რესპუბლიკა 100

წითელი არმიის წინააღმდეგ საქართველოს წარმატებული ბრძოლის ისტორია

Tags

1920 წლის გაზაფხულისთვის რუსეთის სამოქალაქო ომში ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს. წითელი არმიის ნაწილები კავკასიას მოადგა.

ჩრდილო კავკასიაში მთიელთა რესპუბლიკისა და დენიკინის მოხალისეთა არმიის (თეთრების) მიერ დაკავებულ რეგიონებზე კონტროლის დაწესების შემდეგ 1920 წლის აპრილში წითელი არმიის ნაწილების თავმოყრა აზერბაიჯან-რუსეთის სასაზღვრო ზოლში დაიწყო.

ნავთობით მდიდარი ბაქო წითელი არმიისათვის უპირველესი სამიზნე იყო. სათავისო სარგებლის გარდა იმიტომაც, რომ მათზე ბრიტანელების კონტროლი არ დაეშვათ.

ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ძალების დიდი ნაწილი სომხეთთან ომში იყო ჩართული. ამასთან, აზერბაიჯანის პოლიტიკური სპექტრის ნაწილი თანაუგრძნობდა საბჭოთა ხელისუფლებას.

1920 წლის 27 აპრილს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის ნაწილებმა გადალახეს აზერბაიჯანის საზღვარი და ჩქაროსნული მატარებლის სიჩქარით აიღეს ბაქო. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თბილისს ბოლო წამს კი სთხოვა 1919 წელს გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ჯარი მიეშველებინა, თუმცა თბილისის მხრიდან ამგვარი ნაბიჯის გადადგმა უაზრო რისკი იქნებოდა: აზერბაიჯანის ძალები საბჭოთა ინტერვენციის პირველ დღეებში ფაქტობრივად წინააღმდეგობას არ უწევდნენ წითელი არმიის ნაწილებს. დახმარების მომთხოვნი ხელისუფლების ნაწილი უკვე დაკავებული იყო, ნაწილი კი – საბჭოთა მხარეს გადასული.

ბაქოს აღებამ დასავლეთის ძალებს, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთს, ბაქო-ბათუმის სტრატეგიული მიმართულების გაკონტროლების იმედი მოუშალა და რეგიონის დამოუკიდებლობისადმი პრაგმატული ინტერესიც გაუნელა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად დიპლომატიურ ფრონტზე მუშაობა იყო საჭირო. მართალია პარიზის კონფერენციამ საქართველო დე ფაქტო დამოუკიდებლად უკვე აღიარა, მაგრამ ახლა დე იურე აღიარება იყო მოსაპოვებელი. ამის წინაპირობა, ევროპული დედაქალაქების ხედვით, რუსეთის მხრიდან ოფიციალურად ცნობა იყო.

სწორედ ამ მიზნით, 1920 წლის აპრილის მეორე ნახევარში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოსკოვში, საბჭოთა ხელისუფლებასთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გასაფორმებლად საიდუმლოდ გაგზავნა დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ურატაძე.

დიპლომატიური მოლაპარაკებების პარალელურად, ცხადი იყო რომ თავდაცვის ზომები იყო მისაღები. ბაქოს მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებამ თავდაცვის საბჭო შექმნა, აღმოსავლეთ საქართველოში შემოიღო სამხედრო რეჟიმი და მოქალაქეთა მობილიზაცია გამოაცხადა.

ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციისათვის აქტიურად არწმუნებდა მოქალაქეებს, რომ საქართველოს საბჭოთა რუსეთიდან და ქემალისტური თურქეთიდან საფრთხე მოელოდა, რომ ეს ორი ძალა ამიერკავკასიაში შეთანხმებულად მოქმედებდა.

1920 წლის 2 მაისს ადგილობრივმა ბოლშევიკებმა თავდასხმა მოაწყვეს თბილისში მდებარე სამხედრო სკოლაზე. იუნკერებმა თავდამსხმელები მოიგერიეს, რომლებიც უჩვეულო სისწრაფითა და სისასტიკით დასაჯეს – მსწრაფლვე დახვრიტეს.

მალევე, პირველი შეტაკებები დაიწყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. გენერალური შტაბი არ მოელოდა უმოკლეს დროში წითელი არმიის საქართველოს საზღვრებთან თავმოყრას. საზღვარზე მხოლოდ მოდარაჯე ჯარის მცირე ნაწილები იდგნენ. პირველი შემოტევების შედეგად წითელი არმიის ნაწილები საქართველოს საზღვრებში წითელი ხიდის მიმართულებიდან შემოვიდნენ. მთავრობამ უმოკლეს ვადებში ფრონტზე გადაისროლა სახალხო გვარდიის ნაწილები. გვარდიამ მალევე შეძლო შეტევაზე გადასვლა და მტერს უკან დაახევინა.

1920 წლის 7 მაისს მოსკოვში გრიგოლ ურატაძემ და საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილემ ლევ კარახანმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის ძალითაც რუსეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, სოხუმისა და ბათუმის ოლქების შემადგენლობით.

სამშვიდობო შეთანხმების პარალელურად, 1920 წლის 7 მაისიდან გრძელდებოდა სამხედრო შეტაკებები საქართველოს სამხედრო ძალებსა და საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის ნაწილებს შორის, რომლებიც თავს საბჭოთა აზერბაიჯანის სამხედრო ძალებად აცხადებდა.

საქართველოს სახალხო გვარდიამ აქტიური მოქმედებების წყალობით ომის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ მოწინააღმდეგის ძალები სახელმწიფოს საზღვრებიდან გააძევა. 15-16 მაისს  მტერი კონტრშეტევაზე გადმოვიდა, თუმცა მცირედი წარმატების შემდეგ კვლავ საქართველოს სამხედრო ძალებთან ბრძოლებში მარცხი განიცადა. მომდევნო დღეებში ქართული ძალები აგრძელებდნენ წინსვლას საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

1920 წლის 21 მაისს სამხედრო მოქმედებები საბოლოოდ შეჩერდა, საბჭოთა აზერბაიჯანმა სამშვიდობო ზავის ჩამოგდება მოითხოვა. ამჯერად საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საბჭოთა წითელ არმიასთან ბრძოლაში.

ქართველი სამხედროების ნაწილი ზავის დადების წინააღმდეგი იყო და მოითხოვდა ნებართვას ბრძოლის გაგრძელებისათვის. თუმცა გენერალური შტაბის ცნობით ქართული ჯარი ტყვია-წამლის მწვავე დეფიციტს განიცდიდა და შეუძლებელი იყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების ხანგრძლივად წარმოება.

ამავე დროს მთავრობის მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, ევროპის სახელმწიფოები თავს იკავებდნენ საქართველოსათვის სამხედრო მასალებისა და შეიარაღების მიწოდებისაგან.

ისტორიკოსთა ნაწილს სამხედრო სამინისტროსა და გენერალური შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ მიუხედავად წარმატებული მობილიზაციის შედეგად თავმოყრილი ადამიანური რესურსისა, იმ პერიოდში სამხედრო საცავებში არსებული საბრძოლო მასალების რეზერვებით წარმოუდგენელი იყო მთელი აზერბაიჯანის გაწმენდა წითელი არმიის ნაწილებისგან, ხოლო მხოლოდ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე რეგიონების დაკავება არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი არ იყო.

ამჯერად საქართველომ მცირე ხნით ამოისუნთქა. დაპირისპირებამ უხილავ ფრონტსა და იატაკქვეშეთში გადაინაცვლა. ქართული სპეცსამსახურები ციხიდან 7 მაისის ხელშეკრულების საფასურად გამოშვებულ ბოლშევიკების ციხეში უკან შებრუნებას ლამობდნენ.

ეს კი უკვე ცალკე დეტექტიური ისტორიაა, რომელსაც აქ წაიკითხავთ:

მსგავსი/Related

Back to top button