ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ხელისუფლებას სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანისკენ მოუწოდებენ
130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირი 23 დეკემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ხელისუფლებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამომ, სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანისკენ მოუწოდებენ.
„როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის, ისე ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი წამებით სიკვდილით დასრულდება“, – აცხადებენ ისინი.
მათივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის „წამებით მოკვდინების აქტი არის უკანონობა, დანაშაული და საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას“.
ხელმომწერები ხაზგასმით განმარტავენ, რომ არ განიხილავენ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს, უბრალოდ ხაზს უსვამენ, რომ „[საქართველოს] კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა“.
- 01/12/2022 – მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს
„ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან. პრეზიდენტ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, წამებით მოკვდინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს“, – აცხადებენ ისინი.
იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი „იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ“, განცხადების ავტორების „მისი ღირსების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობას“ სწორედ ხელისუფლებას აკისრებენ.
მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში „წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები“ და „ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოვეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი“.
„[ამასთან], გაღრმავდება კითხვები საერთაშორისო თანამეგობრობაშიც: არიან კი ქართველები იმ ერთა სიაში, რომელებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობის პრინციპებს და ძალუძთ დემოკრატიულად ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლა და პოლიტიკური დევნის გარეშე თანაარსებობა“, – აცხადებენ ხელმომწერები.
ისინი რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის „გმირულ ბრძოლაზეც“ ამახვილებენ ყურადღებას და სვამენ კითხვას – „[თუ] როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენ მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის “პირად მტერს”, ციხეში წამებით მოკლავს?“.
„ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწრაფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე“, – აცხადებენ ხელმომწერები და საზოგადოებას ამ მიზნით გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/12/2022 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის მკურნალობაზე
- 20/12/2022 – ვოლოდიმირ ზელენსკი ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)