ახალი ამბები

კელი დეგნანის თქმით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 31 აგვისტოს ჟურნალისტებთან საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევაზე საუბრისას თქვა, რომ ახლა დროა პროცესში რაც შეიძლება მეტი ხმა იყოს ჩართული და ის დახურული არ იყოს.

ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის არჩევა არის „უაღრესად მნიშვნელოვანი“ და „უზარმაზარი შესაძლებლობა“, რომ პარლამენტმა ამ პროცესში უზრუნველყოს სრული ინკლუზიურობა.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას არჩევის პროცესი ძალიან დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

მისივე თქმით, საბოლოოდ, საქართველომ ამ თვალსაზრისით მაღალი შეფასება მიიღო, რადგანაც პროცესში ჩართულნი იყვნენ არასამთავრობოები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ თუკი საქართველოს კვლავაც სურს, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან მიმართებით მაღალი შეფასება შეინარჩუნოს, მან უნდა დაიცვას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, პარიზის პრინციპები და ევროსაბჭოს რეკომენდაციები.

ელჩი დეგნანის თქმით, პროცესის სათანადოდ წარმართვისთვის, არსებობს ბევრი სახელმძღვანელო წესები, რომლითაც საქართველოს შეუძლია რომ იხელმძღვანელოს და საბოლოოდ, შეარჩიოს სახალხო დამცველის ისეთი კანდიდატურა, რომელზეც იქნება საერთო კონსენსუსი და ყველა დაინტერესებული მხარის მიერ აღიარებული.

„გახსოვდეთ, რომ სახალხო დამცველის მთავარი ამოცანა საქართველოს თითოეული მოქალაქის ადამიანის უფლებების დაცვაა“, – ხაზი გაუსვა ელჩმა დეგნანმა და დასძინა, რომ „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაო და [ომბუდსმენი] უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება მიუკერძოებელი, კვალიფიციური და არა მხოლოდ ერთი მხარისთვის, არამედ ყველასთვის მისაღები“.

ვენეციის კომისიის მოსაზრება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ცვლილებებზე

ელჩმა დეგნანმა ყურადღება ასევე გაამახვილა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის გადაუდებელ მოსაზრებაზე, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა კანონის „ნაჩქარევად“ მიღება და ხელისუფლებას მისი გადახედვისკენ მოუწოდა.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის მოსაზრება არის „შესაძლებლობა“ და რომ მასში „მტკიცედ“ და „ნათლად“ იყო, ნათქვამი, რომ საკითხთან მიმართებით „უფრო ინკლუზიური მიდგომა მნიშვნელოვანია“.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ განმარტა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების გაფართოების აუცილებლობის მიზეზები სათანადოდ არ არის ახსნილი და მას მეტი დასაბუთება სჭირდება.

ელჩმა დეგნანმა განმარტა, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება და თავად ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების, სასულიერო პირების, დიპლომატებისა თუ პოლიტიკოსთა სავარაუდო ფარული მიყურადების შესახებ მედიაში გასული წლის სექტემბერში გაჟონილი ინფორმაციის ფონზე.

მანვე განმარტა, რომ კომისიის დასკვნა არის არა საქართველოს კრიტიკა, არამედ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ცვლილებებთან მიმართებით ინკლუზიური პროცესი წარიმართოს, სადაც ყველას ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა, რათა მსჯელობისა და აწონ-დაწონის შედეგად მოხდეს „უკეთესი კანონის“ შემუშავება.

„ვენეციის კომისიის მოსაზრებები და სხვა მსგავსი მაგალითები არის შესაძლებლობა, დავეხმაროთ საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებაში, რათა უზრუნველყოს სამართლებრივი გარანტიები იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა უფლებების დარღვევა…“ – ხაზი გაუსვა ელჩმა დეგნანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button