skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნება, ოპოზიცია და აქტივისტები „დროებითი მთავრობის“ იდეაზე მსჯელობენ

ახლად შექმნილმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ“ 24 ივნისს გამართულ პროევროპულ აქციაზე საქართველოს პრემიერმინისტრსა და მის მთავრობას გადადგომისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა. სანაცვლოდ, აქტივისტებმა „ეროვნული თანხმობით“, დროებითი, „ტექნიკური მთავრობის“ ფორმირება მოითხოვეს. მომდევნო აქცია 3 ივლისს არის დაგეგმილი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, „არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“.

ბოლო დღეებია, აქციის მოთხოვნების მიზანშეწონილობასა და ლეგიტიმურობაზე დისკუსია მიმდინარეობს. ქვემოთ საკითხზე მმართველი გუნდის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მოსაზრებებია მოცემული:

ოპოზიციის შეფასება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მთლიანობაში იდეას მიესალმა, თუმცა უფრო მეტი სიცხადისთვის მცირეოდენი დაზუსტებები შეიტანა.

მისი თქმით, ივანიშვილმა ახალი, „ოლიგარქის მიერ კონტროლირებადი“ მთავრობა კი არ უნდა წარმოადგინოს, არამედ „უნდა აირჩეს ეროვნული თანხმობის მთავრობა“.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, დროებითმა გარდამავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია, რათა „დეკემბერში მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატობა“. „როდესაც ეს პროცესი დასრულდება, რეფორმირებულ საარჩევნო გარემოში უნდა გაგრძელდეს პროცესი, მათ შორის ახალი არჩევნებით“.

მისივე მოსაზრებით, ეროვნული თანხმობის მთავრობას მხარს უნდა უჭერდეს „საერთო-სახალხო მოძრაობაც, ოპოზიციაც და დათანხმდეს ივანიშვილიც“. მისი წევრები უნდა იყვნენ კონკრეტული დარგის აღიარებული სპეციალისტები, საერთაშორისო აღიარებითა და მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით.

ლელო საქართველოსთვის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ „დაუყოვნებლივ“ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები „ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად“.

„თუ დღეს ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, ვერ იპოვნის გამოსავალს შექმნილი კრიზისიდან, საფრთხე, რომ დეპოლარიზაციის ნაცვლად, ქვეყანაში გაღრმავდეს განხეთქილება, რეალურია“, – განაცხადეს ლელოში და დასძინეს, რომ თუ ქართული ოცნება უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე, „ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება“.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ქართული ოცნებისთვის „ერთადერთი გამოსავალი არის, დათანხმდეს საზოგადოების მოთხოვნას ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნასა და 12 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის რეალიზებასთან დაკავშირებით“.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს „სრული მხარდაჭერა“ აქვს ევროპელი პარტნიორების მხრიდან და „3 ივლისამდე, არის ვადა ქართული ოცნებისთვის, რომ ნაბიჯები გადადგას დეპოლარიზებისთვის“.

პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ „არასერიოზული და საზიანოა, ნებისმიერი ჯგუფის მიერ, საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა“.

„ქვეყნის მართვა, ძალაუფლების განხორციელება, ქვეყნის ტრანსფორმაცია მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად ამომრჩევლების მანდატის მქონე მთავრობას, ანუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ გუნდს შეუძლია“, – განაცხადა მან.

„ასევე შესაძლებელია, ამ ფიგურების მონაწილეობით, ფართო კონსესუსის საფუძველზე ე. წ. ტექნიკური, დროებითი მთავრობა შეიქმნას და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაევალოს, მას შემდეგ, რაც საყოველთაო პროტესტი ივანიშვილის რეჟიმს მოარყევს“, – დასძინა ბოკერიამ.

სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნებს „სრული მხარდაჭერა“ გამოუცხადა, დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და განაცხადა, რომ „ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი, კრიტიკული მომენტი როცა სამოქალაქო საზოგადოებამ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი, ჩვენი ევროპული მომავალი“.

მისივე შეფასებით, „ამ ბრძოლაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი [კომპონენტი] არის დეოლიგარქიზაციის პროცესი“, რის გარეშეც საქართველოს არ აქვს „არც პერსპექტივა“ და „არც ევროპული მომავალი“.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. მანამდე ევროკომისიამ 12 რეკომენდაცია გასცა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპელი ლიდერები მხოლოდ მათი შესრულების შემდეგ იმსჯელებენ.

ქართული ოცნების გამოხმაურება

ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსთან“ საუბარში, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის გადადგომის შესახებ მოთხოვნა „კონსტიტუციური ლოგიკიდან“ გადახვევაა, რასაც მმართველი გუნდი არ დაუშვებს.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ ბოლო 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად, ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან მიიღო.

„ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ის, რომ ქართული ოცნება უნდა მართავდეს ამ ქვეყანას, ეს არის კონსტიტუციური წესრიგი და მისი ლოგიკა, რომლის საფუძველზეც დღეს იმართება ჩვენი ქვეყანა საქართველოს მთავრობის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი“, – ხაზი გაუსვა მან.

„რიგი პოლიტიკური ჯგუფებისა, მათ შორის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციისა დაუბრუნდა 2020 წლის პოსტსაარჩევნო მდგომარეობას. იმავე სახეებს ვხედავთ იმავე მოწოდებებით. პოლიტიკური ჯგუფებია, თუ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც არ სურთ, „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგი პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ მთავრობა ხალხის გადაწყვეტილებით კი არ უნდა დაკომპლექტდეს, არამედ „ისე, როგორც ამას ჩათვლის საჭიროდ რამდენიმე თვითგამოცხადებული დემოკრატიული ელიტის წარმომადგენელი“.

მანვე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი „ნეიტრალიტეტის პრინციპის“ დარღვევის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ „დიდი ხანია, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია მონაწილეა პოლიტიკის ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად ორგანიზებული არ არიან“.

აქტივისტების განმარტებები

„არცერთი ადამიანი, ვინც საერთო სახალხო მოძრაობის სახელით საზოგადოებას ვესაუბრებით, არ ვიბრძვით სკამებისთვის. ჩვენ ვიბრძვით არა ჩვენი, არამედ ხალხის ძალაუფლებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი მთავრობა ჩვენ წარმოგვადგენდეს და არა ოლიგარქს“, – განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, შოთა დიღმელაშვილმა, რომელიც პროევროპული აქციების ორგანიზატორიცაა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „ეროვნული ერთობის მთავრობა უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების დროებითი ერთობა, შექმნილი ერთადერთი მიზნით – მშვიდობიანად და აუცილებელი რეფორმებით ატაროს ქვეყანა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელი ვადის მანძილზე“.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ადვოკატებმა – სოფო ვერძეულმა და ვახუშტი მენაბდემ ანალიტიკური პლატფორმა „კომენტარისთვის“ ჩაწერილ ვიდეოში ახსნეს, რომ „ტექნიკური მთავრობა“ ხელისუფლების ცვლილებას არ ნიშნავს.

კერძოდ, მათი განმარტებით, ნეიტრალურ ადამიანებზე, რომელთაც უნდა შეასრულონ „კონკრეტული ამოცანა“, არსებული საპარლამენტო პარტიები თანხმდებიან და არ ტარდება რიგგარეშე არჩევნები, რაც დამატებითი პოლარიზაციის წყარო შეიძლება ყოფილიყო.

მათივე თქმით, აღნიშნული მოდელი არ გამოიწვევს დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალებასა, რადგანაც ეს არის პოლიტიკურ ძალებს შორის ტექნიკური შეთანხმება.

მათივე განმარტებით, შემოთავაზებული მოდელი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რამდენადაც ტექნიკურ მთავრობას ნდობას მოქმედი პარლამენტი უცხადებს.

„ტექნიკური მთავრობა მთავარი მიზნის მიღწევის შემდეგ, ძალაუფლებას დაუბრუნებს მმართველ გუნდს“, – აცხადებენ ისინი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button