Placeholder canvas
ახალი ამბები

კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტს აქებს და უცხოური დაფინანსების საფრთხეებზე საუბრობს

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 22 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი Live-თან“ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დადებით მხარეებზე და ამ კონტექსტში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მანვე უკრაინისადმი საქართველოს მხრიდან გამოხატულ სოლიდარობაზეც გაამახვილა ყურადღება და ოპოზიციის ნაწილის მიერ 24 თებერვალს დაგეგმილი აქციის მიმართ მმართველი გუნდის მოლოდინებზეც ისაუბრა.

„ხალხის ძალის“ კანონპროექტი

  • ფინანსების გამჭვირვალობა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, „უცხოური გავლენების აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე „ჭარბი აჟიოტაჟია“ შექმნილი და მათ 99%-ს, ვინც „კრიტიკულ შენიშვნას გამოთქვამს, ის წაკითხული არ აქვს“. „სინამდვილეში კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – ეს არის გამჭვირვალობა, თუ ვინმე იღებს უცხოური წყაროდან დაფინანსებას, ეს უნდა გახდეს გამჭვირვალე არა ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისათვის“.

მანვე ოპონენტებს კანონპროექტის მიმართ „ზოგადი“ ხასიათის კრიტიკის გამო უსაყვედურა და მათ საგნობრივი დისკუსია მოსთხოვა. „აიღონ ნორმები და კონკრეტულად ერთ ნორმაზე თქვან რა არ მოსწონთ და განვიხილოთ“, – თქვა მან და დასძინა – „ქურდს კუდი ეწვისო, რეალურად ასეთი ვითარება მივიღეთ… ყველაზე მეტად ვინც შფოთავენ, იმათ, მგონი, რომ მართლა კუდი ეწვით“.

მანვე უარყო კანონპროექტის კრიტიკოსთა განცხადება, რომ არასამთავრობო სექტორი „ძალიან გამჭვირვალედ მუშაობს“ და თქვა, რომ ეს არის „ტყუილი“ და „სრული სიყალბე“. „შეგიძლიათ გაეცნოთ ანგარიშებს და [ნახავთ, რომ] აბსოლუტურად ბუნდოვანია ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება კონკრეტული ორგანიზაციების დაფინანსებას… უამრავი წყაროდან, მიმართულებიდან ხდება სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება, ინტერესი არის სხვადასხვა და ამ მიზნების შესახებ საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდება ინფორმაცია“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საქართველოში არასამათავრობო სექტორისა და მედიის მხარდამჭერი ორი – ევროპული და ამერიკული ფონდი კრიტიკულ კონტექსტში რამდენჯერმე ახსენა. კერძოდ, ერთ-ერთ მაგალითად ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესის მშენებლობის „დაბლოკვა“ მოიყვანა და განმარტა, რომ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში „პოლიტიკური ინტერესი“ იკვეთებოდა. „შეიძლება აქ ყოფილიყო იმპორტიორი ქვეყნების ინტერესი, შეიძლება ყოფილიყო რუსული მხარის ინტერესი“.

ამავე კონტექსტში, მანვე კიდევ ერთი ვერსიაც დაამატა და თქვა, რომ ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებში, რომლის მიზანიც „იყო ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტება“, ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც „დემოკრატიის ევროპული ფონდისა“ (EED) და „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) მიერ ფინანსდებოდნენ.

„EED არის ევროკავშირის მიერ შექმნილი ოფიციალური სტრუქტურა, რომლის ბორდის ერთ-ერთი წევრი არის ყოფილი, თუ მოქმედი ევროპარლამენტარი [ჰაიდი] ჰაუტალა, რომელიც პირდაპირ გამოვიდა, მაშინ და მხარი დაუჭირა იმ პროტესტს, რომლის მიზანიც იყო საქართველოში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შეზღუდვა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მანვე EED „ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის“, „ექსტრემისტული“ მოძრაობა „სირცხვილიას“ დაფინანსების გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს ორგანიზაცია შემქნის დღიდან „პირდაპირ იყო ჩართული დესტრუქციულ ქმედებებში“. მისივე თქმით, ფონდი ასევე აფინანსებს „დროას“, რომელიც არის „კიდევ ერთი ექსტრემისტული ორგანიზაცია, ფართო გაგებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შტო“.

„„დროა“ თან არის პოლიტიკური პარტია. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, პარტიის უცხოურ წყაროდან დაფინანსება არ შეიძლება, ეს კატეგორიულად არის აკრძალული. ეს არის ერთგვარი ტრიუკი – შექმნილია ააიპ-ის ფორმით კიდევ ერთი „დროა“, თუმცა ერთი და იგივეა…. მთავარი არის ის, რომ ხდება ექსტრემიზმის და პოლარიზაციის დაფინანსება“, – განაცხადა მან.

კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი ფონდები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აფინანსებენ, რომლებიც რამდენიმე თვის წინ, მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ და „დაპოზიციონირდნენ, როგორც ნაცმოძრაობის დანამატი“.

„ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ბოროტად იყენებენ კონკრეტული სუბიექტები ევროკავშირის წყაროებიდან მიღებულ თანხებს, იმისათვის, რომ გააღვივონ პოლარიზაცია. ამას სჭირდება საზოგადოების რეაქცია“, – თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ „პოლარიზაციის გაღვივება არ შედის საქართველოს ინტერესებში და ევროპული ინტეგრაციის ინტერესებში… ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები სათანადოდ მოეკიდებიან საკითხს, მათთვისაც გამჭვირვალე გახდება მთელი ეს პროცესი“.

  • აგენტის ცნება

რაც შეეხება თავად „აგენტის ცნებას“, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ის „აპრობირებული ტერმინია“ და გადმოტანილია კანონპროექტის ამერიკული ვარიანტიდან. „მეტიც, ეს არ არის პირდაპირი კოპირება, რადგან ამერიკულ ვარიანტში შესაბამის სუბიექტს პირდაპირ ეწოდება „უცხოელი აგენტი , რაც ქმნის სტიგმატიზაციის სერიოზულ რისკს, მაგრამ უცხოური გავლენის აგენტი ნიშნავს საერთოდ სხვა რამეს“, – განაცხადა მან.

კობახიძემ ასევე განმარტა, რომ კანონპროექტი „აწესრიგებს უცხოური გავლენის რეალიზების საკითხებს და არავითარი ფორმით არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას“. „ვიღაცები მინდა დავამშვიდო, რომ ჯაშუშებს ეს არ ეხება. ბევრი ჯაშუში შეშფოთდა ამ კანონით, მაგრამ დავამშვიდებ მათ, რომ სანერვიულო არაფერი აქვთ“, – თქვა მან და ამავე კონტექსტში განაგრძო, რომ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში „ჯაშუშები არიან“, და დაამატა, რომ „საიდან არიან ისინი მართულნი, ვინ არიან და ა.შ. ამას არ ვიტყვი“.

„გეტყვით, რომ [ჯაშუშები] ჩვენს გუნდშიც იყვნენ, თავის დროზე და იყვნენ ჯაშუშის ჯაშუშებიც, აგენტის აგენტები… მარტო ინფორმაციის გატანაზე არ იყო საუბარი, მათ ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე და მძიმედ დააზიანეს ჩვენი გუნდი, მაგრამ ჩვენ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ ამ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობისდროინდელ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს კონკრეტული ადამიანები ჰყავდა გადაბირებული, რომლებიც შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრები გახდნენ. ამის მაგალითებად მან მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი და „ოცნების“ სიით ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია, „ოცნების“ ასევე ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დაასახელა.

„თეორიულად ვერ გამორიცხავ, მაგრამ დღეს გუნდი არის გაწმენდილი აგენტებისგან და ჯაშუშებისგან და ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მიღწევა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ არა „ქართული ოცნების“ გუნდის „პრინციპული ერთიანობა“, ისინი ბოლო წლებში მათ წინაშე წარმოქმნილ სხვადასხვა სახის პრობლემებს ვერ გადალახავდნენ.

ასევე ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ, რომ ინიცირებული კანონპროექტი რუსეთში მოქმედი კანონის იდენტურია, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ „მას არაფერი კავშირი არ აქვს არც რუსულ, არც ამერიკულ [კანონთან] და ორივესგან განსხვავებით, არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან“.

„კორუფცია ევროპარლამენტში“

ირაკლი კობახიძე ბოლო დროს ევროპარლამენტში სავარაუდო „კორუფციული სკანდალების“ შესახებ ცნობებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ „ჩვენ გვაწუხებს ის, რომ ეს კორუფციული პრობლემები პირდაპირ ასახვას ჰპოვებს საქართველოში განვითარებულ პრობლემებზე“. ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ ახსენა „სირცხვილიას“ დაფინანსება და“ ნამახვანის დაბლოკვა“ და ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფერს „აშკარად კორუფციის სუნი ასდის“.

„როცა არაბებისგან ფულის აღებას ეხება ხოლმე საქმე იქ საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს ხოლმე ეს გამოძიებები, მაგრამ როგორც ჩანს, როდესაც ქართული წყაროებიდან შედის ფული, იქ იმდენად სწრაფი არ არის ხოლმე გამოძიება“, – განაცხადა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დასავლურ პრესაში ბიძინა ივანიშვილის წერილის „დაბლოკვის“ შესახებ მისი ადვოკატების ნათქვამიც გაიხსენა და დაამატა, რომ „ის მასშტაბური ცენზურა, რომელიც ხორციელდება დასავლურ მედიასაშუალებებზე, არის შემაშფოთებელი და ეს ჩვენზეც ჰპოვებს ასახვას“. „აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესის საგანი არის, რა თქმა უნდა, ეს კორუფციული სკანდალები, მედიაზე ცენზურა, ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც განიცდის ევროკავშირი დღეს“.

უკრაინის მიმართ სოლიდარობა და 24 თებერვლის აქცია

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის წლისთავთან დაკავშირებით კიევში ქართული საპარლამენტო დელეგაციის არწასვლის გამო ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა და თქვა, რომ მათგან განსხვავებით, მმართველ გუნდს აქვს „ძალიან ძლიერი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და ჩვენი მეგობარი ქვეყნის მიმართ“, თუმცა „ამ ყველაფერს გარკვეულ ბარიერს უქმნის უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურად გაცხადებული პოზიციები“.

ამ კონტექსტში მან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან „მეორე ფრონტისკენ პირდაპირი მოწოდებები“ და საქართველოს მთავრობის მიხეილ სააკაშვილის „წამებით მკვლელობის მცდელობაში“ დადანაშულება დაასახელა. „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად გაწყვეტილი გვაქვს კავშირები და კომუნიკაცია, [მაგრამ], სამწუხაროდ, არის გარკვეული ტიპის ოფიციალური ფორმატები, სადაც მონაწილეობას ამ პირობებში ვერ ვიღებთ“, – განმარტა მან.

მმართველი პარტიის თავჯდომარემ საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინისადმი ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერაც გაიხსენა და დასძინა, რომ ოპონენტები ვერ პასუხობენ კითხვას, „რა არის ის მეტი, რასაც არ ვაკეთებთ“. „რამდენიმეს წამოსცდა, რადიკალური ოპოზიციიდან, რომ ჩვენ უნდა გაგვეგზავნა შეიარაღება უკრაინაში, რაც ნიშნავდა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის მიერ, 24 თებერვალს დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის „განწირულია ფიასკოსთვის“. „შანსი არ არის, რომ ამ აქციას ჰქონდეს წარმატება“, – ხაზი გაუსვა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button