დეპუტატების მიერ მინიმუმ 7 კანდიდატის შერჩევის მოთხოვნაც „ხელოვნურია“ და „სპეციალურად არსებობს იმისთვის, რომ ოპოზიციური ფლანგი ვერ ჩამოყალიბდეს ერთ ან ორ ღირსეულ კანდიდატზე“. „საბოლოო ჯამში, ეს საპარლამენტო პროცესი, რომელიც თითქოს 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებას ითვალისწინებს, არის ხარვეზიანი“, – ხაზი გაუსვა მან.
ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელს, ბაია პატარაიას აღელვებს, ის არის, რომ ქართული ოცნება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არ შეხვდა, რაც მისივე თქმით, იმის მანიშნებელია, რომ „დიდად არ უნდათ თანამშრომლობა“. „როდესაც [მოქმედი ომბუდსმენის] ნინო ლომჯარიას არჩევა ხდებოდა [მმართველი გუნდის წარმომადგენლები], გვხვდებოდნენ სამოქალაქო სექტორს და მართლა იყო პოლიტიკური ნება… წელს, სამწუხაროდ, ასეთ თანამშრომლობას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მან 29 სექტემბერს „მთავარ არხთან“ საუბარში. პატარაიამ, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც გაიხსენა, სადაც მან აღნიშნა, რომ ქართული ოცნება იმ შეცდომას, რაც ნინო ლომჯარიას არჩევით დაუშვა, აღარ გაიმეორებს. „რაც პირდაპირ იგულისხმება, ისაა, რომ ისინი დამოუკიდებელ კანდიდატს აღარ დაუჭერენ მხარს. შესაბამისად, რაღაც კარგის მოლოდინი არ გვაქვს“, – ხაზი გაუსვა მან. პატარაიამ 30 სექტემბერს, Facebook-ზე ისიც დაწერა, რომ ქართულ ოცნებას, სავარაუდოდ, უკვე ჰყავს ომბუდსმენობის ფავორიტი კანდიდატი და ეს ქეთევან ჩაჩავაა, რომელიც მისივე შეფასებით, „რამდენიმე GONGO-ს [ხელისუფლების მიმართ ლოიალური არასამთავრობო ორგანიზაცია] დედაა“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ქართულ ოცნებას იმის დემონსტრირებით, რომ ომბუდსმენობის საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, ისეთი გარემოს შექმნა სურს, სადაც „საზოგადოებას ექნება აღქმა, რომ თითქოს ქართულ ოცნებას ამ ნაწილში რამე წვლილი არ აქვს და ამ შერჩევის პროცესში ის არ ერევა“. „მაგრამ ამის იქით, კულისებში რა პროცესები წავა, ამაზე შეუძლებელია, რომ რაიმე პროგნოზები გავაკეთოთ“, – აღნიშნა მან 29 სექტემბერს „მთავარ არხთან“ საუბარში. მარიკაშვილმა ახალი ომბუდსმენის პარტიებს შორის მიღწეული კონსენსუსით არჩევის მნიშვნელობააც გაუსვა ხაზი. „მრავალპარტიული მხარდაჭერა არის ლეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ამით დაანახონ საზოგადოებას, რომ ომბუდსმენი არ არის პარტიული თანამდებობა და პარტიულ ინტერესებს არ ატარებს“. მარიკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება პროცესს ისე წარმართავს, რომ „ძალიან დიდი კითხვის ნიშნები“ დარჩება, ან საერთოდაც ჩააგდებს მას, „ძალიან დიდი საერთაშორისო რეზონანსი ექნება“. „ამიტომ ამ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევა და ამ პროცესში პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგომა, არის არსებითად მნიშვნელოვანი, არა მარტო ქართული ოცნებისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის“, – ხაზი გაუსვა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)