ქართული ოცნება და ოპოზიცია ომბუდსმენობის საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდებიან
„ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები ომბუდსმენობის საერთო კანდიდატზე კვლავ ვერ თანხმდებიან. 19 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარებმა განაცხადეს, რომ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. ოპოზიცია ქართულ ოცნებას არასამთავრობო სექტორის მიერ ნომინირებული კანდიდატების – ანა აბაშიძისა ან გიორგი ბურჯანაძის მხარდაჭერას სთავაზობს. თავის მხრივ, ქართული ოცნება ოპოზიციას შემდეგი დანარჩენი 5 კანდიდატიდან ერთ-ერთზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ესენი არიან: ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე და ქეთევან ჩაჩავა.
ქართული ოცნების პოზიცია
ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი კანდიდატის პოლიტიკური მიუკერძოებლობაა, რაც ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების მხრიდან, მისი თქმით, „გამორიცხულია“.
მდინარაძემ დასძინა, რომ შეუთანხმებლობის მიუხედავად, იგი მაინც ხედავს თეორიულ შანსს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები „წინ სახელმწიფოებრივ ინტერესს დააყენებენ“ და „შეცვლილი პოზიციით“ დაუბრუნდებიან მოლაპარაკებებს. მანვე აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესის ჩავარდნის საფრთხე არსებობს.
ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნებიდან“, მიხეილ სარჯველაძემ კი თქვა, რომ ოპოზიციამ მათ „უალტერნატივო, ულტიმატუმის მსგავსი წინადადება“ შესთავაზათ. „არსებობს წითელი ხაზი, რომლის იქით გადასვლაც არ შეიძლება,“ – დასძინა მან.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები
თავის მხრივ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან საკითხზე კონსენსუსის მზაობისა, ის „ამ ეტაპზე“ ვერ მოინახა. „შეთანხმება არ არსებობს. ჩვენ ვუჭერთ მხარს აბაშიძე-ბურჯანაძეს, მათ გამორიცხეს ამ ორი კანდიდატისთვის ხმის მიცემა და შემოგვთავაზეს 5 კანდიდატი, ჩვენ ამ ხუთი კანდიდატიდან არცერთს არ ვემხრობით“, – ხაზი გაუსვა მან.
„ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კანდიდატების „მიუღებლობა ნამდვილად არ ტოვებს განცდას, რომ მმართველი პარტია მზად არის ქვეყანას ჰყავდეს ისეთი ომბუდსმენი, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველი იქნება და არა რომელიმე პოლიტიკური მხარის“. „[ორი კანდიდატის] ირგვლივ არის ძალიან ფართო კონსენსუსი, ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში… და მათ აქვთ ყველა ის მონაცემი, რაც სჭირდება სახალხო დამცველს“, – დასძინა მან.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ კომპრომისი მოეთხოვება ქართული ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა „ორივე მოქმედებს არა სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, არამედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“.
„კენჭისყრამდე არის დრო, თუმცა ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ქართული ოცნება აცხადებს, რომ ის კომპრომისისთვის მზად არ არის“, – განაცხადა „რესპუბლიკური“ პარტიის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ.
„გირჩის“ დეპუტატის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით კი – მან მხარეებს კომპრომისის სახით ომბუდსმენად მისივე თანაპარტიელის, იაგო ხვიჩიას არჩევა შესთავაზა „რაღაც დათქმებით და პირობებით“, „მაგრამ ამაზე არ წავიდა წესიერი, საქმიანი საუბარი“.
„ჩემი მეშვეობით ქართული ოცნება კანდიდატებს ვერ გაიყვანს და მე ვის დავუჭერ მხარს და ვის არა, ამას ნახავთ კენჭისყრის დღეს“, – თქვა „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველის ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების ასარჩევად 22-23 დეკემბერს რიგგარეშე საპარლამენტოს სესიის მოწვევის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 19 დეკემბერს მიმართა. თუკი მიმდინარე კვირაში პარლამენტარები ვერ შეთანხმდებიან, სახალხო დამცველის მოვალეობის შესრულებას ომბუდსმენის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე განაგრძობს საგაზაფხულო სესიამდე, სავარაუდოდ, მარტამდე მაინც.
ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო. მოცემული მომენტისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა დამოუკიდებლად არც ქართულ ოცნებას აქვს და არც ოპოზიციას. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი მიმდინარე კვირაში ახალ სახალხო დამცველს ვერ აირჩევს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეუსრულებელი დარჩება.
ამავე თემაზე ასევე წაიკითხეთ:
- 28/10/2022 – რელიგიურ და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები ომბუდსმენის შერჩევის პროცესს ეხმიანებიან
- 21/10/2022 – ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის შერჩევის შესახებ საუბრობს და ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს
- 06/10/2022 – ახალი სახალხო დამცველის მოლოდინში – როგორ აფასებს სამოქალაქო სექტორი პროცესს?
- 14/10/2022 – პარლამენტმა ომბუდსმენობის კანდიდატებზე კომისიის შეფასებები გამოქვეყნა
- 27/09/2022 – არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენობის სამი კანდიდატი წარადგინეს
- 27/09/2022 – ომბუდსმენობის მსურველთა შეფასების ჯგუფის შემადგენლობა ცნობილია
- 09/09/2022 – სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის გამო შეშფოთებულია
- 01/09/2022 – კელი დეგნანის თქმით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს
- 31/08/2022 – მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია ომბუდსმენის კანდიდატურას არ წარადგენს
- 30/09/2022 – პარლამენტმა ომბუდსმენობის მსურველთა სია გამოაქვეყნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)