Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია

საქართველოს პარლამენტმა 22 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია.

დღევანდელ სხდომაზე, რომლის მოწვევის თხოვნითაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 19 დეკემბერს მიმართა, ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატს უყარეს კენჭი, თუმცა საჭირო 90 ვერცერთმა მათგანმა მოაგროვა.

ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი რომ დიდი ალბათობით ჩავარდებოდა, დღევანდელ კენჭისყრამდე უკვე რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი იყო, რადგანაც ქართული ოცნება და ოპოზიცია ომბუდსმენობის საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდებოდნენ.

ოპოზიცია ქართულ ოცნებას არასამთავრობო სექტორის მიერ ნომინირებული კანდიდატების – ანა აბაშიძისა ან გიორგი ბურჯანაძის მხარდაჭერას სთავაზობდა. თავის მხრივ, ქართული ოცნება ოპოზიციას შემდეგი დანარჩენი 5 კანდიდატიდან ერთ-ერთზე შეთანხმებისკენ მოუწოდებდა – ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე და ქეთევან ჩაჩავა.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კანდიდატების მხრიდან პოლიტიკური მიუკერძოებლობის დაცვის შესაძლებლობა გამორიცხა. თავის მხრივ, ოცნების მიერ შეთავაზებული კანდიდატების მხარდაჭერაზე უარი ოპოზიციამაც თქვა. შედეგად, საკითხზე მხარეებს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გაცემული 12-რეკომენდაციიდან ერთ-ერთის თანახმად, „უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა“.

„ქართული ოცნების“ შეფასება

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული კანდიდატების მხარდაჭერაზე უარის მიზეზად მათ „უკან მდგომი მილიონი ამომრჩეველი“ დაასახელა, რომელთათვისაც მისივე თქმით, „ეს ტიპაჟები – [ანა] აბაშიძე, [გიორგი] ბურჯანაძე, [ნაზი] ჯანეზაშვილი არიან ორგანულად მიუღებელი“.

„ჩვენ ხომ პატივი უნდა ვცეთ, პირველ რიგში, ჩვენს მილიონ ამომრჩეველს… ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც მისაღები იქნება, მათ შორის, ჩვენი მილიონი ამომრჩევლისთვის და კეთილი ინებონ [ოპოზიციონერებმა], შემოგვთავაზონ ისეთი კანდიდატების მხარდაჭერა, რომელიც, პირველ რიგში, მისაღები იქნება ჩვენი ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა მან.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილმა „ვერც კი გაბედა“, რომ არასამთავრობოების მიერ დასახელებული კანდიდატების მიღმა „ეფიქრა“. მისივე შეფასებით, „რამდენიმე ენჯეო ცდილობს, [რომ პარლამენტს] თავს მოახვიოს თავისი გადაწყვეტილება, დაასახელოს კანდიდატები და შემდეგ წნეხის ქვეშ ჰყავდეს“.

„განსაკუთრებით ეს ოპოზიციას და პატარა პარტიებს ეხებათ, იმისთვის, რომ ამ კანდიდატების გარდა, სხვაზე არ იყოს მსჯელობა. ეს არის რეალობა ჩემი გადმოსახედიდან“, – ხაზი გაუსვა მან.

ოპოზიციის გამოხმაურება

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ყოველთვის გაურბის. „მათი მიზანი ის კი არ იყო, რომ [ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის სახით გაცემული] 12 პუნქტი შეესრულებინათ, მათი მიზანი იყო კიდევ ერთი ალიბი შეექმნათ და პასუხისმგებლობა ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის ვერშესრულებაზე გადააკისრონ ოპოზიციას“.

„თუ ვინმე არის პასუხისმგებელი სახალხო დამცველის არ არჩევაზე, ერთ-ერთი რეკომენდაციის ჩავარდნაზე, ეს არის „ქართლი ოცნება“, რადგან მათ ბოიკოტი და საბოტაჟი გამოუცხადეს პროცესს“, – თქვა სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ „[ეს კანდიდატურები ჩავარდნილიყო“.

ლელო საქართველოს დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ ოპოზიციისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ უჭერს მხარს „ქართული ოცნება“ მის მიერვე შექმნილი შემფასებელი კომისიის მიერ ომბუდსმენობის „საუკეთესოდ შეფასებულ“ კანდიდატებს. „მაგრამ მოცემულობა მოცემულობაა“, – დასძინა მან.

ამავე თემაზე ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button