ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის შერჩევის შესახებ საუბრობს და ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს 

20 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხვა საკითხებთან ერთად სახალხო დამცველის შერჩევის პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიას 2017 წელს „გარემოებებმა“ უბიძგა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ომბუდსმენი“, ნინო ლომჯარია აერჩია. მან პირობა დადო, რომ ამჯერად იგივე აღარ განმეორდება. ლომჯარიას ვადა სახალხო დამცველის პოსტზე 9 დეკემბერს ეწურება. ამჟამად, ახალი კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. 2017 წელს, ნინო ლომჯარია, რომელიც მანამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ქართულმა ოცნებამ წარადგინა და მის კანდიდატურას 13 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი. მაშინ მის არჩევას ნაციონალური მოძრაობა მიემხრო, ხოლო კიდევ ერთმა მსხვილმა ოპოზიციურმა ფრაქციამ, ევროპულმა საქართველომ არ დაუჭირა მხარი. 2017 წელს კანდიდატის წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ, რომელიც იმ დროს პარლამენტის თავმჯდომარე იყო, განაცხადა: „გავითვალისწინეთ გამოცდილება, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, უმრავლესობამ არჩევანი შეაჩერა ლომჯარიაზე“.

კობახიძის განმარტებები 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ როდესაც ქართულმა ოცნებამ 2017 წელს ლომჯარიას კანდიდატურის მხარდაჭერა გადაწყვიტა, „მაშინ რაღაც გარემოებები იყო, რამაც აქეთკენ გვიბიძგა“. „დღეს არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ნაცმოძრაობას დავუთმოთ სახალხო დამცველის ინსტიტუტი“, – დასძინა მან.

კობახიძის თქმით, არსებობს რისკი, რომ ნაციონალური მოძრაობა ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის და ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის საბოტაჟს შეეცადოს, რის გამოც, სახალხო დამცველის არჩევის შანსები 50/50-ზეა. „ამ პუნქტის შესრულება ჩვენ ხელში არანაირად არ არის, გვჭირდება 90 ხმა, თუ ოპოზიციამ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა ეს პუნქტი ვერ შესრულდება“, – აღნიშნა მან.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობას დასაკარგი არაფერი აქვს, პირიქით, თუ ისინი ყველა კანდიდატს ჩააგდებენ, ამ შემთხვევაში რჩება მათი ოფისი, ანუ სახალხო დამცველის ოფისში მთლიანად ჩამოყალიბებულია ნაცმოძრაობის აქტივი“.

„თუ პარლამენტი ვერ მოახერხებს სახალხო დამცველის არჩევას, ამ შემთხვევაში, მოადგილეები და ნაცმოძრაობის აქტივი, ვინც არის სახალხო დამცველის ოფისში, რჩება საკუთარ პოზიციებზე.  ანუ, ისინი სახალხო დამცველის ოფისზე სრულ კონტროლს ინარჩუნებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

რომელ კანდიდატს უჭერს მხარს ქართული ოცნება? 

კითხვაზე – შეარჩია თუ არა მმართველმა პარტიამ კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს? – კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიული კონსულტაციები ჯერ არ დაუწყიათ. თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ არანაირი შიშები არ გვაქვს სახალხო დამცველის კანდიდატურების მიმართ“. „გვაქვს ერთი პრინციპი, სახალხო დამცველი კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს საკუთარ ფუნქციას, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობა. ეს არის მისი კონსტიტუციური ფუნქცია“, – დასძინა „ოცნების“ თავმჯდომარემ.

კობახიძის თქმით, ახალი სახალხო დამცველი „პოლიტიკურად არ უნდა იყოს მიკერძოებული. ეს ჩვენი მოთხოვნები არ არის, ეს არის ობიექტური მოთხოვნები“.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პირადად მისთვის, „არიან ისეთები, რომლებიც აშკარად მიუღებლები [არიან] და არიან ისეთებიც, რომლებიც შეიძლება იყოს  მისაღები… ჩვენ ვერ გავუსწრებთ მოვლენებს, ცხრამეტივე კანდიდატი დასახელდა საბოლოო ჯამში, ცხრამეტივეს მოუსმენს პარლამენტი, შედგება გასაუბრებები და ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენი საჯარო პოზიცია დავაფიქსიროთ“.

ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებული საკითხები 

კობახიძის თქმით, „არ შეიძლება სახალხო დამცველი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც 5 წლის [განმავლობაში] სტუმრობს ერთადერთ პატიმარს და ეს პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი“. სახალხო დამცველის ბოლო ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ომბუდსმენის აპარატმა 2021 წელს თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 100-ობით მონიტორინგის ვიზიტი განახორციელა.

„ასეთი სახალხო დამცველი ჩვენ ნამდვილად აღარ გვინდა იმიტომ, რომ პირდაპირ ჩანს პოლიტიკური მიკერძოება. ასეთ სახალხო დამცველს ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ავირჩევთ“, – დასძინა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ „ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ინსტიტუტებს, მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუტს“, რომელიც ლომჯარიას ხუთწლიანი მმართველობის დროს დაზიანდა, ვინაიდან „ის იყო დაკავებული არა ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობით, არამედ პოლიტიკური ინტერესების გატარებით“. კობახიძემ ლომჯარია საგარეო პოლიტიკაში ჩარევაშიც დაადანაშაულა და გაიმეორა, რომ „ასეთ რაღაცას ბუნებრივია არ დავუშვებთ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button