ახალი ამბები

მედია, NGO-ები: უცხოური გავლენის აგენტებზე „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“

300-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ერთობლივი განცხადებით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აღნიშნავს, რომ „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტით, რომელიც განსახილველად კომიტეტებს უკვე გადაეცათ, ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, უცხოელი გავლენების აგენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს.

21 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ხელმომწერები საკანონმდებლო ცვლილებების საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ „ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ“.

მათი განცხადებით, კანონპროექტის მიზანია: დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები. არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ხელმომწერები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი „არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია“ სწავლობს და ასაჯაროებს.

მათივე თქმით, კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა „მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე“ და სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს“.

„რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სხვებთან ერთად, ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის ასევე არიან: „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ (Civil.ge/„სამოქალაქო საქართველოს“ დამფუძნებელი); „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია); „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); ასევე სხვადასხვა პლატფორმის მედიასაშუალებები: „ნეტგაზეთი“; „პუბლიკა“; რადიო „ძველი ქალაქი“; „რადიო თავისუფლება“; რადიო „მარნეული“ და სხვ.

შენიშვნა: ერთობლივ განცხადებას 2023 წლის 22 თებერვლის 11:30 სთ-ის მდგომარეობით 300-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და მათი რაოდენობა მზარდია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button