
მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს ჩატარდება
22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი განიხილებოდა. ამჯერად, სხდომას დისტანციურად, მცირე ხნით, თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო კლინიკა „ვივამედიდან“. მომდევნო სასამართლოს პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.
საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილმა 14 დეკემბერს მისსავე სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო, ვინაიდან სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ ჩართვისთვის საჭირო ტექნიკური მხარის მოწესრიგება ვერ მოახერხეს, ექიმებმა კი – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოფილი პრეზიდენტის სასამართლომდე ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება ამერიკელმა ფსიქიატრმა, ერიკ გოლდსმიტმა მისცა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს. გოლდსმიტმა გამორიცხა სააკაშვილის მიერ სიმულაციური ქმედებების შესაძლებლობა.
პოლიტიკური გამოხმაურება
სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი „სიმულაციაში“ დაადანაშაულა. „ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, სიმულაციასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„თქვენც გჯერათ, რომ იმდენად მძიმეა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, რომ თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა? მე ეს არ მჯერა და არ სჯერა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას“, – თქვა, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მოატყუოს საზოგადოება, რომელმაც იგი „კიდევ ერთხელ ამხილა სიმულაციაში“.
თავის მხრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია სასამართლო მოსმენების პროცესი სწრაფად დასრულდეს. „როგორც უსამართლო გადაწყვეტილება იქნება საზიანო, ასევე საზიანო იქნება დროში გაწელვა ამ პროცესის, თუნდაც სწორი გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი. მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი. ტექნიკურად წლის ბოლომდე შესაძლებელია პროცესები დასრულდეს. გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის შეიძლება მოსამართლეს 2-3 დღე დასჭირდეს. პროცესების დასრულება თავისუფლად შესაძლებელია წლის ბოლომდე“, – აღნიშნა მან.
„თუ დავრწმუნდით, რომ პროცესები განზრახ იწელება, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. დროში გაწელვა იწევს ადამიანის მოკვდინებას“, – დასძინა მან.
- 21/12/2022 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის მკურნალობაზე
- 20/12/2022 – ვოლოდიმირ ზელენსკი ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც გამოეხმაურა Twitter-ით და თქვა – „ბოლოს, როდესაც სააკაშვილს შევხვდი, ის ჯანმრთელი კაცი იყო. ასე გამოიყურება ის ახლა, ქართულ ციხეში დაახლოებით ერთწლიანი ყოფნის შემდეგ. თითოეული პატიმრის, მათ შორის, სააკაშვილის კარგად ყოფნა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“.
?? Last time I met Mikheil #Saakashvili he was a healthy man. This is how he looks today a bit over a year in a Georgian prison. The well-being of every prisoner including Saakashvili is a responsibility of the Government of #Georgia. pic.twitter.com/XY6fbhnfNy
— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) December 22, 2022
ასევე წაიკითხეთ:
- 14/12/2022 – სასამართლო მოსმენაზე არდაშვების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
- 14/12/2022 – სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)